სიახლეები

17-წლამდელებმა ევროშესარჩევი დამაჯერებლად დაიწყეს

გაუზიარე

დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა. გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ჯგუფის აუტსაიდერ ლიხტენშტეინს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და პირველი სამი ქულა მოიპოვა.

ჩვენს ნაკრებს გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო, თუმცა, ქართველები უკანმოუხედავად არ უტევდნენ და ხშირად ფრთხილობდნენ, რაც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გოჩა ტყებუჩავამ იმით ახსნა, რომ თითქმის სრულიად უცნობ გუნდს დავუპირისპირდით და სიფრთხილე მაინც გვმართებდა.

საქართველოს ნაკრები უდიდეს უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა. ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გიორგი არაბიძემ გახსნა. მეორე ტაიმში კი, ჯერ ლაშა ლეჟავამ გაიტანა ნიკა ნინუას პასის შემდეგ; წერტილი კი, შეცვლაზე შესულმა გიორგი კოხრეიძემ დასვა, რომელმაც მშვენიერი სოლო რეიდით „გაიარა“ მეტოქის რამდენიმე მცველი და ნაკრების შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. გიორგი კოხრეიძისთვის ეს მატჩიც სადებიუტო იყო ნაკრების შემადგენლობაში.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში, პოლონელებმა 4:0 დაამარცხეს ესტონეთის ნაკრები და ახლა, 3-3 ქულით ჯგუფის სათავეში პოლონელები და ქართველები არიან.

მომდევნო შეხვედრები 28 ოქტომბერს გაიმართება:

13:00 - პოლონეთი vs ლიხტენშტეინი

15:00 - ესტონეთი vs საქართველო

საქართველო vs ლიხტენშტეინი 3:0 (1:0) ეჩშ

26 ოქტომბერი, 2014. სტადიონი „მიხეილ მესხი“

საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ყურშავიშვილი (კაპ), ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი, ნინუა, ბუღრიძე (კოხრეიძე 68), არაბიძე (მუზაშვილი 76), ლეჟავა, არდაზიშვილი (არველაძე 61)

მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

ლიხტენშტეინი: ფოსერი, კ.კუადერერი, სპირიგი, სიმანი, ე.კუადერერი, მეიერი, ი.ფრიკი (კალარი 68), ეიდენბენზი (ჟ.ფრიკი 59), გრუნენფელდერი, კოლერი, ჰაძიპაშიჩი (მიკუსი 52)

მთ.მწვრთნელი - მიქაელ კოლერი

გოლები: არაბიძე (28 პენ), ლეჟავა (51), კოხრეიძე (72)

გაფრთხილება: ი.ფრიკი

მსაჯი - სებასტიან კონსტანტინ კოლტესკუ (რუმინეთი)

სფფ-ის პრესსამსახური