სიახლეები

ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს - სტადიონიც იქნება, ბაზაც, და ბიუჯეტიც გაიზრდება

გაუზიარე
ტურის ეპიცენტრი ქობულეთშია, სადაც ბათუმის დინამო თბილისის დინამოს დაუპირისპირდება. ორივე გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ გამარჯვება აწყობს. ამ თამაშის წინ დავუკავშირდით ბათუმელთა ერთ-ერთ მწვრთნელ ასლან ბალაძეს და ინტერვიუ ჩამოვართვით.

ხვალ ტურის და შესაძლოა, მთლიანად მეორე წრის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამოს მასპინძლობთ...

ყველას კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელობის თამაშია. ამ შეხვედრამ, შესაძლოა, სამი გუნდის - ჩვენი, თბილისის დინამოს და გორის დილას ბედი გადაწყვიტოს. ერთადერთი, გული იმაზე გვწყდება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის, ამით არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად ჩემპიონატი ზარალდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ფრე წაგების ტოლფასი იქნება, აქცენტს ალბათ უფრო შემტევ ფეხბურთზე გააკეთებთ...

ბათუმის დინამო აყალიბებს თავის სტილს და ჩვენ გვაქვს არჩეული ამ გუნდზე ოპტიმალურად მორგებული ტაქტიკა, რომლის შეცვლას არ ვაპირებთ. თბილისის დინამოს დიდ პატივს ვცემთ, კარგად ვიცით, თუ ვის ვეთამაშებით, მაგრამ წარმატების იმედი ნამდვილად გვაქვს და ამას ჩვენი ტაქტიკით ვაპირებთ.

და თუ მოხდა ისე, რომ ბათუმის დინამომ ვერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურით დაკმაყოფილდა, ნაჩვენები შედეგით მაინც კმაყოფილი იქნებით?

სეზონის დასაწყისში, როდესაც შოთა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ჩაიბარა ბათუმის დინამო, მიზნად დავისახეთ ახალი გუნდის აშენება, რომელსაც ექნებოდა თავის ხელწერა და იქნებოდა კონკურენტუნარიანი. რა თქმა უნდა, გვქონდა იმის იმედი, რომ გუნდი ტურიდან ტურამდე მოუმატებდა, მაგრამ პირველ სამეულში ყოფნა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვისაც და ბუნებრივია, კმაყოფილები ვართ. მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალში უფრო კარგად ავთამაშდებით.

ისიც სათქმელია, რომ გორის დილას ორივე თამაში მოუგეთ, თბილისის დინამოს კი თბილისში აჯობეთ.

ამ მოგებებით ის დავამტკიცეთ, რომ გამართლება არაფერ შუაშია და ბათუმის დინამო სამართლიანადაა ლიდერთა შორის. უშუალო კონკურენტებთან გამარჯვებების გარდა, გასვლაზე ბევრი ისეთი შეხვედრა მოვიგეთ, რომელშიც ფავორიტებად არ მიგვიჩნევდნენ.

მართლაც მშვენიერ სეზონს ატარებს მეკარე მიხეილ ალავიძე, ასევე აღსანიშნავია გიორგი ქავთარაძე. თქვენ რომელ ფეხბურთელს გამოარჩევთ?

გასულ ტურში, საჩხერეში ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბათუმის დინამოში ყველა ფეხბურთელი საჭიროა გუნდისთვის. ალავიძის არყოფნაში ჩიხურასთან მშვენივრად ითამაშა მამინაშვილმა და მეკარეების მხრივ ნამდვილად მშვიდად ვართ. დაცვაში კარგად გამოიყურებიან მახარაძე და მგელაძე. ნახევარდაცვის ლიდერობას შონია და ქავთარაძე იღებენ საკუთარ თავზე. თავდასხმაში კი ეფექტურად გამოიყურება ბერიაშვილისა და ტატანაშვილის დუეტი. აქვე დავამატებ, რომ ბათუმის დინამოში ყოველთვის მეგობრული ატმოსფერო სუფევდა, ასე იყო ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც ყოველ სეზონში ევროტურნირებზე გავდიოდით, და ასეა ახლაც. ამიტომაცაა, ფეხბურთელები ჩვენთან სიხარულით რომ მოდიან.

ეს რესურსი საკმარისია საქართველოს ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად, მაგრამ ევროტურნირებისთვის გაძლიერება არ დაგჭირდებათ?

აუცილებლად დაგვჭირდება, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული იქნება და მხოლოდ რამდენიმე პრობლემატურ პოზიციაზე მოვიყვანთ ახალ მოთამაშეებს.

კლუბის დაფინანსება კვლავ უპრობლემოდ ხდება?

ბათუმის მერია და საკრებულო ყველანაირად გვერდში გვიდგანან და ამისთვის მათდამი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენი ბიუჯეტი 1350000 ლარია, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. აქამდე კი, რა ვალდებულებაც აიღეს კლუბის წინაშე, ყველაფერი შეასრულეს. ჩვენი გუნდის წარმატებიდან გამომდინარე, ახლა მთელი ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს.

ბათუმში სტადიონის არარსებობა, ბუნებრივია, სერიოზულ დისკომფორტს გიქმნით...

როცა ისეთ საფეხბურთო ქალაქზე ვსაუბრობთ, როგორიც ბათუმია, მსგავსი საკითხები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სხვაა. ჩვენ პრაქტიკულად ყველა საშინაო შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე ჩავატარეთ. არადა, წარმოიდგინეთ, ბათუმში რომ ვთამაშობდეთ, დარწმუნებული ვარ, ახლა რამდენიმე ქულით მეტი გვექნებოდა. ფაქტია, რომ საქმე წინ დაიძრა, ახალი სტადიონის პროექტი უკვე დამტკიცებულია და მისი მსენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. ასევე არის გეგმაში ანგისაში ბაზის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია და ეს ყოველივე არამარტო ბათუმში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას ხელს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჰყვებიან გუნდს და ბათუმის დინამოს წარმატებაში მათი წვლილიც ძალიან დიდია.

ევროტურნირებზე საშინაო შეხვედრებს სად გამართავთ?

თბილისში, "დინამო არენაზე".

როგორ ფიქრობთ, ბათუმის დინამოში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან?

პირველ რიგში, მინდა კახა ცხადაძეს წარმატება ვუსურვო ეროვნული გუნდის სათავეში. მისი სახით ნაკრებს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენგან უკვე იყო სანაკრებო შეკრებაზე მიხეილ ალავიძე და იმედია, ის კვლავ მოხვდება სანაკრებო სიაში. ჩემი აზრით, ასევე ყურადრებას იმსახურებენ თემურ შონია და გიორგი ქავთარაძე.

პაატა ძნელაძე