სიახლეები

მადრიდული გაკვეთილები

გაუზიარე

რეალის ვარჯიშზე ისეთი სიჩუმეა, რომ იტყვიან, ბუზის გაფრენის ხმას გაიგებ. ატლეტიკოში კი, პირიქით _ ხმაური და ყაყანია, _ შოთა არველაძემ ეს ესპანეთიდან, უფრო ზუსტად, მადრიდიდან გვითხრა, სადაც ის უკვე ერთი კვირაა, იმყოფება. ქართველი მწვრთნელი ჯერ უდიადეს რეალს სტუმრობდა, ახლა კი ატლეტიკოს მიაშურა. 
შოთა არველაძე თურქული ქასიმფაშადან წასვლის შემდეგ დაუსაქმებელია და ახალი სეზონისთვის ახალი კლუბებისგან წინადადებებს ელის. იქამდე კი ცოდნას მადრიდის ამ ორ სახელოვან გუნდში იღრმავებს და ,,ჩვენს თამაშს” ეუბნება:

პირველ ყოვლისა, მსურს, მადლობა ვუთხრა ესპანეთში საქართველოს ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ვისი დახმარებითაც ვარ ახლა აქ. მადრიდში ჩამოსვლის პირველი სამი დღე რეალის ბანაკში გავატარე. დავესწარი მატჩისწინა ვარჯიშს, მატჩს და აღდგენით ვარჯშს. ახლა კი, ატლეტიკოსთან ერთად ვარ და ისეთივე გრაფიკი მაქვს _ მატჩისწინა ვარჯიში, მატჩი და მატჩისშემდგომი აღდგენითი ვარჯიში. აღდგენას ვამბობ, თორემ კალენდარი ისეთი გადატვირთულია და მატჩები ერთმანეთზე ისეა მიწყობილი, ვერც ერთი გუნდი ძალების სრულად აღდგენას ვერ ასწრებს. ჩემთვის სწორედ ის იყო საინტერესო, მატჩიდან მატჩამდე არსებულ მცირე მონაკვეთში რა და როგორ ხდება. მომდევნო მატჩისთვის მზადება, ფაქტობრივად, წინა მატჩის დამთავრებისთანავე იწყება. წინა უქმეებზე პრიმერადივიზიონის რეალი-მალაგას მატჩს დავესწარი, შუა კვირაში კი რეალი-ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვიქნები.   

ამბობენ, საფეხბურთო თვალსაზრისით, რეალი სხვა გალაქტიკააო. მართლა ასეა?

ცხადია, რეალი უდიდესი კლუბია და იქ შეძენილი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ძალიან გამომადგება. ინფრასტრუქტურით დაწყებული, ვარჯიშით დამთავრებული, რეალში ყველაფერი საოცრებაა. აღარაფერს ვამბობ ტოპ-კლასის ფეხბურთელებზე, რომლებიც რეალში მრავლად არიან. 

მართალია, რომ რეალის ვარჯიშებს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ ატარებს, მას ფეხბურთელებთან მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს და მოთამაშეებამდე მისი სიტყვები თანაშემწეს მიაქვსო?

არა, არ არის მართალი. რეალში ვარჯიშს სწორედ კარლო ანჩელოტი უძღვება და როგორც შევატყვე, ფეხბურთელებთანაც საკმაოდ ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. სხვათა შორის, გუნდის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ მწვრთნელისა და ფეხბურთელების კარგი ურთიერთობაა. ეს წარმატების აუცილებელი პირობაა. რეალში ამბობენ, რომ ამ კლუბის მწვრთნელად ფაბიო კაპელოს დარი მწვრთნელი მეორედ აღარ მოვაო... 

რეალში ფეხბურთელებსა და გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე რას ამბობენ? 

ეს ის გუნდია, სადაც ფეხბურთელს ვერ გაზრდი, რეალი და მისი დონის სხვა რამდენიმე კლუბი უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ყიდულობს, ასეთ გუნდებში ფეხბურთელები ვარსკვლავები ხდებიან. რეალში ფეხბურთელის გაზრდის დრო არ არის, აქ მთავარი უმაღლესი შედეგის დაუყოვნებლივ მიღწევაა. აქ სიტყვები ,,ხვალ” და ,,მერე” არ არსებობს, რეალს ყველაფრის მოგება ,,ახლავე” სურს.

ანჩელოტის პირისპირ შეხვდი?

შევხვდი, ოღონდ უფრო ხშირი კონტაქტი მის თანაშემწესთან, ფერნანდო იეროსთან მქონდა. 

რეალისა და ატლეტიკოს ვარჯიშებს შორის დიდი სხვაობა?

რეალის ვარჯიშზე ისეთი სიწყნარეა, რომ იტყვიან, ბუზის გაფრენის ხმა ისმის. ატლეტიკოში კი ხმაური და ყაყანია, თუმცა ყველა თავის საქმეს ზუსტად და ბოლომდე ასრულებს. ანჩელოტისა და დიეგო სიმეონეს საფეხბურთო ფილოსოფიაც, ცხადია, განსხვავდება. არგენტინელი მწვრთნელი წარმატებისკენ სხვა გზით მიდის, იტალიელი _ სხვა გზით, თუმცა ფაქტია, რომ ორივე დიდი მწვრთნელია. 

რეალში, ახლა კი, ატლეტიკოში ყოფნისას ყველაზე მნიშვნელოვანი რა ჩაინიშნე?

მადრიდში მიღებულ ცოდნაზე მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როცა მუშაობას დავიწყებ. ჩემი ჩანიშნულის ეფექტურობა ახალ გუნდში გამოჩნდება. ჩავინიშნე  წვრთნის პროცესის მიმდინარეობა, საინტერესო იყო, როგორ იგეგმებოდა ვარჯიშები რეალსა და ატლეტიკოში, რიტმის ცვალებადობა, მეტოქის შესწავლა... თუმცა, ერთხელაც ვიტყვი, მადრიდში ნანახის ეფექტურობა მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა რეალსა თუ ატლეტიკოში მიღებული გამოცდილების გამოყენებას ახალ გუნდში მუშაობისას შევეცდები.

სიმეონეს აქამდეც ხომ იცნობდი?

კი, სიმეონეს წინააღმდეგ მითამაშია კიდეც, იერო კი ჩემზე უფროსია, მოედანზე ერთად ყოფნამ არ მოგვიწია, თუმცა ვიცნობ და საკმაოდ თბილადაც მიმიღო. სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. 

კობა ინასარიძე