სიახლეები

გეგა გობეჯიშვილი: ეს შრომა არ ჩანს

გაუზიარე

არის მატჩები, რომლებიც საგანგებო დახვედრასა და მასპინძლობას, განსაკუთრებულ ორგანიზებას საჭიროებენ. ასეთი იყო საქართველო-გერმანია და გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გვესტუმრა, თბილისურ მატჩს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. სტუმრები იყვნენ უეფადანაც და ამ შეხვედრას განიხილავდნენ 2015 წლის ევროპის სუპერთასისთვის მზადების ჭრილში. 

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო-გერმანია გენერალური რეპეტიცია უნდა ყოფილიყო სუპერთასამდე, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება "დინამო არენაზე". 

როგორ ჩაიარა რეპეტიციამ, ზოგადად რა დატვირთვა აქვს ასეთ თამაშებს ორგანიზაციული თვალსაზრისით? ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი, გერმანიის ნაკრების მეკავშირე ოფიცერი გეგა გობეჯიშვილი მოგვითხრობს:  

"ამ მატჩისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ფედერაციამ ერთი თვით ადრე დაიწყო საქმიანი საუბარი უსაფრთხოების, ტრანსპორტირების, სასტუმროების წარმომადგენლებთან. გერმანიის ნაკრები 27 მარტს ჩამოფრინდა თბილისში, ერთი დღით ადრე კი სამი გერმანელი ჩამოვიდა: გერმანიის ნაკრების უსაფრთხოების ოფიცერი, მზარეული და ნაკრების მენეჯერი თომას ბეშეჰტი. მე უფრო ბეშეჰტისთან მქონდა კავშირი. ყველაფერი შეამოწმეს, დაწყებული სასტუმროში საკვების კალორიულობით, დამთავრებული გზებით. ზუსტად ჰქონდათ გაანგარიშებული, რა დრო სჭირდებოდა სასტუმროდან სტადიონამდე ან აეროპორტიდან სასტუმრომდე მისვლას და ასე შემდეგ. ტრანსპორტირების მენეჯერი ჩვენი თანამშრომელი დავით ქანთარია გახლდათ და სუპერთასზეც ის იქნება. ყველაფერი ისე იყო გათვლილი, რომ ქართველ ქომაგებს არ შეეწუხებინათ გერმანელი ფეხბურთელები. ამიტომ ჩვენც მკაცრად ვიცავდით წესებს. მართალია, გული გწყდება გულშემატკივრების გამო, რომლებსაც სურთ, ახლოს ნახონ გერმანელი ვარსკვლავები, ფოტოები გადაიღონ, ავტოგრაფი გამოართვან, მაგრამ წესია, რომ სტუმართა ნაკრების მოთხოვნის მიხედვით უნდა იმოქმედო". 

გეგა გობეჯიშვილმა გვითხრა, რომ ფედერაციის თანამშრომელთა მუშაობა არ ჩანს, არადა, ასეთი ნაკრებების ჩამოსვლისას ორგანიზაციული მხარის მოგვარება დიდ დატვირთვას მოითხოვს. 

"მესმის, ქომაგს სურს, რომ სტადიონზე მივიდეს, თამაშს უყუროს და მისმა საყვარელმა ნაკრებმა მოიგოს. თუმცა, გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ის პრეცედენტები, რაც 29 მარტის მატჩისას მოხდა, აღარ განმეორდეს. დელეგატი გაკვირვებული ამბობდა, რომ ყველანაირი რეკორდი მოიხსნა მინდორზე გადმოხტომების მხრივ. ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ტრიბუნებიდან ტაშს უკრავენ იმ ადამიანებს, რომლებიც მოედანზე შერბიან. ძნელი მისახვედრია, რომ ამით ფედერაცია და ნაკრები ზარალდება?! ახლა დიდი შანსია, რომ საქართველო-შოტლანდიის შესარჩევი მატჩი უმაყურებლოდ გაიმართოს, ეს კი გულშემატკივარსაც დააზარალებს და ეროვნულ ნაკრებსაც" - გვითხრა გობეჯიშვილმა.  

