თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში სასკოლო ლიგის ახალი სეზონი გაიხსნა. უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, გათამაშების გახსნით დღეს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და სასკოლო ლიგის პროექტის ხელმძღვანელი ოთარ აბულაძე დაესწრნენ. ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სპორტული ეკიპირება საჩუქრად გადაეცათ.
სასკოლო ლიგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთში ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის გაზრდას ემსახურება. პროექტი სამ ასაკობრივ კატეგორიაში - 12, 15 და 18 წლამდე ტარდება და მასში საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლის 10 000-მდე მოსწავლეა ჩართული.
მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, ბავშვებისთვის ფეხბურთის პოპულარიზაციასა და მათ სპორტულ აქტივობებში ჩართვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 25 სექტემბერს, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაზე ბავშვების დასწრება იყო. აღნიშნულ მატჩს 10-დან 14 წლამდე ასაკის, საფეხბურთო სკოლების 7500 მოსწავლე დაესწრო.
უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მისი მთავარი მიზანი ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ბავშვისა და მოზარდის ჩართვა, ფეხბურთის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტული ცხოვრების წესის წახალისებაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.