სიახლეები

ანანიძე: ცოტა ხნით, მაგრამ აქტიურად

გაუზიარე

მოსკოვის სპარტაკმა წლეულს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, პოლონურ ზავიშასთან 0:0 ითამაშა და ჯანო ანანიძესაც დაეთმო დრო. ჯანომ მხოლოდ ბოლო 20 წუთი ითამაშა, მაგრამ მოსკოვური კლუბის საიტის ცნობით, ამ პერიოდში საკმაოდ აქტიური იყო. ორჯერ განახორციელა დრიბლინგი და ორივეჯერ სახიფათო მომენტი შექმნა.

ჯანო ჯერაც სპარტაკშია, მაგრამ დარჩება თუ არა გუნდში, ჯერ საკითხავი ამბავია. როსტოვი ისევ აქტიურობს და კიდევ ერთხელ სურს მისი იჯარით წაყვანა, მაგრამ აი, რას ამბობს როსტოველთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ შიკუნოვი:

"სიმართლე გითხრათ, ჯანოს გადაყვანა გვსურს, მაგრამ სპარტაკისგან კონკრეტული პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. ველოდებით, რას გვეტყვიან. ჩვენი მხრიდან ყველაფერი ვიღონეთ, პირობებიც შევთავაზეთ მოსკოველებს. სპარტაკი ახლა შეკრებაზეა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს მათი მწვრთნელი მურატ იაკინი. ის შეაფასებს ქართველი ფეხბურთელის სათამაშო ფორმას და გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა მეორე წრეში. სპარტაკიდან სამი-ოთხი ფეხბურთელი წავიდა განათხოვრებით, ამიტომაც, შესაძლოა, მეტი არავინ გაუშვან".

მეორე მხრივ, იაკინმა გუშინ განაცხადა, რომ სპარტაკის აღზრდილ ახალგაზრდებს შანსს მისცემს. მოკლედ, ყველაფერი ამ შეკრების შემდეგ გადაწყდება.

ილიანანობაშვილი