უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული დასავლეთ საქართველოში ჩატარებული ღონისძიებებით დასრულდა.
27 სექტემბერს, სამტრედიაში, სფფ-ის წარმომადგენლები სამოყვარულო ლიგის ახალი გათამაშების, დასავლეთის სუპერლიგის მატჩს დაესწრნენ. მატჩი მოქმედი ჩემპიონ იანეთსა და სსკ იბერიას შორის შედგა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს ბურთები და სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ. ორივე ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.
28 სექტემბერს, ქუთაისში, სფფ-ის აკადემიაში 15-წლამდე გოგონათა ლიგის მატჩები გაიმართა. მატჩებს ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები დაესწრნენ და ახალგაზრდა მოთამაშეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული საქართველოში 24 სექტემბერს, ლაგოდეხში ჩატარებული ღონისძიებით დაიწყო. სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის, რვა საჯარო სკოლის ბავშვებს შორის სახალისო მატჩები გაიმართა.
თამაშებში მონაწილე გუნდებს, ღონისძიების ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - კახა ჭუმბურიძემ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.