სიახლეები

ომარ მიგინეიშვილი: ჯერ მშვიდად ვერ ვიქნებით

გაუზიარე
ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ გორის დილას ყველაზე ნაკლები გოლი (20) აქვს გაშვებული და ბუნებრივია, გუნდის მეკარე ომარ მიგინეიშვილიც ქების ღირსია. დილას მეკარეს გუშინ დავუკავშურდით და გუნდის საჩემპიონო პერსპექტივის გარდა, სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ. 

სანამ დილას შესახებ ვისაუბრებთ, დინამოდან წამოსვლის შესახებ მინდა გკითხო:   პირველ წრეში ძირითადი მეკარე იყავი და გუნდიდან რომ წახვედი, ცოტა გასაკვირი იყო.

შემეძლო დავრჩენილიყავი. კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მქონდა, მაგრამ ფინანსურ საკითხზე ვერ შევთანხმდით და წამოსვლა ვამჯობინე.

დილას არავინ მიიჩნევდა ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად, მაგრამ ახლა ყველაზე კარგი შანსი თქვენ გაქვთ.

მთავარ პრეტენდენტად დინამოს თვლიდნენ, მაგრამ ოთხი ტურიღაა დარჩენილი და პირველ ადგილზე ვართ. თან ვერავინ ვერ იტყვის, რომ დილას ლიდერობა შემთხვევითია. თამაშის ხარისხიც კარგი გვაქვს და შედეგიც. ეს უფრო იმის შედეგია, რომ ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ერთი ოჯახს წარმოვადგენთ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა, მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს გუნდში შესაბამისი ატმოსფერო რომ არ შეექმნა. ყველაფერს ისიც ემატება, რომ დილა არსებობის ისტორიაში პირველად შეიძლება გახდეს ჩემპიონი და ქალაქის მერიიდან დაწყებული, გამგეობით გაგრძელებული და უბრალო ქომაგებით დამთავრებული, ყველა ჩვენს გვერდითაა. ეს კი დამატებითი სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის.

ბევრს მიაჩნია, რომ მეორე წრეში გადამწყვეტი შეხვედრა დინამო-დილა (2:2) იყო. არწაგების შემდეგ თქვენი ფავორიტობა კიდევ უფრო რეალური გახდა.

მეც მაგ აზრზე ვარ. დინამოსთან ვაგებდით, მაგრამ ბოლოსკენ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ და შეიძლება სწორედ ეს შეხვედრა აღმოჩნდეს გადამწყვეტი, მაგრამ ჯერ ადრეა ჩემპიონობაზე საუბარი. წინ კიდევ ოთხი ტურია.

ფაქტია, რომ დილას კონკურენტებთან შედარებით უკეთესი კალენდარი აქვს.

იოლი თამაშები ნამდვილად არ გვაქვს. გასვლაზე ვეთამაშებით მერანს და სამტრედიას,  ამ შეხვედრებში კი ქულებს წინასწარ ნამდვილად ვერ დაგეგმავ. მომდევნო ტურში კი კოლხეთს ვმასპინძლობთ, ფოთელები ახლა მშვენიერ ფორმაში არიან და ამის მაგალითი სამტრედიაში ნათამაშევი ფრეა. ყველაზე იოლი კალენდარი კი ბათუმის დინამოს აქვს: მართალია, შემდეგ ტურში თბილისის დინამოს მასპინძლობს, მაგრამ ამის გარდა, ზესტაფონთან ჩაეთვლება მოგება და შუქურას დამარცხებაც შეუძლიათ. თან თანაბარი ქულების შემთხვევაში ბათუმელები გახდებიან ჩემპიონები, ამიტომ ჯერ მშვიდად ყოფნის უფლება ნამდვილად არ გვაქვს.

დილაში შენი კონკურენტი გიორგი სომხიშვილია. ასეთ მეკარესთან კონკურენცია კი მოდუნების საშუალებას არ მოგცემს.

სომხიშვილი ძალიან კარგი მეკარეა და ამაზე მისი კარიერა მეტყველებს. ჩვენს შორისაც ჯანსაღი კონკურენციაა. მეორე წრე ძირითადში მე დავიწყე, მაგრამ მერე დინამოსთან თასზე დასანანი გოლი გავუშვი და რამდენიმე შეხვედრაში უკვე სომხიშვილი იდგა კარში. ახლა ისევ მე ვთამაშობ.

როგორ ფიქრობ, ამ რესურსით დილას რა შეუძლია ევროსარბიელზე?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ევროტურნირების წინ რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით. ისე, არც ამ შემადგენლობას დაეწუნება რამე და როგორც ვთქვი, თამაშის ხარისხიც ტურიდან ტურამდე უმჯობესდება. ასე რომ, დილა ევროპაში თავის სათქმელს იტყვის.

როგორც ვიცი, კლუბთან კონტრაქტი მაისის ბოლომდე გაქვს. აპირებ დილაში დარჩენას?

ამაზე ჩემპიონატის ბოლოს დავილაპარაკებთ. ახლა ყველანი დარჩენილ შეხვედრებზე ვართ გადართულნი და სხვა რამეზე ფიქრისთვის არ გვცალია. სეზონის ბოლოს კი ყველაფერს მშვიდად გავარკვევთ.

ბოლო თამაშებში აშკარად გეტყობა წონაში დაკლება.   

დაახლოებით შვიდი კილო დავიკელი, მაგრამ ძვალმსხვილი ვარ და ისეთი შეხედულება მაქვს, თითქოს ზედმეტი წონა მქონდეს.

კახა ცხადაძემ თავიდან გაფართოებულ შემადგენლობაში დაგასახელა. მართალია, სანაკრებო შეკრებაზე ვერ მოხვდი, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი რომ გაკვირდება, ფაქტია.  

ეს იმ პერიოდს დაემთხვა, დინამოსთან შეცდომა რომ დავუშვი და რამდენიმე თამაშის გამოტოვება რომ მომიწია. ეტყობა, ამის გამო ამოვვარდი გაფართოებული შემადგენლობიდან, მაგრამ არაუშავს: წინ კიდევ ბევრი მატჩია და კლუბში თუ კარგად ვითამაშებ, ალბათ, კვლავ დავიმსახურებ ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღებას.

და ბოლოს, შენი ფავორიტი მეკარე რომელია?

სამშაბათს იუვენტუსი-რეალის შეხვედრაში თანამედროვეობის ორი საუკეთესო მეკარე იყო მინდორზე: ბუფონი და კასილიასი. ასევე მაგრად უმატებენ ახალგაზრდები: დავიდ დე ხეა და ტიბო კურტუა. როცა დიდებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არც მანუელ ნოიერი უნდა გამოვტოვო.  

პაატა ძნელაძე