სიახლეები

კვიპროსი - საქართველო კახა ცხადაძის პრესკონფერენ

გაუზიარე

27 მარტს და 1 აპრილს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: ჩვენი გუნდი ჯერ კვიპროსში მასპინძლებს გაეჯიბრება, შემდეგ კი რუსთავში ბელარუს თანატოლებს უმასპინძლებს.



დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის პრესკონფერენცია შედგა. მის გარდა ჟურნალისტებს მეკარეთა მწვრთნელი ოთარ გაბელია და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე შეხვდნენ.



კახა ცხადაძე, U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი:



...გეგმის მიხედვით ვემზადებით. ფეხბურთელები საკმაოდ მონდომებულნი არიან და ეს ასეც უნდა იყოს - ყველა მოთამაშე აცნობიერებს, რომ ეს ორი თამაში მათ კარიერაში მნიშვნელოვანია.

...ნაკრებში ცვლილებებია: თბილისის ”დინამოს” რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც გაფართოებულ სიაში გვყავდა, ”ვიტ ჯორჯიას” იმ ფეხბურთელებით შევცვალეთ, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში უკეთ წარმოაჩინეს შესაძლებლობები.

...მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ”ზესტაფონს”, ”ვიტ ჯორჯიას” და ”გაგრას”, რომლებმაც ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და იმაზე ადრე დაგვითმეს ფეხბურთელები, ვიდრე ეს წესით იყო გათვალისწინებული.

...შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ეს პერიოდი გამოვიყენოთ, რათა კარგად მოვემზადოთ. ვიმედოვნებ, მიზანს მივაღწევთ და შემოდგომისთვის კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება.

... კვიპროსის ნაკრების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ვიმედოვნებ, კუნძულზე ჩასვლისთანავე თემურ ქეცბაია და სოსო ჭედია მეტოქის შესახებ ამომწურავ ცნობებს მოგვაწვდიან. მჯერა, ეს ასეც იქნება.

...პირველი ვარჯიში, რომელიც ერთი კვირის წინ შედგა, გაცნობით ხასიათს ატარებდა. მაშინ ის მოთამაშები მივიწვიეთ, რომლებიც ახალგაზრდული გუნდის კანდიდატებად განიხილებიან. დღეს ჩემს განკარგულებაში არიან ისინი, რომლებსაც მომავალი შესარჩევი ციკლისთვის გუნდისთვის მოვიაზრებ.

...ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ვთვლი, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არცერთია. გამოვყოფდი შვეიცარიის და თურქეთის ნაკრებებს, კარგი გუნდი ჰყავს სომხეთსაც... აქვე გეტყვით, რომ ჩვენ უკვე ვაგროვებთ ინფორმაციას მეტოქეებზე და შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, მათზე ამომწურავი ცნობები მოვიპოვოთ.

...ამ ორი თამაშის გარდა, ჩვენ ორი თავისუფალი თარიღი გვაქვს ივნისში და ერთიც აგვისტოში. ვეცდებით, ეს დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ - სათამაშო პრაქტიკა ფეხბურთელებისთვის აუცილებელია. სხვადასხვა ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებთან მატჩების თაობაზე მოლაპარაკებას სფფ უკვე აწარმოებს.

...ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ორი მატჩისთვის არ არიან გამოძახებულნი, ჩვენი თვალთახედვის არეში კვლავ რჩებიან. იგივე ფანცხავა, ივანიშვილი, თარგამაძე... ამ მოთამაშეებზე ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ და მომავალ მატჩებში მათ აუცილებლად ვუხმობთ. იგივე შემიძლია გითხრათ ბელარუსში მოასპარეზე ირაკლი მაისურაძეზე, გია გრიგალავაზე, ივანიდისზე - ამ მოთამაშეებზე ინფორმაციას ვაგროვებთ. აქვე დავძენ, რომ შესაძლოა, ბელარუსის ნაკრებთან თამაშამდე ჩვენ გუნდში რამდენიმე მოთამაშე შეიცვალოს.

...რაც შეეხება ჩვენს გეგმას, კვიპროსში ჩასვლის დღეს, 26 მარტს ერთხელ ვივარჯიშებთ, მეორე დღეს კი ლარნაკაში, თბილისის დროით 18 საათზე ვითამაშებთ.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები:

მეკარეები: როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”), რევაზ თევდორაძე (”გაგრა”)

მცველები: მაკარ აქუბარდია (ზუგდიდის ”მგლები”), ლაშა თოთაძე (კიევის ”დინამო”, უკრაინა), გულვერდ თომაშვილი (თბილისის ”დინამო”), ლევან კაკუბავა (თბილისის ”დინამო”), გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”), ამირან სანაია (”ლე მანი”, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: ირაკლი კლიმიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), გიორგი ცხადაია (”გაგრა”), ირაკლი ძარია (”ზესტაფონი”), ალექსი ბენაშვილი (”ზესტაფონი”), ირაკლი ხუციძე (თბილისის ”ამერი”), მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), გიორგი განუგრავა (უკლუბოდ)

თავდამსხმელი: ბესიკ ჩიმაკაძე (თბილისის ”ამერი”), ვახტანგ კვარაცხელია (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), მიხეილ როსტიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)