სიახლეები

,,დათო ხო არი დღეს?"

გაუზიარე

ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლა მოულოდნელი და უცნაური იყო.

სადღაც გაქრა მაღალი, გონიერი ფეხბურთელი, ,,დინამოს" ლიდერი და ინტელექტი. ახლაც მახსოვს ,,ვესტ ჰემ" - ,,დინამოს" აპტონპარკულ პროგრამაში ამოკითხული წინადადება: ,,ის რომ დასავლეთის რომელიმე კლუბში თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა". ანდა ,,კიკერის" პირველი გვერდი: ,,ყველაფერი ყიფიანის გარშემო ბრუნავს".

მწვრთნელთა მოსკოვურ-კიევურ-თბილისურმა ტრიუმვირატმა ანდრეი ბალი და სერგეი როდიონოვი არჩია ყიფიანს, რომლის სპორტულ ფორმასაც ეჭვით უმზერდა.

ესპანეთში ყიფიანი ვერ მოხვდა.

შემოდგომაზე კი გაცილება იყო დანიშნული - გამოსათხოვარი მატჩი, რომელიც ბრეჟნევის სიკვდილის გამო არ შედგა. ყიფიანი ასე წავიდა. მახსოვს, ტელევიზორში გამოვიდა და თქვა, ჩემი წასვლის ერთადერთი მიზეზი ტრავმააო.

იური როსტმა უზარმაზარი წერილი დაბეჭდა ,,ლიტერატურნაია გაზეტაში" - ,,ყიფიანი მიდის".

ის წავიდა, მოულოდნელად და უცნაურად. წავიდა და ჩვენი გუნდიც სადღაც წავიდა, გაქრა. ჩვენ კვლავ ტრიბუნებზე ვიყავით, მაგრამ ათნომრიანი მაისურა სხვას ეცვა. აღარ ისმოდა პოპულარული შეკითხვა: ,,დათო ხო არი დღეს?"

მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი - როცა მოედანზე ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც სახეირო უნდა მომხდარიყო. მე მისი იმედი მქონდა. ის დღესაც ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელია. ფაქტობრივად, მის ცქერაში გავხდი გულშემატკივარი.

გიო ახვლედიანი

„სარბიელი“,  2002, 12 სექტემბერი

მეტი, ვიდრე ფეხბურთის ვარსკვლავი

კემპესი და ყიფიანი

დათო ყიფიანი,  იმ ლეგენდარული „დინამოს“  გამორჩეული ვარსკვლავი, ჩემი თაობის კერპი იყო. ორ კვირაში ერთხელ, როცა „დინამო“ საშინაო შეხვედრას ატარებდა, თბილისში მაგარ თამაშებს ვუყურებდით.  დიდ ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალს  ნათელ ფერებში ვხედავდით. მაშინ თბილისში დიდი ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ.  ყიფიანი ის კაცი იყო, ვინც ჩვენს საფეხბურთო გემოვნებას აყალიბებდა და გემოვნებასთან ერთად, ამბიციასაც. როცა უკან ჩივაძე გყავს და წინ ყიფიანი, უკვე დიდი გუნდი ხარ. ჰოდა, 70-იანების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში ისეთი „დინამო“ გვყავდა, არავისთან თამაშს რომ არ უფრთხოდა. იმ პერიოდში გუნდი არ იყო დუნიაზე,  ვისთანაც გამარჯვების შანსი არ გვქონდა. ის გუნდი, ნოვატორი მწვრთნელით, აზრიან და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ისეთს,  თან რომ გახარებს და თანაც სიამაყეს გგვრის.  მეტი თუ არა, ნახევარი გუნდი ვარსკვლავი იყო. გუცაევი-ყიფიანი-შენგელიას ტრიო ნებისმიერ დაცვას მოუძებნიდა გასაღებს. ცენტრალური მცველების დუეტი საშა ჩივაძისა და შოთა ხინჩაგაშვილის სახით, ისე შეწყობილად და სინქრონულად  თამაშობდა, გული საგულეს ჰქონდათ სათადარიგოების სკამზე მწვრთნელებს, მინდორზე თანაგუნდელებს და ტრიბუნაზე თუ რადიო-ტელევიზორებთან - გულშემატკივრებს. აქეთ ქართული ფეხბურთის ვარსკვლავბიჭუნა - დარასელია,  იქით  გაუვალი და დაუღალავი სულაქველიძე, კარში საიმედო გაბელია... 

