სიახლეები

ვალერი გაგუა : ბედნიერი ვიქნები, მამის გზა რომ გავიარო

გაუზიარე

15-დან 26 თებერვლამდე საბურთალოს 15-წლამდელთა გუნდები თურქულ შეკრებაზე იყვნენ, კერძოდ, სიდეში და იქ ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. საბურთალოს პირველმა და მეორე გუნდებმა მოსკოვის დინამოს ლევ იაშინის სახელობის აკადემიის გუნდებთან 0:0 ითამაშეს, შემდეგ ქართველთა მეორე გუნდმა თურქულ მანავგათსფორს 4:1 სძლია, ბოლო მატჩში კი საბურთალოელთა მთავარმა გუნდმა ასევე 4:1 მოუგო შვეიცარიული ბაზელის კონკორდიას.ბაზელის კონკორდია შვეიცარიაში ამ ასაკობრივ ჯგუფში მესამე ადგილზეა. 

საბურთალოს 15-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუაა, რომელსაც გოგა მოდებაძე და ნიკა გავაშელი ეხმარებიან. გაგუას ამ შეკრების შესახებაცვესაუბრეთ და ზოგადად მოზარდთა პრობლემებზეც. ცნობისთვის, ვალერი გაგუა ახლო წარსულში ფორვარდი გახლდათ, ის აწ გარდაცვლილი ცნობილი მწვრთნელის, რეზო გაგუას ვაჟია. რეზო გაგუა კი პირველი ქართველი სპეციალისტი იყო, რომლის გაწვრთნილმა ასაკობრივმა (16-წლამდელთა) ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა: ეს 1997 წელს მოხდა.

ვალერი გაგუა: ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეკრება იყო, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით, რომლსაც თავისი სტადიონები ჰქონდა სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე. ორჯერადი ვარჯიში გვქონდა, დილაობით ფიზმომზადებაში, შუადღეს კი ტაქტიკურ-ტექნიკური. ოთხი მატჩი ვითამაშეთ, შედეგები კი უკვე იცით. მოსკოვის დინამო ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც ძლიერი გუნდი იყო, მათთან თამაშმა გამოცდილება შესძინა ჩვენს ბავშვებს. ფიზიკური თვალსაზრისით, დინამო გვჯობდა, მაგრამ იყო კომპონენტები, რაშიც ჩვენც გვქონდა უპირატესობა. შვეიცარიელებს უფრო ათლეტური ბიჭები ჰყავდათ, ხუთი-ექვსი ფეხბურთელი ჩვენებს ლამის ერთი თავით აღემატებოდა სიმაღლით. ამასთან, ტექნიკურადაც კარგად იყვნენ მომზადებულნი. თუმცა იყო ნიუანსები, რამაც დიდი ანგარიშით მოგვაგებინა. ჯერ ერთი, შვეიცარიელები ბურთის ამოტანაზე მუშაობდნენ, თავიანთი გზიდან არ უხვევდნენ და, ალბათ, სამომავლო გეგმას ანხორციელებდნენ. ასევე ვართ ჩვენც. აშკარად დავჯაბნეთ ბაზელელები, თანაც, მოსკოვის დინამოსთან დაშვებული შეცდომები გაანალიზებული გვქონდა. 

სიახლე არაა, რომ ამ ასაკში ქართველები ძლიერები არიან. შენი აზრით, მერე რა ემართებათ? რაშია ყველაზე დიდი პრობლემა? 

მერე ამ ბიჭებს მიმართულება არ აქვთ. გახდა ფეხბურთელი 18 წლის, ითამაშა ჭაბუკთა ლიგა, მერე ხომ უნდა ითამაშოს ეროვნულ ჩემპიონატში? იქ კი რამდენ 19 წლის ფეხბურთელს ჩამოთვლით, უმაღლეს ლიგაში თამაში რომ უწევდეს? ძალიან ცოტას. 

ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში ახალგაზრდების რიცხვმაიმატა...

კი, მაგრამ, ხომ მაინც გაუცდათ დიდი დრო. უმაღლესი ლიგის გუნდებში ახალგაზრდებს იმიტომ არ ენდობიან, რომ მწვრთნელს დღესვე უნდა შედეგი და ახალგაზრდაზე დაყრდნობისა ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ სამ თამაშს თუ ვერ მოიგებს, მოხსნიან. აი, საბურთალო მიჰყვება არჩეულ კურსს და შედეგიც აქვს. ახალგაზრდებით პირველ ლიგაში თითქმის ყველა მატჩს იგებს და უმაღლესშიც გადადის. სხვა გუნდებიცასე თუ გააკეთებენ, ახალგაზრდები არ დაიკარგებიან. პრობლემა სხვა რამეშიცაა: მაგალითად,  გია გეგუჩაძე უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა მუშაობდეს? ახალგაზრდების წინსვლა იმიტომაც არ ჩანს, რომ უმაღლესში ვერ მუშაობენ გეგუჩაძის, ვასილ მაისურაძის, გიორგი დევდარიანის დონის მწვრთნელები. 

გასაგებია. პირადად შენზე ვთქვათ: ბავშვთა ფეხბურთში კარგი სახელი გაქვს, მაგრამ, ალბათ, უფროსებისკენ მიგიწევს გული. 

დღეს არ მინდა დაჟინება, არიქა, რადგან ა ლიცენზია მაქვს, მაინცდამაინც პროფესიონალებში უნდა ვიმუშაო-მეთქი. ბავშვთა ფეხბურთის დეტალები სამომავლოდ გამომადგება. რა თქმა უნდა, მომავალში სწორედ ეს მიზანი მექნება. 

ელიტლიგაში სეზონში 26 ან 28 მატჩია. ცოტა არაა? ბავშვებს ხომ ხშირი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ...


აშკარად ცოტაა. კარგი იქნებოდა, მატჩების რაოდენობა გაზრდილიყო. თანაც, ამხანაგურ მატჩებსაც ბევრი არ გეთამაშება, უარზე არიან. 

რატომ? 

ზოგს დიდი ანგარიშით წაგება არ სურს, ზოგიც ბავშვებს მალავს, რათა, რომ მოგვეწონოს, საბურთალოში არ წამოვიყვანოთ. ყოფილა ასეთი შემთხვევები, თანაც, არაერთი, როცა ამხანაგურებში მოგვწონებია ბავშვი და გადმოგვიყვანია. ყველას სურს, უკეთეს პირობებში ივარჯიშოს და გაიზარდოს. ამისთვის კარგია უცხოური ტურნირები და შეკრებები, სადაც უცხოელების წინააღმდეგ თამაშისას ბევრს სწავლობ. საბურთალოს ხელმძღვანელობა ამ კუთხით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება უცხოელებთან თამაშისსაშუალება. 

მამაშენი, რეზო გაგუა სამართლიანი და მკაცრი მწვრთნელი იყო. ჰგავხარ? 

მამისგან ვისწავლე ბავშვებთან მუშაობა. ის ფეხბურთით ცხოვრობდა და მეც ასე ვარ. ასე რომ, მისი თვისებები ბუნებრივად გადმომყვა. მახსოვს, საქართველოს ნაკრები გერმანიას, ინგლისს, იტალიასა თუ სხვებს რომ ხვდებოდა, მამა სიხარულისგან ტიროდა ხოლმე. უხაროდა და ეამაყებოდა, მის გაზრდილ ამდენ ფეხბურთელს რომ ხედავდა ქვეყნის მთავარ ნაკრებში. ბედნიერი ვიქნები, მეც იგივე გზა რომ გავიარო. 

ილია ნანობაშვილი