სიახლეები

როგორ გადაუკეტა გზა ქართველმა მცველმა ჩრდილოირლანდიელ ლეგენდას მექსიკური მუნდიალისკენ

გაუზიარე

1969 წლის 10 სექტემბერი – ამ დღეს ბელფასტის `უინძორ პარკზე~ მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ერთმანეთს ჩრდილოეთ ირლანდიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. სამგუნდიან ჯგუფში, საიდანაც მექსიკის საგზური ჯგუფის გამარჯვებულს უნდა რგებოდა, ამ ორი გუნდის გარდა თურქეთი მოხვდა, რომელიც მაშინ მაჩანჩალა იყო და წილისყრისთანავე ცხადი გახდა, რომ მუნდიალზე ბრიტანელთა და საბჭოელთა შორის გამარჯვებული ითამაშებდა.
ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრა ბელფასტში გაიმართა და იქ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ხელსაყრელ ფრეს (0:0) მიაღწია, იმავე წლის 22 ოქტომბერს კი ჩრდილოირლანდიელებს მოსკოვში 2:0 სძლია და ჯგუფიც მოიგო.
ჩრდილოირლანდიელებს არ ჰყავდათ ბევრი ვარსკვლავი, სამაგიეროდ, ამ გუნდის ღირსებას იცავდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჯორჯ ბესტი, რომელიც ბელფასტში საბჭოელთა მარჯვენა მცველმა რევაზ ძოძუაშვილმა გაანეიტრალა, მოსკოვში კი `მანჩესტერ იუნაიტედის~ ლეგენდა ნაკრებს აღარ ჩამოჰყოლია. ბესტს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია...
ბესტის წინააღმდეგ შედეგიანი თამაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია ძოძუაშვილის მდიდარ კარიერაში და ისიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1969 წლის 10 სექტემბერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში საინტერესო ფურცელი ჩაიწერა.
რევაზ ძოძუაშვილი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში ხუთი წელიწადი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში ევროპის ორი და მსოფლიოს ერთი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ასევე, ოლიმპიადაზე ითამაშა და ევროპული ვერცხლი და ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა, დღეს `ჩვენი თამაშის~ სტუმარია და დეტალურად იხსენებს, თუ რამდენი დაბრკოლება გადალახა ამ მატჩის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად და როგორ გაუმკლავდა ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს.

