სიახლეები

როგორ დამაკლდა ერთი ნაბიჯი პელემდე

გაუზიარე

დღეს სახელოვან ქართველ ფეხბურთელს, რევაზ ძოძუაშვილს დაბადებიდან 70 წელი უსრულდება. "ჩვენი თამაში" განმეორებით გთავაზობთ მის მოგონებას, სადაც ძოძუაშვილი ლეგენდარული ჯორჯ ბესტის წინააღმდეგ თამაშს იხსენებს.
გუშინ კი მას მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის პერიპეტიების გახსენება ვთხოვეთ.

მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულია, რადგანაც ჩვენი ქვეყნიდან იქ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი მოხვდა. ჩემს გარდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების განაცხადში შეიყვანეს ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია.
ეს ჩემთვის პირველი მუნდიალი იყო და სამწუხაროდ, უკანასკნელიც. როგორც იცით, 1974 წლის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა, საბჭოთა კავშირის ნაკრები პოლიტიკური მიზეზების გამო არ გაემგზავრა.
მაშინ სხვა დრო იყო, საბჭოთა ფეხბურთელისთვის მაღალი ხელფასი საოცნებო იყო და მსოფლიო დონის ვარსკვლავიც რომ ყოფილიყავი, ეს შენს შემოსავლებზე არ აისახებოდა. წარმოიდგინეთ, მექსიკაში მთელი ჩემპიონატისთვის ჯიბის ფულად მხოლოდ და მხოლოდ 100 დოლარი მოგვცეს. ერთადერთი შეღავათი ის იყო, რომ ფეხბურთელებს `ადიდასი~ და `პუმა~ მათი ბუცების ჩაცმის სანაცვლოდ 500 დოლარს გვაძლევდნენ და ამას საკავშირო ფედერაცია არ გვიკრძალავდა.
არასახარბიელო იყო კლიმატური პირობები. იქაური დროით, თამაში დილის 11 საათზე იწყებოდა და ტემპერატურა 30 გრადუსზე დაბალი არ ყოფილა. 
მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბესტის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშე, მეგონა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ნაკრებში კონკურენტი აღარ მყავდა, მაგრამ შევცდი. პირველ მატჩში, რომელიც მასპინძელი მექსიკის წინააღმდეგ ჩავატარეთ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ძირითად შემადგენლობაში ჩემს ნაცვლად მოსკოვის სპარტაკელი გენადი ლოგოფეტი  დააყენა. მექსიკასთან 0:0 ვითამაშეთ, შედეგი და გუნდის თამაში უარყოფითად შეფასდა, თავი დიდად ვერც ლოგოფეტმა გამოიჩინა და ძირითადში დამაბრუნეს.
მეორე ტურში ბელგია, რომელმაც მანამდე სალვადორს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, 4:1 გავანადგურეთ. სასტარტოში ვიყავი და ბელგიელთა მარცხენა გარემარბი სრულად გავანაიტრალე. ჩვენი ოთხი გოლიდან კი ერთი კახი ასათიანმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კი სალვადორი 2:0 დავამარცხეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ეს მატჩი შეუცვლელად ჩავატარე.
მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე ურუგვაი იყო. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ძირითად დროში ტოლი არ დავუდეთ და 0:0 ვეთამაშეთ. დამატებითი დრო დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ვალენტინ აფონინმა დაინახა, რომ ბურთი პირით ხაზს იქით იყო გადასული. იგი გაჩერდა, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა, ურუგვაელმა მას ბურთი მოპარა და 117-ე წუთზე მეტოქემ გამარჯვების გოლი გაგვიტანა.
ძალიან გულსატკენი იყო, მედლამდე ერთი ნაბიჯი რომ დაგვაკლდა. თანაც, ნახევარფინალში მეტოქედ ბრაზილია გვეყოლებოდა და გადაწყვეტილი იყო, რომ პელეს წინააღმდეგ პერსონალურად მე უნდა მეთამაშა...
საერთო ჯამში, ნაკრების მექსიკური ასპარეზობა დადებითად შეფასდა და ჩემი კარიერისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი მართლაც განსაკუთრებულ მოვლენაც იქცა.
როცა 1974-ში  მუნდიალზე არ გაგვიშვეს, მივხვდი, რომ მოედანზე ჩემთვის საინტერესო აღარაფერი მოხდებოდა და ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, ორიოდე წელიწადში კი ფეხბურთელის კარიერაც დავასრულე. მაშინ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების საშუალება რომ ყოფილიყო, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვიჩქარებდი. ჯანმრთელობაც ხელს მიწყობდა საიმისოდ, რომ თამაში გამეგრძელებინა, რეჟიმსაც ვიცავდი და ტრავმაც არასდროს მიმიღია. მაგრამ, როგორც გითხარით, მოტივაცია დავკარგე, ფსიქოლოგიურად გადავიღალე.
მაშინ უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამწვრთნელო კარიერას დავიწყებდი და დრო უქმად არ დამიკარგავს. ჩემს სამწვრთნელო საქმიანობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ეს შემდეგისთვის გადავდოთ.
ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ, საღამოობით კი ჩემი შვილიშვილის, ვანო ძოძუაშვილის ვარჯიშებსა და თამაშებს ვესწრები. ვანო ცენტრფორვარდია, მონაცემები აშკარად აქვს და იმედია, იმედებს გამიმართლებს.
მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ და ჩემი ფეხბურთით სიამოვნება მივანიჭე. თავს მხნედ ვგრძნობ და მინდა, კიდევ ვიდგე ქართული ფეხბურთის სამსახურში. ჩემი სამწვრთნელო კარიერაც არ მიმაჩნია დასრულებულად, მოვა დრო და ჩემს საყვარელ საქმიანობას გავაგრძელებ.

ლევან ჯანეზაშვილი