სიახლეები

როცა სათქმელი დაგროვდა

გაუზიარე

ზღვარი ბრალდებასა და კრიტიკას შორის კარგა ხანია, წაიშალა. ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, ნორმაა რომ კრიტიკა ბრალდებასავით ჟღერს. წლებია, ტელეეთერით თუ პრესით ისმის კატეგორიული ბრალდებები, ფორმითა და შინაარსით ლანძღვას ან სასამართლოს ვერდიქტს უფრო რომ წააგავს, ვიდრე ჯანსაღ ან თუნდაც არაჯანსაღ, მაგრამ მაინც - კრიტიკას. ცხადია, ეს არაა ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფისა თუ პოლიტიკოსების პრობლემა, როგორც ჩანს, ეს ზოგადად ჩვენი საზოგადოების სენია.

ამ მხრივ არც საფეხბურთო თემაა გამონაკლისი.იმ გარემოში, სადაც ფეხბურთში და პოლიტიკაში ყველას თავი პროფესიონალად მიაჩნია,გასაკვირი არაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ბრალდებები არ წყდება. და ეს არ არის დღეს და გუშინ გაჩენილი ტენდენცია, ასეა ფედერაციის დაარსების დღიდან. ასე იყო უფროსი ნოდარ ახალკაცის, მერაბ ჟორდანიას, უმცროსი ახალკაცის დროებაში. ასეა დღესაც და, გავბედავ და ვივარაუდებ, ასე იქნება ხვალაც, ზეგაც და,ალბათ,კიდევ კარგა ხანს.

ამის მაგალითი ფეხბურთის ფედერაციის მიმართ გაჟღერებული არაერთი გამონათქვამია. ბოლოხანს ბრალდებებმა იმატა და როგორც ეს საარჩევნო წელს ხდება ხოლმე, მოსალოდნელია, რომ ტრადიციას არ ვუღალატებთ, ტემპერატურა, უფრო აიწევს, ბრალდებებიც გახშირდება და თავდასხმებიც, ხოლო საკუთრივ კრიტიკა ალბათ ისევ ნაკლები იქნება. ამის მორიგი სიგნალიამ სამიოდე დღის წინაც იყო, როცა ფედერაციის ერთმა შეურიგებელმა ოპონენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების, კერძოდ, სიჭინავასა და მისი გუნდის დამსახურება არაფერ შუაშია იმ ფაქტთან, რომ უეფამ საქართველოს სუპერთასის მატჩის და ელიტრაუნდების ჩატარების უფლება მისცა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელების როლი ამ საქმეში ნულოვანია...

იმის მტკიცება, რომ თურმე მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი რომ გვყავდა და დინამომ 81-ში თასი მოიგო, უეფამ მხოლოდ ამის გამო მოგვცა ელიტრაუნდების და სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარების უფლება, რა თქმა უნდა, არც სოლიდურად ჟღერს, არც სერიოზულად. პრესტიჟული ტურნირების მასპინძლობისთვის ჩვენი მდიდარი ტრადიციების ერთადერთ არგუმენტად მოშველიება არადამაჯერებელი რომაა, იმდენად ნათელია, ამაზე მსჯელობით თავს აღარ შეგაწყენთ. კრიტიკული მოსაზრების ავტორს, ქართული ფეხბურთის მდიდარ წარსულზე აპელირების ნაცვლად ამ მდიდარი ტრადიციების ერთ-ერთი შემოქმედისთვის, მურთაზ ხურცილავასთვის რომ ეკითხა, ვისი დამსახურებაა თბილისში სუპერთასის მატჩის, ელიტრაუნდების და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამართვა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა. რომ ეკითხა, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კომპეტენტურ პასუხს მიიღებდა.

კრიტიკას აქვს თავისი ფორმა და ჩარჩოები. ფორმის არჩევა კრიტიკოსის ემოციისა და გემოვნების ამბავია, ჩარჩოები კი... როცა ჩარჩოებს სცდები, ეს უკვე არის არა კრიტიკა, არამედ სხვისი შრომის გაუბრალოების მცდელობა.

თუკი ვთანხმდებით, რომ ფეხბურთი ჩვენი საერთო სიყვარულია, მაშინ მასზე ზრუნვაც არ ყოფილა მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების საქმე. ცუდია, რომ ჩვენში საერთო საქმის კეთებისა და თანამშრომლობის სურვილს ხშირად სხვისი საქმიანობის დაკნინების მცდელობა სძლევს. ამგვარ მიდგომას პერსპექტივა არ აქვს. ამის საპირწონე ის იქნებოდა, ყველა თავისი უნარისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებოდა ქართულ ფეხბურთს, რომლის განვითარებას უკვე 25 წელია, ამუხრუჭებს არასათანადო საკანონმდებლო ბაზა, რაც  მასობრივი ინვესტიციების პირობებს ვერ უქმნის ბიზნესს. უმთავრესად, სწორედ ამის შედეგია შესაფერისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობაც, ისიც, რომ ვერა და ვერ შედგა ბიზნესისა და ფეხბურთის კოოპერაცია. ამ პირობებში, 21-ე საუკუნეში ფეხბურთის(განსაკუთრებით, საკლუბო ფეხბურთის) სერიოზულ განვითარებაზე ფიქრი უტოპია მგონია. ამდენად, ჩვენს ფეხბურთს პირველ რიგში სწორედ რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების დახმარება სჭირდება და არაგაკეთებული საქმის დაკნინება თუ გაუბრალოება...

ვერ ვიხსენებ შემთხვევას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ მოუზომელი განცხადება გაკეთებულიყო. სამაგიეროდ, იგივე სპორტის სამინისტროს მიერ გამოთქმული არაერთი ბრალდება უფროწმინდა ემოციურ ფაქტორს, კერძოდ კონკრეტული პიროვნებების მიუღებლობას ემყარება, ვიდრე საქმის რეალურ ანალიზს. როცა ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მსურველი საქმიან კრიტიკას ნახერხისა და ცირკის პასაჟს ამჯობინებს, სასაუბრო და განსასჯელი აღარაფერი რჩება. გინდა, არ გინდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპონენტს, გარდა ქილიკისა, არგუმენტი, უბრალოდ არა აქვს... 

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ წარსულში იყო ხარვეზები ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებისას. რაკი მას ამ მხრივ შეკითხვები აქვს, ბუნებრივად ჩნდება მოლოდინი იმისა, რომახლო წარსულში ჩვენი შესანიშნავი ფეხბურთელი, ვინც დღეს მაღალ სამთავრობო სტრუქტურებს წარმოადგენს,თავადვე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სრულ ჩაურევლობას წლევანდელ არჩევნებში. 

ორიენტირების განსაზღვრისას საკითხი მარტივად დგას: წარსულში რაც იყო, ის უკვე იყო. ახლა ჩვენი ფეხბურთის მომავალზე ერთობლივი ზრუნვისა და მოქმედების დროა. რა თქმა უნდა, წარსულის კარგი და ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით. მაგრამ, იმ გარემოში, სადაც ბრალდება და პიროვნული ხასიათის თავდასხმები კრიტიკასთან იგივდება, ჯანსაღი, საქმეზე ორიენტირებული პოლემიკის არც წინაპირობა და არც იმედი, ჯერჯერობით, არ ჩანს.