სიახლეები

U17 - ელიტრაუნდის ციებ-ცხელება - ხვალიდან ევროპის ჩემპიონატისთვის ვიბრძოლებთ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკვე ჰოლანდიაში იმყოფება და ელიტრაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. დუისბურგიდან უდენში გუნდი ავტობუსით გაემგზავრა. დაახლოებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, ნაკრები ჰოლანდიის ამ პატარა ქალაქში ჩამოვიდა და სასტუმრო „Van Der Valk - ში დაბინავდა. ამავე სასტუმროში ცხოვრობს ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრებიც. ბელგიისა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებები კი, სხვა სასტუმროში არიან დაბინავებული.

უდენში ჩამოსვლისთანავე, გუნდმა ისადილა და დაისვენა. აქაური დროით 18:00 საათზე კი, ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში გამართა მინდორზე, რომელიც სასტუმროდან 10 წუთის სავალზეა. სათამაშო მინდორზე ვარჯიში ვერ მოხერხდა მასპინძელთა თხოვნით, რადგან, მათი თქმით, წინა დღეები სულ წვიმდა და მოედანს თამაშისთვის უფრთხილდებიან.

გოჩა ტყებუჩავამ ფეხბურთელები საშუალოდ დატვირთა. წვრთნის ძირითადი ნაწილი ტაქტიკური სქემების დამუშავებას დაეთმო. ვარჯიშის შემდეგ კი, გუნდი თეორიულ მეცადინეობაზე შეიკრიბა.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას ჰოლანდიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი სპორტპარკ ზუიდეინდეპარკზე გაიმართება; მთავარი არბიტრი კი, უნგრელი ადამ ფარკასი გახლავთ.

მანამდე კი, თბილისის დროით 19:00 საათზე, ერთმანეთს ბელგიისა და ჩრდ.ირლანდიის 17-წლამდე ნაკრებები შეხვდებიან. 

სფფ-ის პრესსამსახური

უდენი, ჰოლანდია