საინტერესო ცნობა მივიღეთ თურქეთიდან. რედინგის 19 წლის ქართველი მცველი ლაშა დვალი, იჯარის წესით, თურქულ ქასიმფაშაში ჩაირიცხა. ეს არაა რიგითი ტრანსფერი, რადგან დვალი, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელია, თურქული ლიგა კი – ტოპ ხუთეულის შემდეგ, ევროპაში საუკეთესოთა შორისაა. ამასთან, ქასიმფაშელთა მთავარი მწვრთნელი, მოგეხსენებათ, შოთა არველაძეა. ეს ფაქტი კი, ამ ტრანსფერის დატვირთვას ერთიორად ზრდის, რადგან გასაგები მიზეზების გამო, შოთაზე უკეთეს დამრიგებელს, ქართველი ფეხბურთელი, ალბათ, ვერც ინატრებს.
ლაშა დვალი: ლატვიაში, რიგის სკონტოს რიგებში ყველა თამაში შეცვლის გარეშე, სრულად ვითამაშე, შემდეგ დავბრუნდი თბილისში და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. 3 იანვარს რედინგში წავედი, სადაც მთელი თვე გუნდთან ერთად ვემზადებოდი. საუბრების დონეზე იყო პოლონური პოგონის ვარიანტი, თუმცა საქმე კონკრეტულ შემოთავაზებამდე არ მისულა. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ქასიმფაშას ვარიანტი გამოჩნდა.
როგორი კონტრაქტი გაფორმდა ქასიმფაშასთან?
ესაა ოთხთვიანი იჯარა, რომლის დასრულებისთანავე, ქასიმფაშას, სურვილი თუ ექნება, შეეძლება ჩემი გამოსყიდვა რედინგისგან. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და თურქეთში თავი დავიმკვიდრე, მაშინ საუბარი იქნება მინიმუმ ორ, შესაძლოა სამწლიან კონტრაქტზე. ანუ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თურქეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა, ლატვიურს ვერც შევადრი. მიუხედავად იმისა რომ სულ ორი დღის ჩამოსული ვარ, იგრძნობა, ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ამიტომ ვთვლი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი, რისი პირობებიც ამ კლუბში ნამდვილად არის.
ბუნებრივია, შოთა არველაძის ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღებისას.
რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, თავს თუ გამოვიჩენ, შოთა გარჯას არ დამიკარგავს. გარდა იმისა, რომ შოთა დიდი ფეხბურთელი და დიდი მწვრთნელია, გამორჩეული, სამართლიანი ადამიანია, ამიტომ მასთან ურთიერთობა, როგორც ფეხბურთელს, ბევრს შემძენს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებ.
როგორია შენი პირველი შთაბეჭდილება ახალ კლუბზე?
რა გითხრათ, ქასიმფაშას თურქეთში ერთ-ერთი საუკეთესო, ევროპული სტანდარტების ბაზა აქვს, უკეთესი, ვიდრე იმავე რედინგს. სულ ორიოდე დღის ჩამოსული ვარ, მაგრამ უკვე ვიგრძენი საკმაოდ ჯანსარი, მეგობრული ატმოსფერო, რაც კლუბში სუფევს. ისეთი გარემოა, ფეხბურთელს მართლაც ყველა პირობა აქვს პროგრესისათვის. იგრძნობა, რომ ირგვლივ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. დანარჩენი, ნამდვილად ჩემზეა დამოკიდებული და, როგორც უკვე აღვნიშნე, არაფერს დავიშურებ წინსვლისა და პროგრესისთვის.
ალბათ, ნაკრებზეც ფიქრობ, რას ელი, როდის მოგეცემა ეროვნული გუნდის მაისურის მორგების შანსი?
მთავარია, მზად ვიყო, დანარჩენი უკვე დროის ამბავი და მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს თამაშში პროგრესი იყოს, დანარჩენს კი მწვრთნელი გადაწყვეტს.
ფეხბურთელის შემდეგ, ქასიმფაშას თავკაცსაც შევეხმიანეთ. ყურმოკვრით ვიცოდით, რომ შოთას ლაშა დვალის თაობაზე რიგის სკონტოს მწვრთნელ თამაზ პერტიასტანაც უსაუბრია და კოლეგას სტამბოლელთა ახალწვეული კარგად დაუხასიათებია.
მომავალი სეზონიდან თურქულ ლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტი უქმდება და ეს ადგილობრივ კლუბებს საშუალებას მოგვცემს უფრო თავისუფლად ვიმოქმედოთ საფეხბურთო ბაზარზე, - ამბობს შოთა არველაძე. ლაშას ტრანსფერიც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მიმაჩნია, რომ ეს არის სასრგებლო შენაძენი კლუბისთვის, ისევე როგორც კარგი ნაბიჯი ლაშასათვის. მას აქ წინსვლისა და პროგრესის ყველა პირობა ექნება.
როგორ დაახასიათებდით მოკლედ გუნდის დებიუტანტს?
კარგად აზროვნებს მოედანზე, კითხულობს თამაშს და თავითაც კარგად თამაშობს. საერთოდ მომწონს ასეთი სტილის ფეხბურთელები. რაკი მოვიწვიე გუნდში, ესე იგი, ვხედავ მასში პოტენციალს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
ლაშა დვალმა თამაში გუბაზ დოლიძესთან დაიწყო, იყო 17 და 19 წლამდელებთა ნაკრებებს წევრი და ნათამაშევი აქვს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპები ორივე ასაკობრივ გუნდში, სლოვენიაში ვასილ მაისურაძის და ლიტვაში გია ცეცაძის ფორმაციის ნაკრებებში. ასეთი ტრანსფერები ჩვენს ფეხბურთში არცთუ ისე ხშირია, ამიტომ, ქასიმფაშას ქართველი ახალწვეულის თამაშს, ფეხბურთის მოყვარულები და მათ შორის ჩვენც, ბუნებრივია, ყურადღებით დავაკვირდებით.
პაატა ძნელაძე