სიახლეები

უმაღლესი ლიგის კლუბები სამუშაო შეხვედრაზე სფფ-ში შეიკრიბნენ

გაუზიარე

დღეს, სფფ-ის ოფისში სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებისა და სფფ-ის ხელმძღვანელებმა.  შეხვედრას 15 კლუბის პრეზიდენტი და დირექტორი ესწრებოდა. მხოლოდ „სამტრედიას“ წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მოსვლა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. შეკრებილებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ისაუბრეს „ზესტაფონში“ შექმნილ ვითარებაზე და მოუსმინეს კლუბის დირექტორს - მიხეილ ხუციშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.

ამასთან, სფფ-ის შეთავაზებას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გუნდებისთვის დაწესდეს საპრიზო ფონდი, კლუბების ხელმძღვანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გუნდი ფულადი პრემიის სახით ფედერაციისგან 250 ათას ლარს მიიღებს. მეორე ადგილოსანი  - 150 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასული კი - 100 ათას ლარს.

რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებულს, ის ფედერაციისგან 100 ათას ლარს მიიღებს.

 

სფფ-ის პრესსამსახური