სიახლეები

დილა გალიდერდა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„შუქურა“ ქობულეთი - „გურია“ ლანჩხუთი 2-0

გოლი: 65’ ლაშა ჩაფიძე, 72’ ადრიან პუკანიჩი (ორივე „შუქურა“)

გაფრთხილება: 10’ ვილი ისიანი, 25’ გიორგი მჭედლიშვილი (ორივე „გურია“), 28’ დავით ხოჭოლავა („შუქურა“), 55’ ლევან ინგოროყვა („გურია“)

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო ქობულეთის „შუქურა“, აჭარლებმა „გურიას“ უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა ცდა არ დააკლეს და ორი უპასუხო გოლის გატანაც მოახერხეს. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული ჯარიმა, უზადოდ ლაშა ჩაფიძემ შეასრულა და უზომოდ გაახარა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები. შეხვედრაში წერტილი, კი ქობულეთელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ადრიან პუკანიჩმა დასვა, მან სადბიუტო გოლის გატანა 72-ე წუთზე მოახერხა. 



„კოლხეთი“ ფოთი - „დინამო“ ბათუმი 0-2

გოლი: 43’ დიმიტრი ტატანაშვილი (პენ.), 70’ გიორგი ბერიაშვილი (ორივე „დინამო“)

გაფრთხილება: 64’ ლევან კაკულია, 70’ გია ჩადუნელი (ორივე „კოლხეთი), 77’ ბექა ვარშანიძე, 83’ ვალერიან თევდორაძე (ორივე“ დინამო“)

წარმატებულ სვლას განაგრძობს ბათუმის „დინამო“, ბათუმელები ამჯერად „კოლხეთს“ ესტუმრნენ და შავი ზღვისპირა დერბიში 0-2 დაამარცხეს მეტოქე. აჭარლებს უკვე ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგიათ და ბუნებრივია ეს მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა, დღევანდელი მდგომარეობით „დინამო“ მესამეა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ანაგრიში 43-ე წუთზე პენალტით გაიხსნა, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა. დინამოელებმა მეორე გოლიც პენალტით გაიტანეს, ამჯერად 70-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გამოიჩინა თავი. 



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „სამტრედია“ სამტრედია 0-1

გოლი: 34’ ილია კერძევაძე („სამტრედია“)

გაფრთხილება: 21’ თორნიკე გორგიაშვილი („სამტრედია“), 78’ კახა კახაბრიშვილი („ვიტ-ჯორჯია“), 78’ გიგა ბეჭვაია, 81’ გიორგი დათუნაიშვილი (ორივე „სამტრედია“)

თასზე მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში „ვიტ-ჯორჯიას“ საქმე არც თუ ისე კარგად მიდის, მეორე წრის საწყის ორ ტურში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და უკვე ჩამოყალიბდა გამოკვეთილ აუტსაიდერად. მე-17 ტურში ვეტერინარები ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტ, „სამტრედიას“, დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 0-1, დათმეს მნიშვნელოვანი შეხვედრა. თამაშის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა, ილია კერძევაძემ, გაიტანა. ამ გამარჯვებით იმერლებმა ბათუმის „დინამოსთა“ ორ ქულიანი სხვაობის შენარჩუნება მოახერხეს, ხოლო თბილისის „დინამოსთან“ სხვაობა სამი ქულით შეამცირეს და ოთხ ქულიანი სტატუს-კვო აღადგინეს.



„სიონი“ ბოლნისი - „დინამო“ თბილის 2-1

გოლი: 35’ მათე ცინცაძე („დინამო“), 45’ ლუის ალბერტო ვიეირა მედინა, 50’ დაჩი ცნობილაძე (ორივე „სიონი“)

გაფრთხილება: 24’ გიორგი ცხადაია, 37’ ლუის ალბერტო ვიეირა მედინა, 55’ დაჩი ცნობილაძე, 69’ ალექსანდრე გოგობერიშივილი (ყველა „სიონი“), 70’ რენე ფერეირა („დინამო“) 

როგორც მოსალოდნელი იყო თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „სიონმა“ დალაგებული ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ეს მარცხი კი დინამოელებს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს, 35-ე წუთზე მათე ცინცაძემ მირზა მერლანის შეცდომით ისარგებლა და შესაშური სილამაზის გოლი გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს და 45-ე წუთზე დაისაჯნენ კიდეც. დაცვის შეცდომით, ვიეირამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან სადებიუტო გოლის გატანა არ გასჭირვებია. მეორე ნახევარიც ბოლნისელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე 50-ე წუთზე მათ დაწინაურებაც მოახერხეს, სტანდარტიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დაჩი ცნობილაძემ დაასწრო და თავური დარტყმით გადაგზავნა ის კარში. მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვებისა ქართლელები ერთი პოზიციით მაინც დაქვეთდნენ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად 14-15 ადგილებს იყოფენ. 



