სიახლეები

დილა აღარ ხუმრობს: ახლა ძარიაც

გაუზიარე

გორის დილას მორიგი კარგი შენაძენი: გუნდმა ირაკლი ძარია შეიმატა. 26 წლის ნახევარმცველი საქართველოს სამგზის ჩემპიონია, ერთხელ - ზესტაფონში, ორჯერ - თბილისის დინამოში, ასევე, ორჯერ მოუგია საქართველოს თასი და ერთხელაც - სუპერთასი. ძარია დინამოს კაპიტანი გახლდათ და ამ ზამთარს კონტრაქტი დაუსრულდა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდა.

სამიოდე კვირის წინ ძარია რუსეთის პრემიერლიგის კლუბში, პერმის ამკარში იყო გასინჯვაზე. გამორიცხული არ იყო, გუნდში დაეტოვებინათ, მაგრამ ირაკლი დაშავდა და რუსული ვარიანტიც არ გამოვიდა.

ძარიას გადაყვანაზე ინფორმაცია დილას მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მოგვაწოდა:

"დიახ, ძარია ჩვენი ბოლო შენაძენია. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ფორვარდი მიხეილ გორელიშვილი და ნახევარმცველი ლაშა გვალია დავიმატეთ. კონკრეტულად ძარიას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს, ის საქართველოს ჩემპიონატში გამოცდილი ფეხბურთელია და ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ".

ძარიამ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ირაკლის შვიდჯერ უთამაშია და ერთი გოლიც გაუტანია: 2013 წელს, დანიასთან სტუმრად 1:2 წაგებულ შეხვედრაში.

დილამ ამ ზამთარს საკმაოდ გააძლიერა შემადგენლობა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე ადგილზეა და თბილისის დინამოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, დიდი შანსია, უჩა სოსიაშვილის გუნდმა ჩემპიონობისთვის რეალურად იბრძოლოს.

დილა გამთენიისას გაემგზავრა თურქეთში, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს: სომხეთის შირაქთან, შვეიცარიის იანგ ბოიზთან, უკრაინულ ჰოვერლასთან და პოლონურ იაგლონიასთან, სადაც ნიკა ძალამიძე თამაშობს.

ილია ნანობაშვილი