სიახლეები

შერბენა - გამორბენა, მუშაობა თუ სელფებზე ნადირობა?

გაუზიარე

მორალისტობა  დიდი ამორალობა მგონია.  სიცოცხლის მთავარი ხიბლი მრავალფეროვნება და თავისუფლებაა, ჰოდა, ამ თავისუფლებას იმდენივე მიმართულება აქვს, რამდენი კაციც ცხოვრობს დედამიწაზე. როგორც კი სხვისი თავისუფლების შემოსაზღვრას იწყებ, უკვე ადამიანის მთავარ უფლებას და, შესაბამისად, მთავარ ღირსებას ლახავ...
ცოტა ძნელია, ადამიანი გულწრფელი ემოციის გამო გააკრიტიკო, თანაც, თუ ეს გულწრფელი ემოცია დადებითია, თბილია და არააგრესიული, მაგრამ არსებობს ცნება - საერთო საქმე, რომელზეც საკუთარი ემოციის ტყვეობაში მყოფი ადამიანები ხშირად არ ფიქრობენ. 

გულწრფელად რომ ვთქვა, გერმანიასთან მატჩში მოედანზე პირველი ტაიმის დასრულებისას შემოვარდნილმა ბიჭმა, რომელმაც კანკავასთან მიირბინა და დაუჩოქა, დადებითი ემოცია გამოიწვია. დანარჩენების ხტუნაობა კი ნამდვილად ზედმეტი და გამაღიზიანებელი იყო. პირველად ამდენწლიანი კარგი მუშაობის შემდეგ, ბევრი მინუსი ჰქონდა სტადიონის უსაფრთხოების სამსახურს, აშკარად მეტია სამუშაო სტიუარდების გადამზადების კუთხითაც. 
ცალკე ფენომენია გულშემატკივრის დამოკიდებულება ფანობის, ფეხბურთელების, თამაშის და ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელსაც ფეხბურთი მოიცავს. არ შეიძლება, ტაშს უკრავდე იმ ადამიანს, ვინც წესრიგს არღვევს და არა იმას, ვინც წესრიგს იცავს. არ შეიძლება, ტრიბუნების სკამებზე საგანგებოდ დაწყობილი დროშები არა ჰიმნის დროს ასაფრიალებლად, არამედ სკამის გასაწმენდად და თბილად დასაჯდომად გამოიყენო. არ შეიძლება, სტადიონზე მოსვლა სხვა ქვეყნის ნაკრების მაისურით, თუნდაც ის ნაკრები იმ დღეს მოედანზე საერთოდ არ იყოს. 
ფანობის გარდა, მოუგვარებელი პრობლემაა მედია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე კარგ შემთხვევაში აშუქებს 10 ჟურნალისტი და 4 ფოტოგრაფი, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის შესარჩევ მატჩებს აშუქებს მაქსიმუმ 30 ჟურნალისტი და 10-15 ფოტოგრაფი, მაშ, საიდან ჩნდება გერმანიასთან, ესპანეთთან და საფრანგეთთან 300 აკრედიტაციის მსურველი ჟურნალისტი? ვინ არის ეს ხალხი? ქვეყანაში სულ 20 ტელევიზია, სამი-ოთხი სპორტული გაზეთი და 30-მდე ინტრნეტ გვერდია, საიდან მოდის დანარჩენი 250  ჟურნალისტი? როდემდე შეიძლება აკრედიტებული ჟურნალისტი მიკროფონით ხელში მატჩისწინა პრესკონფერენციასა და მიქს-ზონაში უცხოელ ფებხურთელებს ფოტოების გადასაღებად დასდევდეს?

სუპერთასის მატჩამდე გერმანიის ნაკრებთან თამაში იყო ყველაზე დიდი და მთავარი რეპეტიცია. სუპერთასის ჩატარებას თბილისში არაფერი უდგას წინ და ვერც რამდენიმე გულშემატკივრის მოედანზე შეჭრა  დააყენებს საფრთხის ქვეშ, მაგრამ შეგვეძლო ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე და ხარისხიანად გაგვეკეთებინა. 
საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ  შემდეგი ოფიციალური საშინაო მატჩი შოტლანდიასთან შესაძლოა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. გარდა ამისა, უეფა ალბათ სერიოზულ ფულად სანქციებს დაგვაკისრებს და ეს ყველაფერი რამდენიმე ადამიანის დაუდევრობის გამო. დაუდევრობაში ის ხალხიც იგულისხმება, ვისი პირდაპირი მოვალეობაც ამ ადამიანების მოედანზე შევარდნამდე დაჭერა იყო. ასეა, მხოლოდ ქეიფსა და სმა-ჭამაში კი არა, ყველაფერში ზედმეტი მოგვდის.

ოთო მუმლაძე