სიახლეები

აღმოჩენა ბახმაროს ეზოში

გაუზიარე

“ვაკო ყაზაიშვილი პირველად ბახმაროში ვნახე. მაშინ 9 წლისა იყო და თვალში მომხვდა. ჩემს მეგობარ მწვრთნელ მამუკა კიკვილაშვილს გავყევი ბახმაროს შეკრებაზე, იქ ეზოში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. დავდექი და ვუყურებდი. ჩემი საქმეც ეგ იყო, ვიღაც მეპოვნა, შემემჩნია. ქვებით გააკეთეს კარები და თამაში დაიწყეს. ერთი ბავშვი განსაკუთრებით მომეწონა, კარგად ატყუებდა, მშვენიერი ტექნიკა ჰქონდა. აქედან დაიწყო ჩემი და ვაკოს ნაცნობობა” – გვიყვება თემურ ფოცხვერია, რომელიც ყაზაიშვილს რვა წლის განმავლობაში წვრთნიდა. 

თემურ ფოცხვერია იმ დროს თბილისის ოლიმპის 1993 წელს დაბადებულ ბავშვთა მწვრთნელად მუშაობდა, შემდეგ საბურთალოში გადავიდა და ფეხბურთელებიც თან წაიყვანა. დღესაც საბურთალოშია, ინდივიდუალური მომზადების ცენტრში ავარჯიშებს ბავშვებსა და ჭაბუკებს.

ყაზაიშვილი გურიაშია დაბადებული და ფოცხვერია გვიყვება, რომ თავიდან ოზურგეთის მერცხალის ბავშვთა გუნდში თამაშობდა. 9 წლის ბავშვის თბილისში ჩამოყვანა დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება, საჭიროა მშობლების დაყოლიება, დარწმუნება.

ფოცხვერია: ბახმაროს ეზოში თამაში რომ დაამთავრეს, ბავშვთან მივედი და ვუთხარი, რომ მისი მშობლების ნახვა მინდოდა. ერთ კვირაში მოვლენო. გავიდა ერთი კვირა და მამამისს ველაპარაკე, თქვენი შვილის თბილისში წაყვანა მსურს და იმედია, თქვენც გადმოხვალთ საცხოვრებლად-მეთქი. კაცმა მითხრა, თბილისში გამარჯობის მთქმელიც არავინ მყავს, იქ რომ წამოვიდე, რა გავაკეთოო. ვუთხარი, რომ ყველანაირად მხარში ამოვუდგებოდით. დაფიქრდა და მკითხა: “კი, მაგრამ არ დაიჩაგრება ჩემი შვილი თბილისში? ითამაშებს? გაქაჩავს?”. დარწმუნებით რა უნდა მეპასუხა, მაგრამ ის ვუთხარი, რომ ბავშვს პოტენციალი ჰქონდა და ჩვენც ყველანაირად დავეხმარებოდით. ვაკოს მამამ იყოყმანა და ძლივს გადაწყვიტა.

თბილისში თავიდან გაუჭირდა ვაკოს?

ოლიმპში პირველი ვარჯიშებისას დაიბნა, რადგან სხვანაირი მზადების პროცესი ნახა. თუმცა მალე შეეჩვია, ნელ-ნელა უმატებდა და ლიდერიც გახდა. ჩამოყვანიდან რამდენიმე თვეში ბენდელას თასი მოვიგეთ, ფინალში თბილისის დინამოს 5:0 მოვუგეთ და ვაკომაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში. თუ სწორად მახსოვს, ტურნირის ყველაზე ტექნიკური მოთამაშის პრიზი მისცეს. თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შემდეგ ოლიმპშივე, თემურ უგულავა დაგვეხმარა და გავხსენით სპეციალური კლასი, შეჯიბრები იყო არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სასკოლო საგნების სწავლაში.

ყაზაიშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელებიც გყავდათ, რომლებიც დღეს ცნობილნი არიან. 

