სიახლეები

U17 - მძიმე ბრძოლით ელიტრაუნდში

გაუზიარე

დღეს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ესტონეთის ნაკრები და საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის წინ, უკვე გაინაღდა ელიტრაუნდში ასპარეზობა.

მატჩი კი, მართლაც მძიმე გამოვიდა. გოჩა ტყებუჩავას გუნდმა პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც ფრთხილი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ, როცა ჩვენს საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებულმა მატიას კაიტმა უპრობლემოდ დაარტყა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ცოტა აირია; ტყებუჩავას ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

თუმცა, მეორე ტაიმში ფეხბურთელები მალევე „დალაგდნენ“ და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს, რაც 53-ე წუთზე, გიორგი არაბიძის ზუსტი დარტყმითა და გოლით დასრულდა. რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუწია გიორგი ჩოჩიშვილსაც, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად ირჯებოდა.

ყველაფერი კი, მატჩის ბოლო წუთზე გადაწყდა. კონტრშეტევაში წასულმა არაბიძემ ბურთი მუზაშვილს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და იქ ბურთს ნახტომში ნიკა ნინუამ დაამატა - 2:1 და საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

თუმცა, თამაშის დამთავრებამდე, მაშინ, როცა დამატებითი დრო მიმდინარეობდა, მატჩის უნგრელმა არბიტრმა ემოციების მძაფრად გამოხატვის გამო, მოედნიდან გოჩა ტყებუჩავა გააძევა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი გასახდელებში შემავალ გვირაბში შედიოდა, როცა არბიტრმა გიორგი კოხრეიძეს მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენა და ისიც გააძევა. ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე წამი გაოგნებული იდგა და წითელი ბარათის ჩვენების მიზეზს ვერ ხვდებოდა. მსაჯის განმარტებით კი, კოხრეიძე მეტოქეს ჯარიმის გათამაშებაში უშლიდა ხელს. ასე თუ ისე, სამწუხაროა, რომ ბოლო მატჩში ეს მოძრავი და თამამი შემტევი ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.

პოლონელებმა კი, ლიხტენშტეინთან გაილაღეს და ესტონელთა მსგავსად, მათაც ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. შესაბამისად, ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი, სწორედ, 31 ოქტომბერს, საქართველოსა და პოლონეთის შეხვედრაში გაირკვევა.  

ესტონეთი vs საქართველო 1:2 (1:0) ეჩშ

28 ოქტომბერი, 2014. სტადიონი „მიხეილ მესხი“

საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ყურშავიშვილი (კაპ), ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი (საღრიშვილი 80+2), ნინუა, არველაძე (კოხრეიძე 49), ბუღრიძე (მუზაშვილი 74), არაბიძე, ლეჟავა

მთ.მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

ესტონეთი: ნომი, ნიილოპი, კანელი, ვილოტა, კანტერი (იარველაიდი 63), მუცო, მიჰაილოვი (პადარი 58), , კაიტი, ვაინუმაე, ლიპი, ლეპიკი (სორგა 41)

მთ.მწვრთნელი - ლარს ჰოპი

გოლები: კაიტი (31), არაბიძე (53), ნინუა (79)

გაფრთხილება: მუცო, ნილოპი, პადარი, ლოჩოშვილი, იარველაიდი, კოხრეიძე (2)

გაძევება: გოჩა ტყებუჩავა (80+5), კოხრეიძე (80+5)

მსაჯი - მიჰალი ფაბიანი (უნგრეთი)

სფფ-ის პრესსამსახური