სიახლეები

13 ივნისისთვის: პოლონელებს ოთხი მცველი გამოაკლდათ

გაუზიარე

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ივნისს ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში უკრაინას ეთამაშება, 13 ივნისს კი ვარშავაში პოლონეთს ესტუმრება. პოლონეთი ევროშესარჩევ ჯგუფში ლიდერია და ბუნებრივია, კახა ცხადაძის გუნდთან ფავორიტი იქნება, თუმცა იმდენი პრობლემა მოუგროვდათ, რომ სერიოზულად შიშობენ. 

ეს საკადრო პრობლემებია: ადამ ნავალკას გაწვრთნილ პოლონეთს წამყვანი მცველები გამოაკლდნენ. 

ცენტრალური მცველი კამილ გლიკი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ქართველებთან შეხვედრას. გლიკი დაცვის ერთ-ერთი ლიდერია, იტალიურ ტორინოში თამაშობს. მან თბილისში გოლიც გაუტანა საქართველოს, როცა 0:4 წავაგეთ. 

კიოლნის მარჯვენა მცველი პაველ ოლკოვსკი დაშავებულია და ისიც ვერ ითამაშებს საქართველოსთან. ისე, ოლკოვსკი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არაა, მაგრამ ვინც ძირითადი მარჯვენა მცველია, მასაც ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებს - მიხვდებოდით, საუბარია დორტმუნდელ ლუკაშ პიშჩეკზე. შესაძლოა, პიშჩეკმა ერთ კვირაში თამაში დაიწყოს, მაგრამ დაზუსტებით ამასაც ვერ ამბობენ.   

ტრავმა აქვს ცენტრალურ მცველ არტურ ერნჟეიჩიკს, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებდა კრასნოდარში. მას სანაკრებო 15 მატჩში 2 გოლი გაუტანია. 

და მარცხენა მცველი მარჩინ კომოროვსკიც დაშავდა. 31 წლის კომოროვსკი გროზნოს ტერეკშია. დიდი ალბათობით, ისიც არ იქნება მინდორზე 13 ივნისს.  ოლკოვსკი, ერნშეიჩიკი და გლიკი კი ნამდვილად გამოტოვებენ. 

"ნავალკას საფიქრალი ემატება. მთავარია, პიშჩეკი დროულად ჩადგეს  ფორმაში. ამისთვის კი საჭიროა, ჯერ თამაში დაიწყოს" - წერს პოლონური პრესა. 

და მხოლოდ დაცვაც არა. დაშავებულია დორტმუნდის მეორე პოლონელი ლეგიონერი, ფლანგელი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკიც. ის სულ მცირე სამ კვირას გამოტოვებს და რამდენად აღიდგენს ფორმას 13 ივნისამდე, ძნელი სათქმელია. ბლაშჩიკოვსკის არც თბილისში უთამაშია, ისე კი, ნაკრების კაპიტანი სწორედ ის გახლავთ. 

რა თქმა უნდა, პოლონელთა დაცვის პრობლემები იმას არ ნიშნავს, რომ არიქა, ქართველებს საქმე გაუადვილდებათ, მაგრამ მაინც საგულისხმოა - მეტოქის უკანა ხაზის შესუსტებით სარგებლობა შეიძლება. 

ილია ნანობაშვილი