საბჭოთა კავშირის ნაკრების გზა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირისკენ ერთ კონკრეტულ, მაგრამ უძნელეს ამოცანაზე გადიოდა – რადაც უნდა დაგვჯდომოდა, უნდა გაგვენეიტრალებინა ჩრდილოირლანდიელთა გამოკვეთილი ლიდერი ჯორჯ ბესტი.
ეს ის პერიოდი იყო, როცა ნაკრებს ნელ-ნელა ვუშინაურდებოდი და სულაც არ მქონდა გარანტირებული არა მხოლოდ ძირითადში თამაში, არამედ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრაც. იმ მომენტისთვის სიტუაცია ისეთი იყო, რომ დაცვის ფლანგებზე სასტარტოში მოხვედრაზე პრეტენზიას არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი აცხადებდა და ამავდროულად, არავისი კანდიდატურა გამოკვეთილი არ ყოფილა.
სულ რვა კანდიდატი ვიყავით – ოთხი მარჯვენა მცველი და ოთხიც მარცხენა. მახსოვს, სიაში მერვე კაცად ვეწერე, ანუ ძირითადში მოხვედრის ყველაზე ნაკლები შანსი, სამწვრთნელო შტაბის აზრით, სწორედ მე მქონდა. თუმცა ბელფასტურ მატჩამდე რამდენიმე თვე რჩებოდა და მქონდა იმის პერსპექტივა, რომ ამ სიას სათავეში მოვქცეოდი. კონკურენციას ისეთი მაღალი კლასის მცველებს ვუწევდი, როგორებიც პონომარიოვი, ისტომინი და ლოგოფეტი იყვნენ.
მწვრთნელმა ბესტის თამაშის ვიდეოჩანაწერები გვიჩვენა, რასაც ყურადღებით ვადევნე თვალი და გონებაში შევეცადე გამეანალიზებინა, თუ ვის უფრო წააგავდა იგი სტილით, მიშა მესხს თუ სლავა მეტრეველს. საერთო ორივესთან ჰქონდა – მიშას გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით ჰგავდა, სლავას კი – სათამაშო მრავალფეროვნებითა და ტაქტიკური განსწავლულობით. დიახ, ბესტი ერთდროულად იყო საოცარი ინდივიდუალისტიც და ამასთანავე, კოლექტიურ ფეხბურთსაც უმაღლეს დონეზე თამაშობდა, უტევდა ორივე ფლანგიდან და ცენტრიდანაც. საბოლოო ჯამში, თამაშის სტილით მაინც მესხს მივამსგავსე.
მიშასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში არ მითამაშია, მაგრამ ვარჯიშებსა და ორმხრივ თამაშებზე მისი მანერა კარგად ავითვისე და, თავის ქებაში თუ არ ჩამომართმევთ, ჩემი დაჯაბვნა უჭირდა. ერთი სიტყვით, გონებაში აღვიდგინე მესხის ყველა მოძრაობა და გავიხსენე, თუ როგორ ვთამაშობდი მის წინაათმდეგ.
ფიქრისა და მომზადებისთვის დაახლოებით ნახევარი წელიწადი მქონდა. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე თვალწინ მედგა მესხიცა და ბესტიც. ყველა ვარჯიშსა და ყველა მატჩზე ვმუშაობდი საიმისოდ, რომ ბესტის წინააღმდეგ თამაშისას თავი არ შემერცხვინა. თუმცა ჯერ ამ მატჩში მონაწილეობის უფლება მქონდა მოსაპოვებელი, რაც ბესტის განეიტრალებაზე არანაკლებ საძნელო საქმე იყო.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები თბილისის დინამოს თითოეულ მატჩს გულდასმით აკვირდებოდნენ და ვიცოდი, რომ კლუბის შემადგენლობაში ერთ ჩაგდებულ თამაშსაც კი არ მაპატიებდნენ – ჩემი სანაკრებო კარიერა უმალ დასრულდებოდა. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავს მცირედ კომპრომისსაც კი არ ვუწევდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ დინამოში ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩამეტარებინა.
ამ ექვსი თვის განმავლობაში ხანმოკლე სანაკრებო შეკრებები ეწყობოდა და ნაკრების მწვრთნელები იქაც გულდასმით მაკვირდებოდნენ. ფლანგის მცველთა რვაკაციანი სია ნელ-ნელა იცხრილებოდა და ბოლოს ოთხ ფეხბურთელამდე ჩამოვიდა.
ნაკრების ვარჯიშებზე ჩემი უპირატესობა უფრო და უფრო იკვეთებოდა. ყველა საბჭოელი მარცხენა გარემარბი, რომლის მეურვეობაც ორმხრივ თამაშებზე დამავალეს, აბსოლუტურად გავანეიტრალე.Y
ამასობაში მოახლოვდა ჩრდილოეთYირლანდიასთან მატჩი, რომელსაც წინ მოსკოვური ამხანაგური შეხვედრა უძღოდა, სადაც ჩვენი მეტოქე პოლონეთი იყო.ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, რომ ბელფასტში თამაშს ზუსტად ის თერთმეტი კაცი დაიწყებდა, რომლებიც პოლონეთთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვდებოდნენ. 
უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ძირითადში მოვხვდებოდი, მაგრამ... კაჩალინმა მხოლოდ 16 კაცში შემიყვანა და სათადარიგოთა შორის გამამწესა. მეგონა, ქვეყანა თავზე ჩამომემხო, ისიც კი ვიფიქრე, რომ ქართველობის გამო დამჩაგრეს. სიცოცხლე აღარ მინდოდა, ნახევარწლიანი შრომა და თავგანწირვა წყალში მეყრებოდა.
არადა, რაც მართალია, მართალია - მარჯვენა მცველად გამწესებული აფონინი პოლონეთთან კარგად თამაშობს, ხმა აღარ ამომეღება. სამაგიეროდ, პირველი ტაიმი ჩააგდო მარცხენა მცველმა ლოვჩევმა და ტაიმის ბოლოსკენ კაჩალინი მეუბნება, გახურდი, ლოვჩევი უნდა შეცვალოო. ჩემთვის არც მარცხენა მცველობა ყოფილა უცხო, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ბესტის წინააღმდეგ თამაშზე ვოცნებობდი და ვიფიქრე, რადაც უნდა დამიჯდეს, ორ ნომერზე უნდა დავდგე-მეთქი.
დაიწყო მეორე ტაიმი და აფონინს ვეუბნები, კაჩალინმა მარჯვენა მცველობა დამავალა, შენ კი მარცხნივ უნდა ითამაშო-მეთქი. სანამ გაოგნებული კაჩალინი გონს მოვიდოდა, თავი მოვიკალი და პოლონელთა მარცხენაფლანგელს ფეხი არ გავანძრევინე. იგი 20 წუთში შეცვალეს. კაჩალინს ხმა აღარ ამოუღია. 2:0 მოვიგეთ.
მატჩის შემდეგ იგი მხოლოდ მსუბუქი საყვედურით შემოიფარგლა, მივხვდი, რომ ძალიან მოვეწონე. თავი ვერ შევიკავე და ცოტა უხეშად ვუთხარი, აბა, სხვანაირად როგორ დამემტკიცებინა, რომ ძირითადში თამაშს ვიმსახურებ-მეთქი.
პოლონეთთან მატჩის შემდეგ საბჭოთა სპორტულ პრესაში მწვრთნელთა და სპეციალისტთა გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა – 20 კაციდან 18-მა თქვა, რომ ბესტის წინააღმდეგ მე უნდა მეთამაშა. ისე, ჩემს კონკურენტებს რომ ვუყურებდი, ვხედავდი, რომ ამის დიდი სურვილი არც ჰქონიათ – ნაკრებში ჩაგდებული ერთი მატჩი სანაკრებო კარიერის დასრულებას ნიშნავდა და არ სურდათ ამხელა რისკზე წასვლა.
ჩავედით ბელფასტში და უკვე ვიცოდი, რომ ძირითადში ვითამაშებდი. ფაქტობრივად, არ მინერვიულია, რადგან ნახევარი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ამ დაპირისპირებისთვის ბოლომდე მოვამზადე. მთავარი ბრძოლა, რასაც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ერქვა, უკვე მოგებული მქონდა.
მატჩისწინა მოთელვაზე ბესტი ახლოდან შევათვალიერე. ჩემს წინაშე ტანდაბალი და ფიზიკურად სუსტი ბიჭი იდგა, რომლის ვიზუალსაც ჩემში შიშის ნატამალიც არ გამოუწვევია. ვიფიქრე, ამან რა უნდა მიქნას-მეთქი. ერთი კი იყო – ბესტი საოცრად ლამაზი მამაკაცი იყო და ისიც კი გავიფიქრე, ბუნების ამ შესანიშნავ ქმნილებას უხეშად როგორ უნდა მოვექცე-მეთქი.
თუმცა დაიწყო თამაში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მახსოვს, ერთი ტრიბუნა ლამის მთლიანად ბესტის თაყვანისმცემელი ქალებით იყო სავსე და როგორც კი ბურთს მიიღებდა, გულისგამაწვრილებელი კივილი ისმოდა. თუმცა ბურთიან ბესტს გასაქანი არ მივეცი და, ფაქტობრივად, ყველა ორთაბრძოლა მოვუგე. რამდენჯერმე ხისტად, მაგრამ თამაშის წესების დაცვით ვეთამაშე, რაზეც წამოენთო, მაგრამ მეც არ დავუთმე და აგრესიის სურვილი დავუკარგე. მოკლედ, ბელფასტში სასურველ ფრეს მივაღწიეთ, მოსკოვში კი ბესტი აღარ ჩამოსულა...
იმ შეხვედრის შემდეგ ბესტმა პრესასთან საუბარში აღიარა, ერთადერთი მცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ვერაფერი მოვუხერხე, ძოძუაშვილიაო...
ბესტს ამის შემდეგაც შევხვდი, ოღონდ ამხანაგურ მატჩში. მას მაისურა ორივეჯერ გავუცვალე. ბესტის ერთი მაისურა ქუთაისის სპორტულ მუზეუმში ინახება, მეორე კი თბილისის მუზეუმიდან 90-იანი წლების ქაოსის პერიოდში მოიპარეს.

ჩრდილოეთ ირლანდია – საბჭოთა კავშირი 0:0
10 სექტემბერი, 1969. ბელფასტი. `უინძორ პარკი~. 35 138 მაყურებელი
ჩრდილოეთ ირლანდია: ჯენინგსი, რაისი, ელდერი, ტოდი, ნილი, ნიკოლსონი, კემპბელი, მაკმორდი, დუგანი, კლემენტსი (ჯექსონი 80), ბესტი.
მწვრთნელი: ბილი ბინგჰემი
საბჭოთა კავშირი: რუდაკოვი, ძოძუაშვილი, შესტერნიოვი, კაპლიჩნი, ლოვჩევი, აფონინი, მუნტიანი, კისელიოვი, ჰუსაინოვი, პუზაჩი, ხმელნიცკი (ევრიუჟიხინი 75).
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი
მსაჯი: მიშელ კიტაბჯანი (საფრანგეთი)

ლევან ჯანეზაშვილი