სიახლეები

გია ისიანი : სახელმწიფო დახმარების პროგრამა მაქსიმალურად სწრაფად უნდა ამოქმედდეს

გაუზიარე

ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე უნარიანი საფეხბურთო მოხელე გია ისიანი გორის დილადან დაახლოებით ორი თვის წინ წამოვიდა და საფეხბურთო ავანსცენაზე აღარ გამოჩენილა, თუმცა, ცხადია, კოლეგებთან ძველებურად, ლამის ყოველდღიურად ურთიერთობს. ურთიერთობა ურთიერთობად, მაგრამ საკვირველია, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბოლო დროს მოჭარბებული პრობლემების ფონზე ეს გამოცდილი მენეჯერი უკლუბოდაა. ისიანის ცოდნისა და გამოცდილების მქონე კაცი ხომ ჩვენს ფეხბურთში ბევრი არ არის. 
გია ისიანთან ქართულ საკლუბო ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ, პირველად კი მის ბოლო კლუბზე _ გორის დილაზე ვკითხეთ...

ვფიქრობ, დილაში წარმატებული ორნახევარი წელი გავატარე. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გუნდმა ორჯერ ითამაშა ევროპის ლიგის პლეი ოფში და ერთი ნაბიჯი დააკლდა იქამდე, რაზეც ქართული კლუბები 2004 წლის შემდეგ ოცნებობენ _ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრას ვგულისხმობ. ჩინებული გუნდი შევიკრიბეთ მაშინ გორში. იყო ერთსულოვნება, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კარგი სელექცია, დირექტორი, სპორტული დირექტორი, მწვრთნელი თუ სტაფის თითოეული წევრი თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა. მოკლედ, გორზე მხოლოდ კარგი მახსენდება და მიხარია, რომ დღევანდელი გუნდიც წარმატებულად აგრძელებს რამდენიმე წლის წინ დაწყებულ საქმეს. დილას გვერდში უდგანან რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელები, გუნდს ჰყავს ერთგული ქომაგები და ვიმედოვნებ, მათი ერთად ყოფნით გორში მინიმუმ ის შედეგი გამეორდება, რასაც დილამ იქ ჩემი მუშაობისას მიაღწია.   

როგორია გვერდიდან დანახული ქართული ფეხბურთი? 

ჯერ იმას ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს გვერდიდან მაინც არ ვუყურებ, ვინაიდან კოლეგებთან კვლავაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ვიცი, კლუბებს რა უჭირთ და ულხინთ. გული მწყდება, რომ კერძო კლუბებს _ ზესტაფონს, მეტალურგს, ვიტ ჯორჯიას გარკვეული ფინანსური ჩავარდნა აქვთ და ამ პრობლემამ დაღი ჩემპიონატსაც დაასვა. ეს გუნდები რომ ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყვნენ, გაცილებით მაღალი დონისა და უფრო მეტად სანახაობრივი ჩემპიონატი გვექნებოდა. მართალია, ვიტ ჯორჯიას პრეზიდენტს, გურამ რუხაძეს უფულობაზე არასდროს დაუწუწუნია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის ბიუჯეტზე დამოკიდებულ გუნდებში გაცილებით მყარი ფინანსური მდგომარეობაა, ვიდრე, ვთქვათ, ვიტ ჯორჯიაში. სახელმწიფო დაფინანსების მქონე კლუბებს გარანტირებული ბიუჯეტი აქვთ და მათთან კონკურენციაში, თუნდაც ტრანსფერების მხრივ, ვიტ ჯორჯია ვერ იგებს. სწორედ ამიტომ, ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ _ ფეხბურთისთვის სახელმწიფო ხელშეწყობა აუცილებელია და ის პროგრამაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა ამოქმედდეს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ქართული კლუბების ფინანსური დახმარებაა. 

დიდხანს აპირებთ დასვენებას და მხოლოდ ხშირი კონტაქტებით დაკმაყოფილებას?

ცხადია, არა. ჩემი თავი ისევ ფეხბურთში წარმომიდგენია და ასე, მხოლოდ ტრიბუნაზე ყოფნით და კოლეგებთან საუბრით დიდი ხნით არ შემოვიფარგლები. 
 
დღესდღეობით რას აკეთებთ?

ახლა იმ პროგრამის კიდევ უფრო დახვეწაზე ვმუშაობ, რომლის ავტორიც თავად ვარ და კლუბების ხელმძღვანელთა შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ქართულ ფეხბურთში დიდ პერსპექტივას გააჩენს და ყველა მიმართულებით სასიკეთოდ იმოქმედებს.  

თქვენ იყავით უმაღლეს ლიგაში გუნდების 12-დან 16-მდე გაზრდის ერთ-ერთი მხარდამჭერი. ახლა, როცა ჩემპიონატის ნახევარზე მეტია ჩათავებული, რას იტყვით, გაამართლა ასეთი ფორმატის ჩემპიონატმა?

