სიახლეები

მჯერა, ცხადაძე შეძლებს გუნდის შეკვრას

გაუზიარე
რამაზ მუმლაძე იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც არაერთი ნიჭიერი მოთამაშე აღმოუჩენია და მერე მათგან მაღალი დონის ფეხბურთელი დაუყენებია. შეგახსენებთ რომ, მუმლაძე ორჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი, 2009 წელს კი დედაქალაქური ვიტ ჯორჯია ქვეყნის ჩემპიონი გახადა. მისი დონის სპეციალისტის პროფესიული მსჯელობა, საქართველოს და გერმანიის ნაკრებების შეხვედრაზე, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.   

საქართველოს ნაკრებმა გერმანელებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ ამ თამაშიდან?

ახალი მწვრთნელის მოსვლას ყველგან ახლავს სიახლეები და ასე იყო ამჯერადაც. თვალში მეცა რამდენიმე პოზიტიური მომენტი. გერმანელებთან შეხვედრაში, ნაკრები ცდილობდა უფრო მეტ ხანს შეენარჩუნებინა ბურთი და შეძლებისდაგვარად დიდხანს ყოფილიყო შეტევაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იყო, მაგალითად კვლავ გვიჭირს მეტოქის კარის ჩარჩოში დარტყმა და საგოლე მომენტებამდე შეტევის დაბოლოება. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ ორი საკვანძო მომენტი. პირველი: ეს კახა ცხადაძის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, რამდენიმედღიანი შეკრება კი ყველაფრის თავის გემოზე მოსამართად საკმარისი ნამდვილად არ არის. მეორე მომენტი ის გახლავთ, რომ ვეთამაშეთ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებს, ანუ უძლიერესი მეტოქე გვყავდა.

პირველ ტაიმში ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვიყავით ორიენტირებულნი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს ნახევარზე გერმანელები მაინც პოულობდნენ თავისუფალ სივრცეებს.

უკვე აღვნიშნე, რომ კახა ცხადაძეს მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა იმისათვის, რომ სათანადო ტაქტიკა და შემადგენლობა შეერჩია და ამის გამო გარკვეული ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო და მათ ძალიან კარგათ ექნებოდათ შესწავლილი ჩვენი გუნდის ყველა სათამაშო ნიუანსი. მიულერის, გიოტცეს და როისის დონის ფეხბურთელებს არასოდეს უჭირდათ სივრცეების ათვისება. ჩვენებმაც ბოლომდე მოინდომეს და ეს უნდა დავინახოთ. ვიმეორებ, მეტოქედ გვყავდა მსოფლიოს უძლიერესი გუნდი. ავიღოთ თუნდაც კახა მახარაძის მაგალითი, რომელიც უზბეკეთის ჩემპიონატიდან უცბათ მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ აღმოჩნდა. ასევე პრობლემა შეგვიქმნა ამისულაშვილის ტრავმამ, მართალია საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში ლაშა დვალი, მაგრამ თავიდან, ბუნებრივია, მაინც ეტყობოდა ნერვიულობა. ამისულაშვილის გამოცდილების მქონე ფეხბურთელის ბოლომდე ყოფნა კი ნამდვილად წაგვადგებოდა.

საინტერესოა თქვენი მოსაზრება ლევან მჭედლიძეს თამაშთან დაკავშირებით. ძნელია ფორვარდის თამაში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასო, როდესაც მას არცერთი დარტყმა არ ააქვს კარის ჩარჩოში, მაგრამ ისიც ფაქტია რომ მას პრაქტიკულად მარტოს უწევდა ჰუმელსთან და ბოატენგთან ტოლ-სწორად ბრძოლა და არაერთხელ შეძლო ბურთის შენარჩუნება და საერთოდაც დიდი სამუშაო გასწია.

