სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირ

გაუზიარე

მოგესალმებით ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ხელმძღვანელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ბავშვთა ფეხბურთისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, საფეხბურთო კლუბების ლიცენზირებაც წარმოადგენს. ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობა და განსაკუთრებით, არასახარბიელო სპორტული შედეგები გვკარნახობს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ საკლუბო ლიცენზირების საკითხებს, რამეთუ მიგვაჩნია, რომ იგი არის საქართველოში ფეხბურთის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

საქართველოში საკლუბო ლიცენზირების განხორციელების პროცესში ჩვენს ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

• ლიცენზირების პროცესში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენი, როგორც ლიცენზიარის მხრიდან, მათი მოლოდინის გამართლება

ამ მიზნით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ლიცენზირების ძირითადი პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას, კლუბებთან დროულ და ეფექტურ კომუნიკაციას, ლიცენზიის მისაღებად საჭირო სრული ინფორმაციის გადაცემას, აგრეთვე დებულებებისა და სალიცენზიო პაკეტის შინაარსის განმარტებას საერთო სემინარებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე. განსაკუთრებით გაიზრდება კონსულტაციების მოცულობა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.

• საკლუბო ლიცენზირების სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა, მისი მუდმივი სრულყოფა და განვითარება

მუდმივად გავაუმჯობესებთ ჩვენს მიერ კლუბების მომსახურების ხარისხს. მაქსიმალურად ჩავრთავთ კლუბებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სისტემის შეფასების ყოველწლიურ პროცესში. განვიხილავთ და გავაანალიზებთ მათ წინადადებებს და, საჭიროებისამებრ გავითვალისწინებთ მუშაობის პროცესში.

ლიცენზირების პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე განხორციელების მიზნით, უზრუნველვყოფთ საკლუბო ლიცენზირების პროცესში ჩართული ყველა პიროვნების ადეკვატურ სწავლებას და მათ მიერ საკუთარი ამოცანებისა და ვალდებულებების სრულად გაცნობიერებას.

• მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის, აგრეთვე ფიფა-ს, უეფა-სა და სფფ-ის მოქმედი დებულებებისა და წესდებების დაცვა

ამასთან, სფფ დანერგავს საკლუბო ლიცენზირების ეფექტური მართვის სისტემას და უზრუნველყოფს საკლუბო ლიცენზირების ხარისხის სტანდარტის მოთხოვნების დაცვას.

• საკლუბო ლიცენზირების სისტემის მართვის პროცესში დადგენილი ეთიკური ნორმების დაცვა

ძალზედ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისა და კონფიდენციელობის პრინციპების დაცვა, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ, საკლუბო ლიცენზირების ყველა მონაწილე ვალდებული ვართ, დავიცვათ სფფ-ში აღიარებული ეთიკური ნორმები და, მათ შორის, კონფიდენციალობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად გატარდება სადისციპლინო ზომები.

ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლიცენზიატების მიერ ფინანსური `ფეარ-პლეის” პრინციპების დაცვას და სალიცენზიო სეზონის განმავლობაში ლიცენზირების მოთხოვნების რეალურად შესრულების მონიტორინგს.

ჩვენი ყველა თანამშრომელი თუ სხვა დაინტერესებული მხარე, უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმირებული იქნება საკლუბო ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებულ ყოველ ძირითად საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებით.

ვიმედოვნებ ლიცენზირების მონაწილეთა მხარდაჭერას და მივესალმები სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებულ ნებისმიერ წინადადებას.