აი, ამ დიდ გუნდში ასრულებდა პირველი ვიოლინოს პარტიას დათო ყიფიანი. მაშინ ფეხბურთელები ტელევიზორში იშვიათად ჩანდნენ, დათო ქლიბაძე თუ აჩვენებდა ხოლმე თავის „45 წუთში“ ან ,,სპორტულ კალეიდოსკოპში“. ყველამ კი ვიცოდით, რომ ყიფიანი გამორჩეულად კარგი მოსაუბრე იყო, მაგრამ  სულაც არ იყო აუცილებელი, დალაპარაკებოდი  ანაც  მის  მეტყველ თვალებში ჩაგეხედა. ამ კაცის მდიდარი შინაგანი სამყარო,  ინტელექტი და შეუზღუდავი ფანტაზია ტრიბუნებიდანაც  მშვენივრად იკითხებოდა. აზროვნებასთან ერთად, რაღაც მეშვიდე გრძნობაც ჰქონდა, მინდორზე ყველაფერს ამჩნევდა, მისი მზერაცა და პასიც ყველაფერს სწვდებოდა. თითქოს ერთი ტაქტით ასწრებდა ყველას ფიქრითაც და საქმითაც. არ ვიცი, ჭადრაკს როგორ თამაშობდა, მინდორზე კი თამაშის წაკითხვის, სვლების გათვლის დიდოსტატი იყო.  როცა დათო მინდორზე იყო, სწორედ დინამო კარნახობდა თამაშს და ძალზე იშვიათად - პირიქით. ის გუნდი მეორე ნომრად მოთამაშე, თითქმის არ მახსოვს. არ ვიცი, რა უფრო იყო ყიფიანის საფირმო ნიშანი: გრძელი პასი, მართლაც საჭადრაკო როქივით რომ შემოატრიალებდა ხოლმე მოედანზე ვითარებას, ბზრიალა დრიბლინგი, ბოლო, საგოლე გადაცემა, არაფრისგან რომ მოიგონებდა ხოლმე, თუ გოლის გატანის უნარი. ალბათ, ეს ყველაფერი ერთად და  კიდევ - საოცრად ბუნებრივი, ძალდაუტანებელი არტისტიზმი.  დიდი ათიანის შემდეგ „დინამოს“ სტადიონზე, ალბათ, არავის  უთამაშია ფეხბურთი ისე არტისტულად, როგორც ყიფიანს. ერთდროულად დინჯიც იყო, სტიქიურიცა და ბობოქარიც. ქართული ფეხბურთის გალაქტიონი? რატომაც არა?! შემთხვევით არ იყო,  ჩვენს ხელოვანებს ყველაზე მეტად  მასთან ურთიერთობა და მეგობრობა რომ ხიბლავდათ. თითქოს ქართული ხასიათის, ჩვენი ბუნების გამოხატულება იყო: არტისტული, ამაყი, ნაკითხი, კორექტული, მოხდენილი სიტყვა-პასუხითა და გამართული ინგლისურით, ეს კი მაშინ  დიდი იშვიათობა გახლდათ, ფეხბურთელებს  კი არა,  მინისტრებსაც უჭირდათ საყველპურო ინგლისური. ამიტომ, ეს კაცი მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთის ვარსკვლავი...

ლონდონში „ვესტ ჰემთან“ მოგების შემდეგ სიამაყით  ვკითხულობდით ინგლისური ,,გარდიანიდან“ ,,კომუნისტში“ გადმობეჭდილ სტატიას. ერთი უცნაური ციტატა დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას: ,, ყიფიანი ისე ბატონკაცურად დააბიჯებდა „აპტონ პარკზე“, როგორც სოფლის სკოლის დირექტორი დასეირნობს საკუთარი სასწავლებლის ეზოში “...  თუკი „აპტონ პარკზე“ ასე იყო, წარმოგიდგენიათ, „დინამოზე“ რაღა იქნებოდა? 

მის წინააღმდეგ თამაში ადვილი რომ არ იქნებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ამიტომ იყო, ტრავმიანობას რომ ვერ ასცდა. რუსულ საბჭოთა უხეშობას კარიერის დასწყისშივე შეეჩეხა. ამის გამო იყო, თბილისში ბუბნოვსა და კომპანიას ტრიბუნები გამაყრუებელი სტვენით რომ ეგებებოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, არც ევროპელებს დაუკლიათ უხეშობა. „ბერნაბეუზე“ ანხელის ყასბობასაც ჰქონდა ახსნა (ცხადია, არა - გამართლება) და „ბაიერნის“ მადრიდული დემარშიც არ ყოფილა შემთხვევითი. ანხელის გახელება ქართულ ფეხბურთს ძვირად დაუჯდა, მისმა ზღვარგადასულმა უხეშობამ ყიფიანს ბუცები ლურსმანზე  ჩამოაკიდებინა. „რეალის“ მცველს წონასწორობა უთუოდ მისთვის შედარებით უცხო ფეხბურთელის ვირტუოზობამ დააკარგვინა. არადა, ყიფიანი უკვე აღიარებული ვარსკვლავი იყო, ევროპის ნაკრებშიც ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ იმ პერიოდის რეალობა იმგვარი გახლდათ, რომ აღმოსავლეთევროპელ ვარსკვლავებს (იგივე ნილაშის, დეინასა თუ პანენკას) არ ჰქონდათ ის პრესა, რასაც იმსახურებდნენ. „დინამო“, გინდა, არ გინდა, საბჭოეთს წარმოადგენდა, საბჭოეთი კი, დღევანდელი რუსეთისა არ იყოს, გულზე დიდად არავის ეხატებოდა.

