სიახლეები

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და სანქციები

გაუზიარე

დღეს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა და ერთ-ერთი ძირითადი საკითხი შუქურა-დილას მატჩზე მომხდარი ინციდენტი იყო.

კომიტეტის სხდომა დღის 2 საათზე დაიწყო და საღამოს 6 საათზე დასრულდა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა:

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის „დილას“ ჩაეთვალა წაგება და დაჯარიმდა 5 ათასი ლარით.

სანქციები დაუწესდათ „დილას“ ფეხბურთელებს:

ლუკა რაზმაძე - 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5 ათასი ლარი.

ალექსანდრე კვახაძე - 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1400 ლარი.

უჩა სოსიაშვილი („დილას“ მთავარი მწვრთნელი) – 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1000 ლარი

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 118 მუხლის საფუძველზე, გორის „დილა“ მომდევნო სამ საშინაო მატჩს გამართავს ნეიტრალურ სტადიონზე.

გაფრთხილება და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცათ „დილას“ ფეხბურთელებს:

გიორგი ერისთავს, გიორგი სეთურიძეს, ნიკა კვეკვესკირსა და რომან ახალკაცს. თუ ამ ექვსი თვის განმავლობაში ისინი კვლავ იქნებიან შემჩნეული დისციპლინარულ დარღვევებში, ამ შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

ქობულეთის „შუქურა“ უსაფრთხოების ნორმებისა და საზოგადოებრივი წესრიგის  დაუცველობისთვის, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ 7 დღის ვადაში, სფფ-ის სააპელაციო კომიტეტში.

სფფ-ის პრესსამსახური