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს და როდის გამოიტანს ვერდიქტს უეფას სადისციპლინო კომიტეტი. მატჩის დელეგატს უეფაში უკვე გადაცემული აქვს საბუთები, თუ რა როგორ მოხდა. რა ხერხით შეიძლება მინდორზე ქომაგების გადასვლას რომ ხელი შეეშალოს? გარდა იმისა, რომ სტიუარდებს მეტი ყურადღება მართებთ, არის სხვა გამოსავალიც. 

"უნდა გამოცხადდეს, რომ ის, ვინც მინდორზე შევარდება ან პეტარდებს ააფეთქებს, ფინანსურად დაისჯება. ეს უნდა ჩაითვალოს ხულიგნობად. უკვე გაიჟღერა, რომ თითო პეტარდის აფეთქება სფფ-ს შესაძლოა 5000 ევრო, ხოლო მინდორზე თითო გადახტომა – 15 ათასი დაუჯდეს. შვიდი კაცი გადახტა და სასჯელმა შეიძლება 100 ათასზე მეტი ევრო შეადგინოს" - ესეც გობეჯიშვილის სიტყვებია.  

მისი თქმით, უეფას წარმომადგენლები სხვა მხრივ კმაყოფილები დარჩნენ და აღნიშნეს, რომ სუპერთასისთვის უკვე ბევრი რამაა გაკეთებული. 

ახლა მატჩის დღეს გამართულ მიტინგზე, სადაც ოფიციალურად ათანხმებენ ყველა დეტალს, მაგალითად, რომელი გუნდი რა ფორმით ითამაშებს და ასე შემდეგ. ტაბლოს რაც შეეხება, მშვენივრადაა გაკეთებული და მოიწონეს. ტექნიკურად შესაძლებელია ტაბლოზე ლაივ-სტრიმის გაშვებაც, მაგრამ უეფას მოთხოვნით, ამ მატჩზე ეს არ მოხდა. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, თუნდაც ის, რომ  მაგალითად: მსაჯი შესაძლოა შეცდეს, შემდეგ კი ლაივ-სტრიმისას გამოჩნდეს, რომ მსაჯი შეცდა და ეს უკვე მღელვარებას გამოიწვევს.  

ოფიციალურ სადილზე, ნათლად ჩანდა, რომ საქართველოსა და გერმანიის ფეხბურთის მესვეურთა შორის ძალიან ახლო, მეგობრული დამოკიდებულებაა. გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა გაიხსენა, თბილისში პირველად 1979 წელს ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი - გფრ-ს ამხანაგური მატჩი გაიმართაო (გერმანელებმა 3:1 გაიმარჯვეს) და მას შემდეგ საქართველო აშკარად უკეთესობისკენაა შეცვლილიო. ზვიად სიჭინავას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კი იხუმრა: მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნები არ ვართ, უეფასა თუ ფიფას კონგრესებისას სულ გვერდი-გვერდ ვსხედვართ, რადგან ანბანის მიხედვით ასე გვიწევს, ამიტომ, გვინდა თუ არა, უნდა ვიმეგობროთო.

საინტერესო ამბავია, რომ მატჩის წინა დღეს მეკარე მანუელ ნოიერი რატომღაც სხვა ფეხბურთელებზე ადრე მიიყვანეს სავარჯიშოდ. გობეჯიშვილის თქმით, ნოიერი ცალკე ამგზავრეს და გვერდით გერმანიის ნაკრების უსაფრთხოების ოფიცერი და ნაკრების მენეჯერიც მიუსხდნენ. 

და ბოლოს, მიუნხენის ბაიერნს ცალკე თვითმფრინავი გამოუგზავნია თავისი ოთხი  ფეხბურთელისთვის.  

"მიულერი, ნოიერი, შვაინშტაიგერი და გიოტცე ცალკე ამგზავრეს თბილისიდან მიუნხენამდე. საქმე ისაა, რომ გერმანიის ნაკრები თბილისიდან ჩარტერული რეისით ფრანკფურტში გაფრინდა, ბაიერნმა კი უფრო მარტივი გზა მონახა თავისი მოთამაშეებისთვის, თუ რატომ არ შეუერთდა ბოატენგი დანარჩენ ბაიერნელებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით”. 

ილია ნანობაშვილი