სიახლეები

არა - სიყალბეს! ანუ რატომ ვებრძვით საფეხბურთო სიბინძურეს....

გაუზიარე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი საფეხბურთო ყალბისმქმნელთა საქმე ბოლო დღეებში განხილვის მთავარ თემად იქცა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მთელს ჩვენს საფეხბურთო სამყაროსთან ერთად, ბუნებრივია, ცალსახად გმობს ფეირ ფლეის პრინციპების უხეში, სამარცხვინო დარღვევის ფაქტებს და საქმის გამოძიების შედეგებს ელოდება. ,,ჩვენი თამაში” დაარსების დღიდან ამ სიბინძურის წინააღმდეგ იბრძვის და მუდამ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ეგრეთ წოდებული საეჭვო თამაშების შემთხვევებს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ მსგავსი უმსგავსობის სააშკარაოზე გამოტანას. მტკიცედ გვწამს და გვჯერა – ამგვარი ფაქტების გამოვლენა ჩვენი ფეხბურთის სასიცოცხლო ინტერესებშია. სწორედ ამ თემას ეძღვნება ჩვენი კორესპონდენტის ლევან ჯანეზაშვილს დღევანდელი წერილიც.

საინტერესოა, რას უპასუხებდნენ გუშინ ნორჩი დინამოს ვარჯიშზე მისულ ბავშვებს მწვრთნელები – არადა, ეჭვიც არ შეგეპაროთ, პატარები მათ შეკითხვებით "დაბომბავდნენ". 
რა მოხდა? რატომ დაიჭირეს ჩვენი დირექტორი? – ამის სავარაუდო პასუხი, უმეტესად, "არ არის თქვენი საქმე," ,,ყველაფერი მალე გაირკვევა” ან სულაც უხერხული დუმილი იქნება.
ბავშვები კი, რომლებიც აქამდე დინამოში ვარჯიშით ამაყობდნენ (სხვათა შორის, წინსართ "ნორჩის" გამოყენება მათ ძალიან არ უყვართ), უმწვრთნელოდაც მიხვდებიან, რომ მათმა დირექტორმა ცუდი საქციელი ჩაიდინა. მოზრდილები, რომლებსაც ყოველდღიურად ესმით ჩადენილი სიბინძურეების შესახებ, ამ ამბავს შედარებით იოლად `გადახარშავენ~, უფრო პატარებს კი, რომლებიც ჯერაც რეალსა და ბარსელონაზე ოცნებობენ, გულში ძალიან დიდი ხინჯი და ცუდი განწყობა გაუჩნდებათ – თუკი დაასკვნიან, რომ ევროპული გრანდის ნაცვლად, წლების შემდეგ თავი შეიძლება იმ გუნდში ამოჰყონ, სადაც კლუბის პირველკაცი, მწვრთნელი თუ სპორტული დირექტორი, გამარჯვებას კი არა, ავტოგოლსა და პენალტის აკიდებას მოსთხოვენ.
ნორჩ დინამოში, ისევე, როგორც სხვა ქართულ საფეხბურთო სკოლებში, მუშაობენ როგორც წესიერი, ასევე დაჭერილი დირექტორის მსგავსი მენტალიტეტის მქონე მწვრთნელები. შევდივარ წესიერი მწვრთნელების მდგომარეობაში, კარგად მესმის მათი. მათთვის ამიერიდან მორალურად იოლი არ იქნება იქ მუშაობა, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ არის ადვილი მოსაძებნი – სამწუხაროდ, თბილისში ბავშვთა ხარისხიანი საფეხბურთო სკოლები თუ მოედნები იმდენი როდია, რომ ახალი სამუშაო ადგილის პოვნა მოახერხონ. 
სამაგიეროდ, სხვა გამოსავალი აქვთ მშობლებს – ბავშვის სხვაგან გადაყვანა. მე, მაგალითად, ჩემს შვილს ერთ დღესაც აღარ დავტოვებდი იმ სკოლაში, რომლის თავკაციც ვითომ ფეხბურთს ემსახურება, სინამდვილეში კი მას "ორი კაპიკის" საშოვნელად ტალახში აკოტრიალებს. 
სამწუხაროდ, გამორიცხული მგონია, მშობლებმა მსგავსი ნაბიჯი მასშტაბურად გადადგან – არადა, მსგავსი ბოიკოტი ბატონი შენგელიასთვის საპყრობილეზე არანაკლებ ბუნებრივი სასჯელი იქნებოდა. იმედია, მას სამუდამოდ აეკრძალება ფეხბურთში საქმიანობა და თუ კანონი მსგავს სანქციას ითვალისწინებს, საფეხბურთო სკოლაც ჩამოერთმევა. ნორჩმა დინამომ კი, ქართული ფეხბურთის სასახელოდ, ცხადია, არსებობა უნდა გააგრძელოს, ოღონდ სხვა, კეთილსინდისიერი პიროვნებების ხელმძღვანელობით. თუმცა, ვიმეორებ, ეს ჩემი, როგორც ჟურნალისტის პირადი აზრია.