ამართლებს. გავიხსენოთ, აბა, რას ვამბობდი მაშინ, როცა 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას ვქომაგებოდი. კარგად მახსოვს, ვამბობდი, რომ ფორმატის ასე შეცვლის შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში გაიზრდებოდა კონკურენცია, დასაქმდებოდა მეტი ხალხი, ფეხბურთი რეგიონებში უფრო მეტად გადაინაცვლებდა და კალენდარიც გაცილებით უფრო დალაგებული იქნებოდა. რისი იმედიც გვქონდა ჩემპიონატის დაწყებამდე, ყველაფერი გამრთლდდა. ხალხი რომ დასაქმდა, ვფიქრობ, საკამათო არ არის. კალენდარი რომ დალაგებულია, ესეც არ არის სალაპარაკო. უმაღლეს ლიგაში გუნდებს შორის დიდი კონკურენცია რომ არის, ეს ცხრილიდანაც ჩანს. აქამდე ფეხბურთი არ იყო მარტვილში და ახლა არის, აჭარას უმაღლესში გუნდი არ ჰყავდა და ახლა ბათუმის დინამო ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა და მალე სტადიონიც აუშენდება. ფაქტობრივად, უფეხბურთოდ იყო ქობულეთიც, მაგრამ დღეს ამ ქალაქში ორი უმაღლესლიგელი კლუბი თამაშობს. ქალაქში ახლა ყოველ კვირას უმაღლესი ლიგის ტურის ერთი მატჩი მაინც იმართება. 

კი, მაგრამ, სამაგიეროდ, ზესტაფონი იყო დაშლის პირას და რუსთავის მეტალურგი დღესაც ამ მდგომარეობაშია... ხოლო ბოლნისის სიონი დღესაც თბილისში თამაშობს

გეთანხმებით, მაგრამ ვინ იქნებოდა იმის გარანტი, რომ უმაღლესში გუნდების რაოდენობის უცვლელობის შემთხვევაში ეს კლუბები იგევე მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ?! ახლა ზესტაფონი თამაშს რომ აგრძელებს, მეტწილად სწორედ სახელმწიფო თანადგომის შედეგია. რაც შეეხება რუსთავს, რამდენადაც ვიცი, თავის დროზე არასწორად გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგია იქ შექმნილი სავალალო ვითარება. თუმცა, გამოსავალი, ალბათ არსებობს და ვიმედოვნებ, მეტალურგის მესვეურები ყოფილ პატრონთან, ჯოზეფ ქეისთანაც გამონახავენ საერთო ენას. სიონი კი დღესვე ითამაშებდა მშობლიურ ბოლნისში, მაგრამ იმ სტადიონზე დღეს რაგბისა და სიონის მეორე გუნდი თამაშობს. ბოლნისის სტადიონის ინფრასტრუქტურა სათანადო მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი  გარკვეულწილად სახელმწიფო ინტერესებშიც უნდა იყოს.  

ხომ არ იცით, რა ეტაპზეა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა? სახელმწიფო კომისია, რომელიც ადრე თვეში რამდენჯერმე იკრიბებოდა, ბოლო დროს საერთოდ აღარ შეკრებილა...

რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ის კი ნაღდია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილმა 200 ათასმა ლარმა კლუბებს სულზე მიუსწრო. ეს ფული კლუბებმა მთლიანად ვალების გასტუმრებას მოახმარეს და დღეს, რუსთავს თუ არ ჩავთვლით, ფეხბურთელების დავალიანება გუნდებს არ აქვთ. ისე, რამდენადაც ვიცი, სახელმწიფომ კალათბურთის სუპერლიგის გუნდებს დახმარება თანაბრად გაუნაწილა, ასევეა რაგბიშიც და კარგი იქნება, ფეხბურთშიც მსგავსი თუ მოხდება. კლუბების დაფინანსებაზე რომ ვლაპარაკობ, თვალწინ დინამოს მცველი ნიკა ჭანტურია მიდგას. ახლახან მან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით ექვსი თვე უნდა იმკურნალოს. მან ეს ტრავმა დინამოში მიიღო და მკურნალობის ხარჯებს, როგორც წესი და რიგია, კლუბი აუნაზღაურებს, მაგრამ, წარმოვიდგინოთ, რომ ნიკა ისეთ კლუბში ყოფილიყო, რომელიც ფინანსურად ნაკლებუზრუნველყოფილი იქნებოდა, თუნდაც რუსთავის მეტალურგში... ასეთ შემთხვევაში იქმნებოდა საშიშროება, რომ ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი კარიერას დასრულებდა. 

ლუკა თალაკვაძე