დიახ. გიორგი ჭანტურია, გიორგი პაპავა, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი... ოლიმპიდან საბურთალოში მაშინ გადავედით, როცა ეს ბიჭები 13 წლისანი იყვნენ. მანამდე ერთი წლით ადრე კი დანიაში მოვიგეთ პრესტიჟული ტურნირი. საბურთალოში ვაკოს ხელფასიც დაუნიშნეს, კლუბის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გვერდში ედგა და ოჯახმაც ამოისუნთქა. მოგვიანებით კი, თქვენც იცით – ჩვენი გუნდიდან გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში 10 ბიჭი მოხვდა. მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე ჩვენები იყვნენ. ამის გამო დევდარიანი უხერხულობას გრძნობდა, უნდოდა სხვა გუნდებიდანაც ჰყოლოდა ბავშვები, მაგრამ სიის ჩამოწერას რომ დაიწყებდა, კალამს გადააგდებდა-ხოლმე, რა ვქნა, ძალით ხომ არ მოვიყვან სხვა სკოლიდან ვინმეს, საბურთალოელები სჯობნიანო. 

სულ ამ პოზიციაზე თამაშობდა, როგორც დღეს?

არა, როცა უკვე თერთმეტი თერთმეტზე თამაშზე გადავიდნენ, 4-4-2 სქემაში ცენტრალურ ნახევარმცველად ვათამაშებდი, საყრდენის ოდნავ წინ. და რატომ: შექმნასთან ერთად, ვაკოს ჩაშლაც შეუძლია, ბურთის წასართმევად იბრძვის. მე უფრო ცენტრში ვხედავ მის ადგილს, ვიდრე ფლანგზე. ამის შესახებ გია ცეცაძესაც ვესაუბრე. გიორგი ჭანტურიაც უფრო ცენტრში, უკანდაწეულ ფორვარდად სჯობს, რადგან როცა საჯარიმოს ხაზთანაა, მაშინაა მაგარი. ეს ჩემი პირადი აზრია.

ვაკო როგორი ხასიათის ბავშვი იყო?

თავმდაბალი და წყნარი. მისგან წარმოუდგენელი იყო სიტუაციის არევა. ბავშვური ცელქობაც არ ახასიათებდა. თავმოყვარე ბიჭი იყო და ერიდებოდა, რომ ვინმეს შენიშვნა მიეცა. რა თქმა უნდა, საფეხბურთო კუთხით შენიშვნებს არ ვგულისხმობ. ვაკოსთან კონფლიქტი და რამე ამდაგვარი გამორიცხული იყო. მომთმენი ხასიათი ჰქონდა, ეტაპ-ეტაპ მიდიოდა წინ. მაგალითად, ჭანტურია ხმაურით იწყებს კარიერას, თავიდან უფრო ჩანს, ვაკო კი ნელ-ნელა უმატებს.

ტრავმები ჰქონდა?

არა. სხვათა შორის, გამოირჩეოდა იმით, რომ ტრავმისკენ საერთოდ არ იყო მიდრეკილი. თავიდან როცა ჩამოვიყვანეთ, მაშინ ჰქონდა უმნიშვნელო ტრავმები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც ხშირად ტოვებდნენ თამაშს, მაგალითად, ხოჭოლავა. ვაკოს კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება: სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, როდესმე ყვითელი ბარათი მიეღოს.

დღეს გაქვთ ყაზაიშვილთან კონტაქტი? ხშირად გკითხულობთ?

დიახ, მეტწილად კომპიუტერის მეშვეობით. ერთმანეთს ვულოცავთ დღესასწაულებს. როცა გოლი გააქვს, ან მაგარ თამაშს იგებენ, რა თქმა უნდა, ვულოცავ. ერთხელ ვაკომ დევდარიანს უთხრა, ბურთს რომ მივიღებ, ყურებში მუსიკის ხმა ჩამესმისო. სიამოვნებას იღებს თამაშით და მაყურებელსაც ნასიამოვნებს ტოვებს. დღესაც ასეა.  

ვფიქრობთ, საინტერესო ამბები მოგვიყვა თემურ ფოცხვერიამ. და აქვე ერთი ინფორმაციაც: ყაზაიშვილი ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გაზეთის, ალგემეინ დაგბლად-ის ვერსიით. ვიტესიდან ამ ტურის სიმბოლურში სხვა არავინ მოხვედრილა. შეგახსენებთ, არნემელებმა 3:0 სძლიეს დროდრეხტს და გურიაში დაბადებულმა ბიჭმა ორი გოლი გაიტანა. 

ერთი საინტერესო დეტალია, რომ ყაზაიშვილს თითქმის ყველა გოლი მეორე ტაიმში გააქვს, ძალიან ხშირად კი ამას ბოლო წუთზე ახერხებს. 

ილია ნანობაშვილი