„დილა“ გორი - „ტორპედო“ ქუთაისი 2-1

გოლი: 14’ ნიკა კვეკვესკირი („დილა“), 41’ თენგიზ ჩიკვილაძე (ა.გ), 70’ ნიკა საბანაძე (ორივე „ტორპედო“)

გაფრთხილება: 35’ გივი იოსელიანი, 59’ თენგიზ ჩიკვილაძე, 78’ გურამ ადამაძე, 90’ ირაკლი კლიმიაშვილი (ყველა „ტორპედო“)

წარუმატებელ სერიას აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო“, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პაუზის დროს გუნდი საგრძნობლად გადახალისდა და გაძლიერდა, იმერლები ვერც მეორე წრეში ახერხებენ წარმატებულ ასპარეზობას. ამჯერად ისინი გორში „დილას“ ეწვივნენ და 2-1 დამარცხდნენ. თავისმხრივ ეს მასპინძელთათვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულა იყო, რადგანაც მათ თბილისის „დინამოს“ გადაასწრეს და გათამაშებას ლიდერობენ. ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, საჯარიმო დარტყმიდან ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა გორელებმა მოიპოვეს და 41-ე წუთზე უპირატესობა ორამდეც გაზარდეს, ბურთი საკუთარ კარში თენგიზ ჩიკვილაძემ ჩაჭრა. მატჩის მიწურულს ტორპედოელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და 70-ე წუთზე ნიკა საბანაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეაცირა. 



„მეტალურგი“ რუსთავი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 0-1

გოლი: 12’ ლუკა გუგუჩია („ზუგდიდი“)

გაფრთხილება: 2’ ლაშა ღონღაძე, 51’ ლუკა კობერიძე, 70’ ავთო ენდელაძე, 87’ შოთა ლომია (ყველა „ზუგდიდი“)

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო „ზუგდიდმა“, ზუგდიდელებმა მეორე წრე კარგად დაიწყეს და პირველ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებაც შეძლეს. კვირას ისინი რუსთავს ეწვივნენ და ადგილობრივი „მეტალურგი“ მინიმალური ანგარიშით, 0-1, დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, მე-12 წუთზე ლუკა გუგუჩიამ გაიტანა. ამ გამარჯვებით მეგრელებმა თავი დააღწიეს გასავარდნ ზონას და მე-13 ადგილზე არიან. 



„მერანი“ მარტვილი - „ცხინვალი“ ცხინვალი 0-2

გოლი: 45’ თეიმურაზ მარკოზაშვილი, 56’ ლაშა შინდაგორიძე (ორივე „სპარტაკი“)

გაფრთხილება: 90’ ბაქარ ქარდავა („სპარტაკი“)

განახლებულ სტადიონზე გამართული პირველი შეხვედრა მარტვილელთათვის წარუმატებელი გამოდგა, მათ „ცხინვალს“ უმასპინძლეს და 0-2 დათმეს შეხვედრა. სასიამოვნოა, რომ მატჩზე სრული ანშლაგი იყო და ადგილობრივ გუნდს ქომაგობა არ მოკლებია. ანგარიშის გახსნა სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს, 45-ე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა გამოიჩინა თავი. გატანილი გოლის შემდეგ ცხინვალელები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას, 56-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „ჩიხურა“ საჩხერე 2-2

გოლი: 15’ ირაკლი სიხარულიძე („ზესტაფონი“), 56’ თორნიკე მუმლაძე („ჩიხურა), 78’ გიორგი ილურიძე („ზესტაფონი“), 90’ ლაშა კუჭუხიძე („ჩიხურა“)

გაფრთხილება: 37’ ზვიად სიხარულია 50’ ოთარ ხიზანეიშვილი (ორივე „ჩიხურა“), 57’ დენის დობროვოლსკი („ჩიხურა“), 60’ მალხაზ გაგოშიძე („ზესტაფონი“), 79’ მიხეილ სარდალიშვილი („ჩიხურა“), 89’ გიორგი ილურიძე, 90’ ნოდარ გაჩეჩილაძე (ორივე „ზესტაფონი“), 90“ თორნიკე მუმლაძე („ჩიხურა“)

მე-17 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა გამოდგა იმერული დერბი, რომელსაც ზესტაფონმა უმასპინძლა და შედეგიანი ფრით, 2-2, დასრულდა. ანაგრიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-15 წუთზე გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. პირველი ტაიმში ეს ანგარიში შენარჩუნდა და საჩხერლებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს, 56-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ გაიტანა. თამაშის მიწურულს მარგველებმა კდიევ ერთხელ შეძლეს დაწინაურება 78-ე წუთზე გიორგი ილურიძემ გამოიჩინა თავი. მიუხედავად ასეთ დროს გაშვებული გოლისა, სტუმრებმა ყურები არ ჩამოყარეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქულის გადარჩენა მოახერხეს, გოლი ლაშა კუჭუხიძის ანგარიშზეა. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„სიონი“ ბოლნისი - „დინამო“ თბილისი 
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „ჩიხურა“ საჩხერე
„დილა“ გორი - „ტორპედო“ ქუთაისი 

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/fcmerani, www.facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA