სიახლეები

ნუკრი რევიშვილი: პირდაპირ მითხრეს, ვერ ითამაშებო

გაუზიარე

რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ ტოსნოში ქართველ ფეხბურთელებს სიტუაცია აერიათ. ორიოდე კვირის წინ ოთარ მარცვალაძესთან კონტრაქტი შეუწყვიტეს, მანამდე მიხეილ გორელიშვილი დაითხოვეს, ნუკრი რევიშვილს საერთოდ აღარ ათამაშებენ და ბოლოხანს გიორგი ნავალოვსკისღა ენდობიან – ისიც, მუდმივად არა. 

რატომ შეიცვალა მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ? შარშან რევიშვილი ტოსნოში მშვენივრად თამაშობდა და პირველი დივიზიონის საუკეთესო მეკარედაც მიიჩნეოდა, ოთხჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. 

მიზეზი ნათელია და ამას არც ნუკრი მალავს: ტოსნოში აღარ მუშაობს მამუკა ჯუღელი, მე-17 ტურის მერე წავიდა. ახლა კი 24 ტურია გასული. ჯუღელის წასვლის შემდეგ კლუბში ქართველებს აღარ ენდობიან. როგორც ნუკრიმ გვითხრა, ტოსნოს შემადგენლობა შარშანწინაც და შარშანაც სწორედ ჯუღელის დაკომპლექტებულია, მან მოიყვანა ფეხბურთელები. 

რევიშვილს რუსეთში დავუკავშირდით...

სეზონის ბოლომდე აღარაფერი შეიცვლება, ზაფხულში კი სხვაგან გადასვლა მომიწევს. საწყენია, რომ მეც უთამაშებელი ვარ და გიორგი ლორიაც. ეს საქართველოს ნაკრებისთვის ცუდია, ივნისში უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩები გველის. 

მწვრთნელი რას გეუბნება? უთამაშებლობის მიზეზს არ გიხსნის?

ტოსნოს პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა მითხრეს, რომ ლეგიონერების ლიმიტის გამო ვერ ვითამაშებდი. ხუთი ლეგიონერი ვართ და აქედან სამი უნდა თამაშობდეს. ნავალოვსკისაც, რა თქმა უნდა, ეხება ლიმიტი. ასევე ეხებოდა მარცვალაძესაც.

კონტრაქტი როდემდე გაქვს?

კიდევ ერთი წელი, მაგრამ ჩვენს წასვლას მაინც სიამოვნებით დათანხმდებიან. არადა, პირველ წრეში მშვენივრად მიდიოდა საქმე, შედეგიც უკეთესი გვქონდა. ახლაც არაა შანსი გადაწურული, რადგან ორი გუნდი პირდაპირ გადადის პრემიერლიგაში და ორიც გადათამაშებაში ხვდება. მეოთხეზე ვართ და მეორეადგილოსანს მხოლოდ ქულით ჩამოვრჩებით. თავისუფლად შეიძლება, ტოსნო გადავიდეს.

ტოსნო სანკტ-პეტერბურგის სიახლოვესაა და ფეხბურთელები სად ცხოვრობთ? სანკტ-პეტერბურგში?

დიახ. სანკტ-პეტერბურგიდან ტოსნომდე 50 კილომეტრია და მანქანით მივდივართ. 

საქართველოს ნაკრებზეც: მარტში მალტასთან მეორე ტაიმში ითამაშე. რა სიახლეები დაინახე კახა ცხადაძის გუნდში? 
ფაქტობრივად, ძირფესვიანადაა შეცვლილი როგორც გუნდური ატმოსფერო, ასევე სათამაშო მოდელი. მაგალითად, მალტასთან მატჩის მეორე დღეს, ვარჯიშზე წელის ტრავმა მივიღე. შემეძლო, რუსეთში წამოსვლა, მაგრამ სიამოვნებით დავრჩი, რადგან ნაკრებში ყოფნა მიხაროდა. გერმანიასთან ვერანაირად ვერ ვითამაშებდი, ფორმალურად ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე. თამაშს რაც შეეხება, ყველა ფეხბურთელი საჯარიმოში არ ჩაკეტილა, გუნდი წინ მიდიოდა, შეტევას ცდილობდა. დარწმუნებული ვარ, ეს არაა ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი. 

რეალურად მიიჩნევ, რომ ივნისის მატჩებში საქართველოს ნაკრები უკეთ ითამაშებს? და რატომ?

დიახ. და ამის წინაპირობა არსებობს. მარტის მატჩებისთვის ნაკრებს მოსამზადებლად დროც არ ჰქონია, ჩამოვფრინდით, სრული შემადგენლობით ერთხელ ვივარჯიშეთ და მეორე დღეს უკვე მალტას ვეთამაშეთ. ივნისში კი მოსამზადებლად მეტი დრო გვექნება. ერთიც: მარტის შეხვედრებში მაინც იგრძნობოდა თამაშში შებოჭილობა, ეს ადრინდელი მატჩების ინერცია იყო. ფეხბურთელებს ეუბნებოდნენ, რომ მათ წინ თამაში არ შეეძლოთ, ყველასთან საჯარიმოში ჩამჯდრები უნდა ყოფილიყვნენ. იმედი მაქვს, ცხადაძე შეძლებს, რომ ეს კომპლექსი მოუხსნას გუნდს. 

ილია ნანობაშვილი