ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც შემოდგომიდან ოფიციალურ მატჩებს 17-წლამდელთა ნაკრების სტატუსით ჩაატარებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილია, სამწვრთნელო შტაბში კი ტარიელ კანდელაკი, ვახტანგ იაგორაშვილი, თემურ ლორთქიფანიძე და აკაკი დევაძე შედიან.
საქართველოს ნაკრები პირველ შესარჩევ რაუნდს უნგრეთში ჩაატარებს, სადაც ჯგუფში, მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად რუმინეთი და სლოვაკეთი ეყოლება. ელიტრაუნდში ორი საუკეთესო გადავა, თუმცა არსებობს მესამე ადგილიდან გასვლის შანსიც. ჯგუფის მატჩები 24 ოქტომბერს დაიწყება და 29-ში დასრულდება.
იანვარში გაცნობეთ, რომ ავსაჯანიშვილის გუნდმა შეკრება ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე გაიარა და იქ ჩასულ ყაზახეთის ნაკრებთან სამი ამხანაგური მატჩი გამართა. 12-14 აპრილს კი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ბაქოში ელის ოთხთა ტურნირი, სადაც ჩვენი და მასპინძლების გარდა, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებები ითამაშებენ. ტურნირი წრიული იქნება, შესაბამისად, სამივე მეტოქესთან მოგვიწევს შეხვედრა.
ივნისში ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრები არც ამ ღონისძიებას დააკლდება. ასტანური მოწინააღმდეგეები მოგვიანებით გაირკვევა.
აგვისტოში ავსაჯანიშვილის გუნდს პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი ელის, მერე სომხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ (თბილისში ან ერევანში) და შესარჩევი ტურნირიც კარს მოგვადგება.
ორიოდ სიტყვით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შესახებ: გუნდის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა თბილისურ კლუბებში თამაშობს, რამდენიმე მათგანი კი რეგიონებიდანაა – ლანჩხუთიდან, ახალციხიდან და ჟინვალიდან.
საქართველოს სხვა ასაკობრივი ნაკრებების მსგავსად, ავსაჯანიშვილის გუნდიც 4-3-3 სისტემით თამაშობს. ავსაჯანიშვილი მოხარულია, რომ ეს თაობა საკმაოდ ტანმაღალია. 16-წლამდელებში მრავლად თამაშობენ 185-190 სანტიმეტრის სიმაღლის ბიჭები.
რაც შეეხება მეტოქეებს, ავსაჯანიშვილს მათი თამაშების ჩანაწერები უკვე ნანახი აქვს: `ვერ ვიტყვი, რომ იოლი ჯგუფი შეგვხვდა. მართალია, გრანდი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებს არ შევხვდებით, მაგრამ არც მაჩანჩალებთან გვექნება საქმე. ჩვენი სამივე მეტოქე ფიზიკურად ძლიერი და ათლეტურია. მათთან არც ამ კომპონენტებში უნდა დავიჩაგროთ, ტექნიკითა და კომბინაციური ფეხბურთით კი სამივე მოწინააღმდეგეს უნდა ვაჯობოთ~, - ამბობს ნაკრების თავკაცი.
ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები:
ლუკა გუგეშაშვილი (დინამო)
დავით კერესელიძე (ცხინვალი)
თორნიკე თოიძე (35-ე სკოლა)
მოედნის მოთამაშეები:
გიორგი ამაშუკელი (35-ე სკოლა)
ლუკა ასათიანი (35-ე სკოლა)
ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა)
ლაშა ნიკოლეიშვილი (ჩემპიონი)
ლევან ხარაბაძე (დინამო)
დავითYკიკალიშვილი (დინამო)
დიმიტრი ვირუბოვი (გურია)
აკაკი ქიმერიძე (ახალციხე)
გიორგი კუცია (დინამო)
გოგა ლურსმანაშვილი (დინამო)
თამაზ ბაბუნიძე (დინამო)
გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო)
ლევან ბარაბაძე (35-ე სკოლა)
გიორგი კაკულია (საბურთალო)
ლაშა-გიორგი ობოლაძე (35-ე სკოლა)
თორნიკე კოკაია (დინამო)
ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა)
ბექა ქავთარაძე (ჟინვალი)
გიორგი ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი)
ლუკა ქაფიანიძე (დინამო)
ლუკა სილაგაძე (დინამო)
გიორგი მჭედლიშვილი (საბურთალო)
ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო)
კუცია, ქაფიანიძე და კოპლატაძე ბაქოურ ტურნირს ტრავმების გამო დააკლდებიან, ხარაბაძესა და ბაბუნიძეს პირველი სანაკრებო შანსი ახლა ეძლევათ.
ლევან ჯანეზაშვილი
გაუზიარე