სიახლეები

გიორგი ლორია და ოლიმპაკოსი: დღეიდან ერთად

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია დღეიდან პირეოსის ოლიმპიაკოსის მეკარე იქნება. ბერძნული გრანდი ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტს დღეს გაუფორმებს და ქომაგებს წარუდგენს. ყველაფერი შეთანხმებულ-მოგვარებულია, ოლიმპიაკოსის წევრობამდე გიორგო ლორიას კონტრაქტზე ხელმოწერაღა დარჩა. გუშინ მან ოლიმპიაკოსში სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის უფროსობასთან ერთად ივახშმა. 

ბერძნულ მედიაში კი გავრცელდა ცნობა, რომ ოლიპიაკოსს ქართველი მეკარე ესპანელი რობერტო ხიმენესის შემცვლელად ესახებაო, თუმცა თავად ლორიამ გვითხრა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებაო. ოლიმპიაკოსი რამდენიმე დღის წინ სათადარიგო მეკარემ, უნგრელმა ბალაშ მედეირმა დატოვა და ითქვა, თითქოს ქართველი ოლიმპაკოსმა სწორედ მეორე მეკარის სტატუსით მიიწვიაო. არადა, თურმე, გუნდის ძირითად მეკარეს, ხიმენესსაც უკვე ჩალაგებული აქვს ჩემოდანი და საინტერესო სატრანსფერო წინადადების შემთხვევაში ოლიპიაკოსი მას დაუყოვნებლივ გაყიდის. 

არანაირი სათადარიგო მეკარის სტატუსი. თუ არ ითამაშე და ვარჯიშზე არ გამოიჩინე თავი, ისედაც სათადარიგოდ დარჩები. ოლიმპიაკოსშიც ჩვეულებრივი კონკურენცია იქნება და ვინც უკეთ მოემზადება, ძირითადშიც ის ითამაშებს. ხიმენესი კარგი მეკარეა, მაგრამ, რომ იტყვიან, არ დაფრინავს და ვიმედოვნებ, ის უფრო იქნება ჩემი სათადარიგო, ვიდრე მე - მისი. თანაც, ყოველდღეა მოსალოდნელი, რომ მან ოლიმპიაკოსი დატოვოს, _ კონტრაქტის გაფორმებამდე ჯერჯერობით მხოლოდ ეს  გვითხრა გიორგი ლორიამ, ვინც აქამდე არცთუ სასმიამოვნო ექვსი თვე გაატარა გაკოტრებულ ოფიში. 

ფეხბურთის ქომაგებს პირეოსის ოლიმპიაკოსს საგანგებოდ წარდგენა, ალბათ, არ სჭირდებათ. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს _ ოლიმპიაკოსმა წლეულს 42-ედ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნამდე თემურ ქეცბაია სწორედ ოლიმპიაკოსში მუშაობდა, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ანდრეას ნინიადისი, იგივე ანდრო კიურჯიევი კი რამდენიმე წელიწადი იცავდა ამ გუნდის ღირსებას და შემდეგ დირექტორატში გადაინაცვლა. სადღეისოდ გუნდს პორტუგალიელი ვიქტორ პერეირა თავკაცობს, ვინც ამ პოსტზე ზამთარში ესპანელი მიჩელი შეცვალა. 

გიორგი ლორიამ კარიერა დინამოში დაიწყო 2002 წელს, მთავარ გუნდში კი სამი წლის შემდეგ დაწინაურდა. მას შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ დინამოში 218 მატჩი ჩაატარა, ხოლო წინა ზაფხულს ყაზახურ აქტობესთან წაგების შემდეგ ის მშობლიურ გუნდს დაემშვიდობა და ბერძნულ ოფის მიაშურა. გიორგი ლორიას აქამდე საბერძნეთის სუპერლიგაში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, საქართველოს ნაკრებში _ 31.

კობა ინასარიძე