ზაზა ზამთარაძის თავკაცობით სამტრედია პირველ წრეში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ახლა ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატადაც მიიჩნევა, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ამ ეტაპზე აქცენტს უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაზე აკეთებს, ვიდრე კონკრეტული სატურნირო ამოცანის დასახვაზე.
მოსამზადებელი ეტაპით რამდენად კმაყოფილი ხართ?
საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. ძლიერ გუნდებთან ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრები. ვეთამაშეთ რუსული პრემიერლიგის ტერეკს, ტირასპოლის შერიფს და სამხრეთ კორეის ჯეჯუ იუნაიტედს, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. მართალია, ეს თამაშები ვერ მოვიგეთ, მაგრამ საკონტროლო მატჩებშიუმთავრესია დაინახო ის, თუ რა კომპონენტში გვიჭირს ყველაზე მეტად და ამ მხრივ ეს შეხვედრები ძალიან გამოგვადგა. ისე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ გუნდების დონეს, ჯერჯერობითკვლავაც ჩამოვრჩებით.
ყველაზე მეტად რაში იგრძნობა ეს ჩამორჩენა, ფიზიკური მომზადებაში თუ საშემსრულებლო ოსტატობაში?
მოსამზადებელი ეტაპის დროს გუნდების ფიზიკური მომზადების შეფასება არასწორი იქნება. საშემსრულებლო ოსტატობით და ტაქტიკური განსწავლულობის მხრივ კი, სამუშაო მართლაც ბევრი გვაქვს.
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე სამტრედია საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული. ლიდერსაც მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებით, მეორე წრეში,ალბათ, ჩემპიონობა იქნება თქვენი მიზანი...
ჩვენი მიზანი კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც ითამაშებს გამართულ, კარგ ფეხბურთს. ამჟამად კი, კონკრეტულად ჩემპიონობაჩვენი მიზანი თუ თვითმიზანი არ არის, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ მიმდინარე სეზონში გამორჩეულად დიდი კონკურენციაა.
ეს ჩემპიონატი ამით მართლაც გამორჩეულია, სამტრედია, დინამო, დილა მაღალი ადგილებისთვის რომ იბრძოლებენ, ეს ნათელია. დარწმუნებული ვარ, ჩიხურაც მოუმატებს. რა თქმაQუნდა, ვერც ბათუმის დინამოს ჩამოვწერთ და ვერც ცხინვალს. ადრე თუ რამდენიმე გუნდს ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ უცხოური შეკრება გაევლო, ახლა უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან 12 თურქეთში იყო შეკრებაზე. მოკლედ, ჩემპიონატი დაძაბულად მიმდინარეობს და ეს უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ მომავალ ევროტურნირებზე ქართული გუნდები უფრო უკეთესEშედეგს აჩვენებენ, ვიდრე წინა წლებში.
როგორ ფიქრობთ, ამ ფორმაციის სამტრედიას მაქსიმუმი რა უნდა იყოს ევროსარბიელზე?
ჯერ უნდა გავიდეთ ევროტურნირებზე და ამ თემაზე მერე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ერთადერთხელ, 2004 წელს შეძლო თბილისის დინამომ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, მას შემდეგ კი ამხელა წყვეტაა.არადა, მოლდოვის, ბელორუსის და აზერბაიჯანის გუნდები უკვე რეგულარულად ხვდებიან ჯგუფურ ეტაპზე და ჩვენი გუნდების ასეთი შედეგები ძალიან საწყენია.
ჩემპიონატის პარალელურად, თასზეც იბრძვით, მეოთხედფინალში თქვენი მეტოქე ქუთაისის ტორპედო იქნება, რომელიც ბოლო ხანს საგრძნობლად გაძლიერდა.
ტორპედო ტრადიციული გუნდია, მდიდარი ისტორიით და ერთგული გულშემატკივრებით. პირველ წრეში ბევრი ქულა დაკარგეს და ახლა ევროტურნირზე გასვლის ერთადერთი გზა თასის გათამაშებაა, ამიტომაც მათთან ორი ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ, მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, ნახევარფინალში ჩვენ უნდა გავიდეთ.
პაატა ძნელაძე