სიახლეები

არის 19-წლამდელთა ელიტრაუნდი!

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა რუმინეთის ნაკრები და ელიტრაუნდში გავიდა. მძიმედ დაწყებული შესარჩევი, გიორგი დევდარიანის გუნდმა, საბოლოოდ, მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველივე წუთზე, ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად რუმინელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, საქართველოს ნაკრები მალევე დალაგდა და ოთარ კიტეიშვილის დუბლითა და ზურა მალანიას გოლით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის უკანასკნელ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო ლუკა ზარანდიამ. ამ შესარჩევში ეს მისი მეორე გაფრთხილება იყო და სამწუხაროდ, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ ელიტრაუნდისთვის გუნდი უკეთ მოემზადება და ტრავმირებული გიორგი თევზაძე და ჯიმი ტაბიძეც იმ დროისთვის ნაკრებთან ერთად იქნებიან.

ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი, დეკემბერში, უეფაში გამართულ წილისყრაზე გაირკვევა.

რაც შეეხება ჯგუფის მეორე შეხვედრას, მონტენეგროს ნაკრებმა 6:3 დაამარცხა კვიპროსი და 9 ქულით ჯგუფის პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველო vs რუმინეთი 3:1 (2:1) ეჩშ

13 ოქტომბერი, 2014. სტადიონი „მიხეილ მესხი“

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, შულაია, ჩაბრაძე, მოხევიშვილი, ხარაიშვილი (მესხი 75), კიტეიშვილი, ზარანდია (კაპ), ბერიძე (არაბიძე 65), რ.ჭანტურია (კერძევაძე 78)

მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი

რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე, ჰალმაგე, კრისანი (რადულესკუ 72), კარუტა (იონასკუ 38), ბალაურე, პუშკაში, ივანი, ოლტეანუ, ტუდორიე (აკარი 65)

მთ.მწვრთნელი - ისაკ დორუ

გოლები: პუშკაში (1), კიტეიშვილი (9, 13), მალანია (48)

გაფრთხილება: ბერიძე, კარუტა, ბალაურე, მანეა, ივანი, ზარანდია

მსაჯი - არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)

სფფ-ის პრესსამსახური