სიახლეები

ქალთა ტურნირი „გოგოების“ გამარჯვებით დასრულდა

გაუზიარე

 „ირაოს“ სტადიონზე დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ქალთა საფეხბურთო ტურნირი, რომელიც სარვამარტო ინიციატივა იყო და სფფ– სთან ერთად, მას მხარს უჭერდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. ტურნირის დევიზი იყო – „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის“.

ტურნირი ძალიან სანახაობრივი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა და არც მაყურებელი აკლდა.

განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა ფლეი–ოფის მატჩები. ნახევარფინალში, მართლაც საუკეთესო გუნდებმა მოიყარეს თავი.

პირველ შეხვედრაში, „გოგოებმა“ 2:0 დაამარცხეს „მეგათეო“; ხოლო მეორე ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს „ფეოლა“ და „მინას ანგელოზები“ დაუპირისპირდნენ, ფინალისტი თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა – პირველი არხის გოგონებმა გაიმარჯვეს.

ასე რომ, ფინალში ერთმანეთს „გოგოები“ და „მინას ანგელოზები“ დაუპირისპირდნენ.

მატჩის ძირითადი დრო უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში გაილია. გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. „გოგოებმა“ უნაკლოდ შეასრულეს ყველა დარტყმა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი და სხვადასხვა პრიზები, რომლებიც დააწესა ატელიე „კაბარტმა“ და ფიტნეს ცენტრმა „კონტურს ჯორჯია“. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „გოგოების“ მოთამაშე – სოფო დუმბაძე, ხოლო ტურნირის სიმპათიად დასახელდა „მინას ანგელოზების“ გოლკიპერი – ნინო გაბელია. მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია „ვულე ვუს“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.

სფფ– ს პრესსამსახური