უეფას სუპერთასი ჩვენს დედაქალაქშია! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან უკვე მიიღო საპატიო გზავნილი და სასტუმრო რედისონში გამართა სუპერთასის ოფიციალური პრეზენტაცია. მკითხველმა იცის, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის წლევანდელი მფლობელები კონტინენტის საკლუბო ფეხბურთის ამ პრესტიჟულ ჯილდოსათვის 11 აგვისტოს თბილისში იპაექრებენ. რედისონის საკონფერენციო დარბაზში, ზვიად სიჭინავასთან და რევაზ არველაძესთან ერთად თასი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინეს. 11 აგვისტოს მატჩი, რომელის საქართველოში ჩატარების უფლებაც ფეხბურთის ფედერაციამ მოიპოვა, ცხადია, სცილდება წმინდა საფეხბურთო მოვლენის ჩარჩოებს და გაცილებით ფართო დატვირთვას იძენს. ამიტომ, მატჩის ორგანიზებაში ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად აქტიურად არიან ჩართული, როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ისე შესაბამისი საქალაქო სამსახურები.
ერთია ამ დიდი მოვლენის მოპოვების უფლება, რომლის ანალოგი ჩვენს დედაქალაქს არასოდეს ჩაუტარებია და მეორე – მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და მრავალფეროვანი პროგრამის შემუშავება. ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახური დიდი ხანია ამზადებს პროექტს, რომელიც ფეხბურთის ყველა მოყვარულს გაახარებს. სამსახურის ხელმძღვანელის, თათა ბურდულის ცნობით, ივნისის ბოლოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან მიიღებს ევროპის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებსაც. ამრიგად სამივე ევროპული საკლუბო ფეხბურთის თასი თვენახევრის განმავლობაში საქართველოში დაიდებს ბინას. თათა ბურდული, რომელიც ამავდროულად სუპერთასი 2015-ის მარკეტინგისა და პრომოუშენის მენეჯერია, ფედერაციის საზაფხულო გეგმებს გვიმხელს: ,,სამივე ევროპული თასი თბილისში ივნისის ბოლოს ჩამოვა და განხორციელდება მასშტაბური ,,ტროფი ტური”: ევროთასებს საქართველოს 11 ქალაქში ჩავიტანთ. ჯერ კიდევ დგინდება მარშრუტი და ქალაქების შერჩევა. უკვე შერჩეული ქალაქების სია, ჯერჯერობით არაა საბოლოო, ამიტომ ზუსტ მარშრუტს ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ. თუმცა, უკვე შემიძლია გაგანდოთ, რომ ტური დაიწყება ფოთიდან. ალბათ ხვდებით მიზეზს, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ ფოთი, როგორც ქალაქი, საიდანაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ შემოვიდა ჩვენში ფეხბურთი, იქნება პირველი პუნქტი, რომლიდანაც ევროპული თასები დაიწყებენ ქვეყანაში მოგზაურობას. კიდევ ერთი წერტილი, სადაც აუცილებლად გამოვფენთ ევროთასებს, გახლავთ უშგული, როგორც ევროპის უმაღლესი დასახლებული პუნქტი. ანუ, მარშრუტის შედგენისას გვსურს შევაჯეროთ საფეხბურთო და ტურისტული ფაქტორები. მესამე პუნქტი, რომლის დასახელებისთვისაც დღეს მზად ვარ, გახლავთ ქობულეთი, სადაც გაიმართება სკოლბურთის გათამაშების ფინალი. სკოლბურთი, გრასსროოთის პროგრამის ყველაზე მასობრივი ტურნირია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ატარებს და ვფიქრობთ, ჩვენი ნორჩი ფეხბურთელები იმსახურებენ ამ პატივს. უკვე გეცოდინებათ, რომ სუპერთასი-2015-ის ელჩი გახლავთ გიორგი ქინქლაძე, ვინც დაესწრება ჩვენი ღონისძიებების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს. ამ მოგზაურობას ივლისის ბოლომდე მოვილევთ და 1 აგვისტოდან 11 აგვისტომდე სუპერთასი უკვე თბილისში გამოიფინება. 10 აგვისტოს მუშტაიდის ბაღში, ვეტერანებს ესტუმრება და 11-ში ნაშუადღევს კი, უკვე გაქრება თვალთახედვიდან მატჩის დაწყებამდე. რაც შეეხება ბილეთების ფასს, მესმის, რომ ეს თემაც აქტუალურია ფეხბურთის მოყვარულებში, ამიტომ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ გაიყიდება ბილეთები, რომელთა ფასები იქნება 7, 15 და 30 ევრო”.
ამრიგად, სუპერთასი უკვე ჩვენთანაა. ივნისის ბოლოს მივიღებთ ჩემიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თასებსაც და ივლის-აგვისტოში ფეხბურთის ფედერაცია მოაწყობს გრანდიოზულ ,,ტროფი-ტურს” მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ უთუოდ გველის არნახულად საინტერესო და დატვირთული საფეხბურთო ზაფხული, რომელიც 11 აგვისტოს დინამო არენაზე გამართული მატჩით დაგვირგვინდება...

გაუზიარე