სიახლეები

19-წლამდელების მძიმე სტარტი...

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო. გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს და შემდეგ, მოხდა ის, რასაც ფეხბურთში დაუწერელ წესს ეძახიან...

პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსები ჰქონდათ მათე კვირკვიას, ლუკა ზარანდიას, გიორგი ხარაიშვილს... კერძევაძის სახიფათო თავური კი, მეკარემ მოიგერია. ქართველთა კარგი კომბინაციის გოლით დასრულება შეეძლო გიორგი კილასონიას, თუმცა, მანაც ააცილა.

მეორე ტაიმი კვლავ ქართველების შეტევებით დაიწყო. პირველივე წუთებზე, ოთარ კიტეიშვილის საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული მეტოქის კარის ზედა ძელს მოხვდა. მალევე, მშვენიერი მომენტი ჰქონდა ხარაიშვილს, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა.

64-ე წუთზე კი, მონტენეგროელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს. ზურა გელაშვილმა რუდოვიჩი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად სმილიანიჩმა შეასრულა.

მეორე გოლი კი, გოშაძის კარში შეცვლაზე შემოსულმა ოლივერ სარკიჩმა გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ქუსლით მიმართულება შეუცვალა.

მატჩის შემდეგ, გაწბილებულები იყვნენ ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები. გიორგი დევდარიანის თქმით, ნაკრებს ძალიან დაეტყო ტაბიძისა და თევზაძის არყოფნა. მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ უკანი დასახევი გზა აღარაა და საქართველოს ნაკრებმა ორივე დარჩენილი თამაში უნდა მოიგოს.

ხვალ, 14:00 საათზე, მეორე ტურის მატჩში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს შეხვდებიან რუმინეთისა და მონტენეგროს გუნდები. 16:00 საათიდან კი, ცენტრალურ მოედანზე საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებებიითამაშებენ და ამ შეხვედრას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რადგან პირველ ტურში კვიპროსელებმა მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით რუმინეთის დამარცხება შეძლეს და მონტენეგროელებთან ერთად ცხრილის სათავეში არიან.

საქართველო vs მონტენეგრო 0:2 (0:0) ეჩშ

8 ოქტომბერი, 2014. სტადიონი „მიხეილ მესხი“

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, გელაშვილი, ჩაბრაძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, კერძევაძე (კაპ) (რ.ჭანტურია 51), კვირკვია (ბერიძე 46 - არაბიძე 72)

მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი

მონტენეგრო: მ.სარკიჩი, გრივიჩი, ბანოვიჩი, ნილოვიჩი, რუდოვიჩი, ლონკარი, ჩმილიანიჩი, ა.ვუკჩევიჩი, კოტორაჩი (ს.ვუკჩევიჩი 46), კუკულიჩიჩი (მილოშევიჩი 76), ვუინოვიჩი (ო.სარკიჩი 51)

მთ.მწვრთნელი - ალექსანდარ მილიენოვიჩი

გოლები: სმილიანიჩი (64 პენ), ო.სარკიჩი (81)

გაფრთხილება: კოტორაჩი, გელაშვილი, კილასონია, ო.სარკიჩი, სმილიანიჩი, გრივიჩი, ზარანდია, მარგველაშვილი

მსაჯი: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)

სფფ-ის პრესსამსახური