სიახლეები

ლიპარტიამ ევროპა დაგეგმა

გაუზიარე
ლუგანსკის ზორია უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრეს კარგად რომ ატარებს და ევროპის ლიგაზე თამაშისთვის რომ იბრძვის, ამაში თავისი წვლილი ლუგანსკელთა ქართველ ლეგიონერს ჯაბა ლიპარტიასაც მიუძღვის, რომელსაც გუშინ უკრაინაში დავუკავშირდით.

ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე მეოთხე ადგილზე ხართ, რაც ზორიასთვის კარგი შედეგია. არადა, ჩემპიონატის დასაწყისში ბევრი არც ფიქრობდა, ევროსაგზურისთვის თუ იბრძოლებდით...

მეორე წრეში მართლაც უკეთ ავთამაშდით და სატურნირო ცხრილშიც დავწინაურდით, მაგრამ ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის და მთავარი თამაშები წინაა. მიზანი უკვე აშკარაა _ ევროპის ლიგაზე თამაში.

ბოლო ტურში კი, შახტართან უშანსოდ წააგეთ.

არადა, შეხვედრის დასაწყისშივე დავწინაურდით და თითქმის მთელ პირველ ტაიმში დონეცკელებს არაფერს ვუთმობდით, ტაიმის ბოლოს კი საწყენი გოლი გავუშვით, რამაც, ეტყობა, გაგვტეხა და მეორე ტაიმში შახტარმა აშკარად გვაჯობა, თუმცა, ჩემი აზრით, 1:4 მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

კალენდარს თუ გადავხედავთ, დნიპროსთან სტუმრად შეხვედრის გარდა, ყველა მატჩში ფავორიტად ზორია ჩანს.

ერთი მხრივ, ეს ასეა და კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ახლა ზორიას წინააღმდეგ ყველა მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშობს და იოლი შეხვედრები გამორიცხულია. ახლა მთავარია, გადამწყვეტ ეტაპზე ნერვიულობამ არ შეგვბორკოს, ისე კი, ვფიქრობ, მეოთხე პოზიციას აუცილებლად შევინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა, ხელს ის ფაქტორიც გიშლით, რომ ზორია საშინაო შეხვედრებს ლუგანსკში ვერ ატარებს.

ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ქვეყანაში ომია და სხვა გზა არაა, დროებით სხვაგან გვიწევს მეტოქეების მიღება. თანაც, მარტო ზორია არაა ამ დღეში და ამის გამო წუწუნს ნამდვილად არ ვაპირებთ.

დღევანდელი მძიმე დრო უკრაინის ჩემპიონატს, ცხადია, ძალიან დაეტყობოდა...

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომია, სხვანაირად არც იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქმე  არც ისე ტრაგიკულადაა, უკრაინის ნაკრები გაცილებით უკეთ ათამაშდა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებამდე ცოტა დააკლდა _ ფლეი ოფში წააგო საფრანგეთთან, ახლა კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი აქვს.

უკრაინის ჩემპიონატის დონეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში კიევის დინამო და დნიპრო ასპარეზობენ და ნახევარფინალში გასვლის შანსიც აქვთ.

თანაც, მეოთხედფინალამდე დნიპრომ აიაქსი გააგდო, კიეველებმა კი ევერტონს არ დაუტოვეს შანსი. იმედი მაქვს, ნახევარფინალში ერთ-ერთი მაინც გავა. სხვათა შორის, შახტარმაც ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთული ჯგუფური ბარიერი დაძლია, შემდეგ კი ბაიერნთან განადგურდა. ევროტურნირებზე უკრაინულ გუნდებს შეუძლიათ, ნებისმიერი ქვეყნის კლუბებს გაუწიონ ღირსეული წინააღმდეგობა.

ზორიაში შენ გარდა მხოლოდ ორი ლეგიონერია ხორვატი მეკარე და სერბი ნახევარმცველი. კლუბის ხელმძღვანელობა აქცენტს ძირითადად უკრაინელებზე აკეთებს?

ამაზე საგანგებოდ ყურადღება არასოდეს გაუმახვილებიათ, უბრალოდ, გუნდში ის ფეხბურთელები მოჰყავთ, ვინც ზორიას სჭირდება. ჩემსავით ლეგიონერებზე კი იმას ვიტყვი, რომ სანტინი საკმაოდ გამოცდილი და სტაბილური მეკარეა, ლიუბენოვიჩი კი უკვე 33 წლისაა, მაგრამ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია.

ზორიას მთავარ მწვრთნელ იური ვერნიდუბზე რას იტყვი?

ახალგაზრდა მწვრთნელია, ძალიან ენერგიული, ფეხბურთით ცხოვრობს. მენდობა და ვცდილობ, გავუმართლო. 

საკმაო ხანია, ზორიაში ხარ და ამ გუნდში შენი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცე. კარიერის სხვაგან გაგრძელება არ გსურს?

უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი, ჩემი გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის, ასე რომ, სხვა რამეზე ახლა არც კი ვფიქრობ. დასრულდება სეზონი და გამოჩნდება, რა და როგორ იქნება. შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერ მაინც სეზონის დასრულებას ველოდები. ისე კი, ზორიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავ: გაქვს იმედი, რომ ეროვნული გუნდში თამაშს შეძლებ?

პირველ რიგში, კახა ცხადაძეს ვუსურვებ წარმატებას, რადგან მისი წარმატება ქართულ ფეხბურთს დააწინაურებს. მართალია, გერმანელებმა აშკარად გვაჯობეს, მაგრამ მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ ბრძოლას ნებისმიერ მეტოქესთან აღარ ვუფრთხით. მე კი ვეცდები, კლუბში კარგი თამაშით დავიმსახურო ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღება.

პაატა ძნელაძე