არ მიყვარს მაღალფარდოვანი ფრაზები, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ შენგელიას, გენძეხაძისა და მსგავსი, ჯერაც თავისუფლებაზე მყოფი ხალხის `დამსახურებაა~, რომ ქართული ფეხბურთის სახელი ლაფში ამოისვარა. შედეგად, დიდად მოულოდნელი არ იქნება, თუკი ქართული ფეხბურთი ბევრ პოტენციურ ვარსკვლავს დაკარგავს, თუკი არაერთი მშობელი, რომელიც სექტემბრიდან თავისი 6-7 წლის ბიჭის ფეხბურთზე შეყვანას აპირებდა, არჩევანს  სხვა სახეობის სასარგებლოდ გააკეთებს.
რაც შეეხება გენძეხაძეს – მას საფეხბურთო კულუარებში ყოველთვის ჰქონდა `გაიმასქნების~ ოსტატის სახელი. წლების წინ გენძეხაძე ერთ `ამაგდარ~ და საკმაოდ ცნობილ მწვრთნელთან დუეტში `წარმატებით~ მუშაობდა მსგავსი უღირსი მეთოდებით, მაგრამ ეს მხოლოდ `გონივრული ეჭვი~ იყო, რომელსაც ფაქტებით, სამართალდამცავთა გარდა, ვერავინ, ვერც ჟურნალისტი და ვერც საფეხბურთო მოხელე ვერ დაამტკიცებდა.
ასევე ვერაფრით დავამტკიცებთ, რომ დამთხვევა კი არა, `ჩალიჩია~, ფეხბურთელს ორ წუთში ორი ავტოგოლი რომ გააქვს, მატჩში წყვილად რომ აძევებენ იმ ორ ფეხბურთელს, რომლებიც მაქინაციებისთვის რამდენიმე წლის წინ დასაჯეს და შემდეგ შეიწყალეს; ზედიზედ სამ თუ ოთხ მატჩში რომ ცვლიან ერთსა და იმავე მეკარეს...
ისიც სათქმელია, რომ შენგელია, გენძეხაძე და მსგავსი `უფროსები~ თავად ვერაფერს იზამდნენ, მოედანზე რომ არ ჰყავდეთ დავალების უსიტყვოდ შემსრულებლები. გვესმის, რომ უხელფასო ფეხბურთელი ადვილი საცდუნებელია, მაგრამ ასეთი დავალების შესრულებას გამართლება რომ არ აქვს, ესეც უდავოა. ეს ბიჭები ციხისთვის `უფროსებზე~ მეტად გვენანება, მაგრამ, საუბედუროდ, როგორც ჩანს,  ამნისტიებმა ნაყოფი ვერ გამოიღო. მსგავსი `უფროსები~ და ფეხბურთელები ქართული ფეხბურთის პატიოსან და კომპეტენტურ ხალხს ჩირქს სცხებენ და სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, გულანთებულ და მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და წესიერების იმედად მყოფ მენეჯერებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს საქმეზე გული არ უნდა ავუცრუოთ.
კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ გამოვლინდნენ ისინი, რომლებიც ტოტალიზატორში უკანონოდ `ყომარობენ~ და იმედია, მსგავსი ფაქტები გამოირკვევა და გამოაშკარავდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკვე ყველა უკეთური ჩამოაშორეს ქართულ ფეხბურთს, უთუოდ მწარედ ცდება – უკვე დასახელებულებზე მეტი კვლავაც ბინძურად აფათურებს ხელს ამ საქმეში და გვინდა, გვჯეროდეს, რომ მალე თითოეული მათგანის სასამართლო პროცესის გაშუქება მოგვიწევს.
იმის იმედიც გვაქვს, რომ, 2011 წლისგან განსხვავებით, როცა ფარული ჩანაწერების საფუძველზე პირველად გამოვლინდნენ მაქინაციებში მონაწილენი, შესაბამისი უწყებები უფრო გულდასმით მოუსმენენ ამ ჩანაწერებს. მაშინაც და ახლაც ეჭვმიტანილები მრავლად ასახელებდენ "ტრენერებსა" და კიდევ სხვა ფეხბურთელებს. მაშინ ეს ხალხი საქმიდან როგორღაც "მშრალად" გამოძვრა, იმედია, ახლანდელ "მოჩალიჩეებს" მაინც მიხედავენ.
იმ კლუბებმა კი, რომელთა ფეხბურთელებიც ამ საქმეში გაეხვივნენ, წესით, ოფიციალური განცხადებები უნდა გააკეთონ და ეჭვმიტანილებს გაემიჯნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში "გონივრული ეჭვი" გაგვიჩნდება, რომ არც თავად არიან უბრალონი. ცხადია, შენგელიას კლუბის ღირსების აღდგენა რთულად გვესახება, მაგრამ ეს როდია მთავარი. მთავარი ყველა უმსგავსობის აღკვეთა და ყველა უმსგავსოს ჩვენი ფეხბურთიდან მოკვეთაა.
ძალიან მოკლედ, ერთი სიტყვით, კომპრომისებისა და ამნისტიების დრო აღარაა, ქართული ფეხბურთის ორგანიზმიდან მეტასტაზები სასწრაფოდ, ცივსისხლიანად უნდა ამოიკვეთოს, არც სხვა გამოსავალი და არც სხვა გზა აღარ არ ჩანს.

ლევან ჯანეზაშვილი