ვიტ ჯორჯია უმაღლესლიგელთა იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელიც სეზონის მეორე ნახევრისთვის არა თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში, არამედ საქართველოში ემზადება. ზურაბ ბერიძის გუნდმა `მცხეთა პარკზე~ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ვეტერინარებმა მეორე ლიგის ბინადარ ცხინვალის ლიახვს უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.
მეორელიგელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს ტოლი არაფერში დაუდეს და მთელი 90 წუთი თავგამოდებით იბრძოლეს. ლიახვს მთლად გამოუცდელი გუნდიც არ ეთქმის. მის შემადგენლობაში არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც თავის დროზე უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ - ნოდარ ნოზაძე, გოგინაშვილი, სადაღაშვილი, იჩქითი, ტლაშაძე, ცარიელაშვილი, შათირიშვილი, მოისწრაფიშვილი...
მათ გარდა, `მცხეთა პარკზე~ ლიახვის რიგებში ითამაშეს რუსეთის მოქალაქეებმა, მეკარე სევასტიანენკომ და მინდვრის მოთამაშეებმა - გაბარაევმა, კუმეხოვმა, მულდაროვმა და ჩერჩესოვი.
მე-9 წუთზე ვიტ ჯორჯია ბადრი დემეტრაშვილმა დააწინაურა, 31-ეზე ზურაბ ზვიადაურმა ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა – 67-ე წუთზე მიზანს ლევან საბაძის დარტყმამ მიაღწია.
ვიტ ჯორჯიამ ამ შემადგენლობით ითამაშა: ისერგიშვილი (შეროზია 69) - თათხაშვილი (ასკილაშვილი 85), გეთიაშვილი, ჩიტიშვილი (მერაბიშვილი 76), მაისურაძე (დანელია 76) - დავლაშელიძე, გახარია (ღიბრაძე 46) - დემეტრაშვილი (საბაძე 63), კურდღელაშვილი (ხვისტანი 31), კახაბრიშვილი (კალაჯიშვილი 46) - ლობჯანიძე (კუხალეიშვილი 63).
ლევან ჯანეზაშვილი