სიახლეები

დიმიტრი ბოკერია: სამწუხაროდ, ზოგიერთები წარსულ გამოცდილებაზე ვერ სწავლობენ

გაუზიარე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელმა განცხადებამ პროფესიული შეჯიბრებების მოსყიდვის ფაქტზე რვა ადამიანის დაკავების თაობაზე, ქართული საფეხბურთო სამყარო ისევ ააფორიაქა. დაკავებულთა შორის რამდენიმე მოქმედი ფხბურთელი, აზიური ტოტალიზატორის წარმომადგენელი, ასევე საფეხბურთო კლუბ სტუ-თბილისის პრეზიდენტი ოთარ შენგელია და საჩხერის ჩიხურას ყოფილი სელექციონერი და ფეხბურთელი დავით გენძეხაძე არიან.

ამ თემასთან დაკავშირებით “ჩვენმა თამაშმა” სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების უფროსს, დიმიტრი ბოკერიას რამდენიმე კითხვით მიმართა.

დიმიტრი ბოკერია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორთა და მონაწილეთა გამოვლენაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად უჭერს მხარს და აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მოგეხსენებათ, უეფადან გარკვეული ინფორმაცია მოგვდის შესაძლო გარიგებული მატჩების შესახებ და რადგან ჩვენ საგამოძიებო სამსახური არ გვყავს, ინფორმაციას მაშინვე ვუგზავნით შსს-ს. გეტყვით, რომ კმაყოფილნი ვართ ამ თანამშრომლობით და მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ ურთიერთობას.

სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთები წარსულ გამოცდილებაზე ვერ სწავლობენ. მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა და დაჭერებისა, მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებასა და თანამონაწილეობას მოსდევს.

უახლოეს ხანში კიდევ შეიძლება რაიმე ახალი შევიტყოთ?

ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით. თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ფედერაცია მთავარი დაინტერესებული მხარეა თაღლითური გარიგებების გამოვლენის საკითხებში. მუშაობას ვაგრძელებთ და ვფიქრობ, ასეთი ფაქტები კარგი პრევენციაა სამომავლოდ. 

გენძეხაძის შესახებ რას გვეტყვით?

არ გამკვირვებია მისი გვარის ხსენება. ვინც ფეხბურთში ვტრიალებთ, მეტ-ნაკლებად გვაქვს ყველაფერზე ინფორმაცია. მოდიოდა ხმები, გენძეხაძეს მსაჯებთან “კარგი ურთიერთობა” აქვსო, მაგრამ ფაქტები არ არსებობდა. ქართული მენტალიტეტის ამბავიც ხომ იცით. თუმცა ეს მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის, გაცილებით დიდ ქვეყნებშიც, მაგალითად, ინგლისსა და იტალიაშიც ხდება მსგავსი ამბები. საერთოდ, როცა საქმე დიდ ფულს ეხება, იქ თაღლითობაც არ უნდა გაგვიკვირდეს. 

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები და კლუბების მესვეურები გაიაზრებენ იმ ზიანს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევისას ადგება ქართულ ფეხბურთს და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. 

სოლომონ გულისაშვილი