პირადად მე ძალიან მომწონს მჭედლიძის თამაშის მანერა და ნამდვილად მივესალმები იმ ფაქტს, რომ კახა ცხადაძემ სწორედ ის დააყენა თავდასხმის ხაზში. ამ ბიჭს მთელი თამაშის განმავლობაში უდიდესი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია, მაგრამ ნახევარმცველები თუ არ დაეხმარნენ და კარგ პოზიციაში მყოფი გადაცემებით არ მოამარაგეს, მჭედლიძე კი არა, მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებიც ვერაფერს იზამენ. გავიხსენოთ, რომ ის გასაქანს არ აძლევდა სტუმართა ცენტრალურ მცველებს და საჰაერო დუელებშიც უქმნიდა მათ პრობლემებს. ამიტომ მის თამაშს მაღალ შეფასებას მივცემდი.

გერმანიის ნაკრებზე რას იტყვით? გასაგებია, რომ მსოფლიო გრანდია...

ბოლო პერიოდში ასეთი დონის ნაკრებს თბილისში არ უთამაშია, ერთადერთი ესპანელებს თუ შევადარებ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ არსენალში უარმავი ტაქტიკური სქემაა და მზად არიან თამაშის ნებისმიერი სცენარით წარმართვისთვის. ცალსახად დიდი გუნდია უმაღლესი კლასის შემსრულებლებით, დიდი მწვრთნელით და მდიდარი ტაქტიკური არსენალით.

რა თქმა უნდა, ტაქტიკური თვალსაზრისითაც ბევრი გვიკლია გერმანიის ნაკრებამდე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო ორ შეხვედრაში, უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას საქართველოს ნაკრებმაც რამდენჯერმე შეცვალა სათამაშო სქემა.

და ეს ძალიან კარგია. როგორც ვთქვი, ახალი მწვრთნელის მოსვლით, გარკვეული სიახლეები უკვე ინერგება და ეს სწორედაც რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. თანაც სათქმელია, რომ ტაქტიკა იცვლებოდა თამაშის შინაარსისა და საჭიროების მიხედვით და არა იმისათვის, რომ უბრალოდ ასეთი რამ დაფიქსირეულიყო.

მიმდინარე შესარჩევში საქართველო მაღალი ადგილებისთვის ვეღარ იბრძოლებს, მაგრამ მომდევნო ეტაპისთვის საფუძვლიანად მოსამზადებლად, კახა ცხადაძეს საკმარისი დრო და თამაშები ექნება, რომლებშიც გამოცდის როგორც ფეხბურთელებს, ისე სხვადასხვა ტაქტიკურ სქემას. 

გეთანხმებით, დრო ნამდვილად საკმარისია მომდევნო შესარჩევ ეტაპამდე და მჯერა, კახა ცხადაძე კონკურენტუნარიან ნაკრებს ჩამოაყალიბებს. მართალია, ახლა არ გვაქვს შესაშური სატურნირო ვითარება, მაგრამ თითოეულ დარჩენილ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. დარჩენილი მატჩები პოლონეთთან, შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და გასვლაზე იგივე გერმანიასთან, ბიჭებს უდიდეს გამოცდილებას შესძენს. მთავარი, რა თქმა უნდა, მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის სოლიდური, ბრძოლისუნარიანი გუნდის გაკეთებაა და ეს სამუშაო უკვე დაწყებულია.

ანუ გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველი აქვს?

ჩემი აზრით, ამ რესურსით საკმაოდ კარგი ნაკრების ჩამოყალიბება შეიძლება. ნამდვილად არ არის ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების ნაკლებობა, გვყავს საკმაოდ მცოდნე მწვრთნელი, რომელსაც სათანადო გეგმა რომ არ ჰქონდეს, ამ საქმეს ხელს არც მოკიდებდა. ამიტომ, კახა ცხადაძეს მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო. მას ახლა მშვიდი სამუშაო გარემო და ჩვენი საფეხბურთო ოჯახის თანადგომა სჭირდება.

პაატა ძნელაძე