სიახლეები

დედამიწის საერთაშორისო დღე "ბასაზე"

გაუზიარე

გუშინ, 22 აპრილს, მსოფლიომ აღნიშნა დედამიწის დღე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაც შეურთდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიის ორივე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა არჩილ არველაძემ და ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ. 

ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები პატარა ფეხბურთელებს ამ დღის და, ზოგადად, ეკოლოგიური სისუფთავის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. რა თქმა უნდა, სიტყვა ცხოვრების ჯანსაღ წესზეც ჩამოვარდა. საუბარმა დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა და აკადემიის აღსაზრდელებში დიდი ინტერესი გამოიწვია: არჩილ არველაძე და გიორგი ლორია ხომ ის ფეხბურთელები არიან, რომელთა გზის გავლაზე ყველა მოზარდი ფეხბურთელი ოცნებობს.

ეს დღე მოზარდებისთვის დასამახსოვრებელი იმითაც იქნება, რომ ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე პატარა ფეხბურთელებს არჩილ არველაძემ და გიორგი ლორიამ რჩევა-დარიგებებიც მისცეს და ავტოგრაფებიც, მერე კი ნანატრი ფოტოსესიის დროც დადგა.

გადაწყდა, რომ მომავალში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საზოგადოებრივ პროექტებში მონაწილეობას აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ. იდეას ნორჩი ფეხბურთელები ენთუზიაზმით შეხვდნენ: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მასზე ზრუნვის თემა ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება.