სიახლეები

შესარჩევი მარცხით დავიწყეთ

გაუზიარე

საქართველო - ირლანდია 1-2

გოლი:
24’, 90’ ეიდენ მაკგიდი (ირლანდია), 38’ თორნიკე ოქრიაშვილი (საქართველო)

გაფრთხილება: 36’ დავით კვირკველია (საქართველო), 36’ ჯონ ვოლტერსი (ირლანდია), 48’ აკაკი ხუბუტია, 83’ მურთაზ დაუშვილი (ორივე საქართველო)

საინტერესო და დაძაბული გამოდგა ევრო შესარჩევის გახსნითი შეხვედრა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, ის ჩვენი ეროვნული ნაკრების მარცხით დასრულდა. 90 წუთის მანძილზე ორივე გუნდმა ყველაფერი გაიღო დადებითი შედეგის საჩვენებლად, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება ჩვენს სტუმრებს დარჩათ.

მთელი შეხვედრის მსაგვსად პირველ ტაიმშიც ტერიტორიულ უპირატესობას ირლანდიელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მიუხედავად ამისა, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. პირველი რეალური საგოლე მომენტი, რობი კინს შეექმნა, რომელიც მცველების შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გიორგი ლორიამ მომენტის განმუხტვა მოახერხა. ამის შემდეგ, გატანის შანსი ჰქონდა ნიკოლოზ გელაშვილსაც, მაგრამ ჩვენებურის მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია. სტანდარტულის მოწოდების შემდეგ გატანა უჩა ლობჟანიძესაც შეეძლო, მაგრამ ქართველი მცველი ბურთს ასცდა. ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა, კელტებმა ქართველი მცველების შეცდომით კიდევ ერთხელ ისარგებლეს და მეკარესთან პირისპირ ეიდენ მაკგიდი დატოვეს, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. გაშვებული გოლიდან ზუსტად 12 წუთში, თორნიკე ოქრიაშვილმა საოცარი გოლის გატანა მოახერხა და ასე აღადგინა წონასწორობა, ქართველმა შემტევმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მოწინააღმდეგის ორი მცველი ჩამოიშორა და მეკარისგან ახლო ცხრიანში გადაგზავნა ბურთი. ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო გიორგი ლორიამ და შესაცვლელი შეიქმნა, მეორე ნახევარში მის მაგივრად თამაშში როინ კვასხვაძე ჩაერთო.

მეორე ტაიმი ირლანდიელი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო, ბურთსაც ისინი ფლობდნენ უფრო ხშირად და რეალური საგოლე მომენტებიც მათ უფრო მრავლად ჰქონდათ. მეორე გატანილ გოლამდე, ეიდენ მაკგიდი რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდ დაემუქრა ქართველთა კარს, თუმცა ხან კვასხვაძე ყოჩაღობდა, ხანაც თვითონ ფეხბურთელს აკლდებოდა სიზუსტე. ჩვენი ფეხბურთელებიც ცდილობდნენ შეტევების წარმართვას, მაგრამ ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ძალიან უჭირდათ. საბოლოო ჯამში ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ, მაკგიდიმ, კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და უზადო დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები
11 ოქტომბერს შოტლანდიაში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

საქართველო - ირლანდია

ფოტო
/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.dailymotion.com  

სფფ-ის პრესსამსახური