იგივე დაემართა რუმენიგესა და ბრაიტნერის „ბაიერნსაც“: ვერ აიტანეს დინამოსთან პირველ ტაიმში განცდილი მარცხი და თამაშის გაგრძელებაზე დემონსტრაციულად თქვეს უარი. ვერ აიტანეს, მათი აღქმით, პერიფერიულ,  პროვინციულ საბჭოთა გუნდთან ტოლ-სწორად თამაში. გაუჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ აგებდნენ გუნდთან, რომელსაც ევროპულ ელიტის ტრადიციულ წარმომადგენლად არ მოიაზრებდნენ. შემთხვევითი  არც მადრიდულ ტურნირზე ვოვა გუცაევის საუკეთესო ფეხბურთელობა იყო, არც რამაზ შენგელიას ბომბარდირობა. მაშინ, ჭეშმარიტად დიდი გუნდი გვყავდა, გუნდი, რომელსაც დამარცხებული ჰყავდა ლივერპული და თასების თასი ჰქონდა მოგებული. 

ყიფიანი დიდი გაქანებისა და მასშტაბის მოთამაშე იყო. ვერავინ დამაჯერებს, რომ  მარიო კემპესი, მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინის ნაკრების სული და გული, 1978 წლის პლანეტის პირველობის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი, დათო ყიფიანზე დიდი ფეხბურთელი იყო.  კემპესიცა და  ყიფიანიც ერთი ამპლუის, მსგავსი ხელწერის დიდოსტატები იყვნენ. აღნაგობითაც წააგავდნენ ერთმანეთს. გრძელთმიანი არგენტინელი ცაცია იყო, ულვაშა ქართველი კი მემარჯვენე. უბრალოდ, კემპესს ძალიან, ძალიან გაუმართლა, ყიფიანს კი - არა. საბჭოთა ნაკრებში, იქ, სადაც გავრილოვებს და შავლოებს დიდი ფასი ედოთ, ყიფიანის ყაიდის ფეხბურთელი სრულად ვერ გაიბრწყინებდა. ეჭვიც არ მეპარება, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ვერც კემპესი გახდებოდა კემპესი და ვერც მარადონა - მარადონა.

,,საათობით ვიდექი მის სახლთან ვერაზე და ვოცნებობდი, აივანზე გამოსულიყო, რომ თუნდაც ერთი წამით შემევლო მისთვის თვალი“. ამ სიტყვებით შოთა არველაძემ მოკლედ და გასაგებად გამოთქვა დიდ ფეხბურთელობაზე მეოცნებე თავისი თაობის ბიჭების სათქმელი. ყიფიანს აღმერთებდა დიდ-პატარა, ყველგან, ნებისმიერ წრეში შინაური და სასურველი სტუმარი იყო. პატარა ბიჭები, ავტოგრაფებს ვინ ჩივის, უბრალოდ, მის დანახვაზე ოცნებობდნენ. მეც ვნატრობდი სადმე შემხვედროდა  მაღალი, ტანხმელი კაცი, მეტყველი, ფიქრიანი მზერითა და საბჭოთა დროებისთვის არადამახასიათებელი დახვეწილი მანერებით. კაცი, ვინც ფეხბურთს თამაშობდა და, ალბათ, აზრადაც არ მოსდიოდა, რომ თავისი საქმის მოხდენილად კეთებით ქართული ფეხბურთის ისტორიასაც წერდა და  ჩემი თაობის საფეხბურთო თვალსაწიერსაც აფართოვებდა.  იმ დროს, ჩაკეტილი სამყაროს ნაცრისფერ სივრცეში, საბჭოთა ბავშვებს ნათელი წერტილი ბევრი არ გვქონდა. ერთი ასეთი იშვიათი სხივი ჩვენი „დინამო“ და დიდი დათო ყიფიანი იყო.