სიახლეები

ცხადაძის პრესკონფერენცია

გაუზიარე

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ცხადაძე პირველად შეხვდა სპორტული მედიის წარმომადგენლებს.

პირველ რიგში ვისურვებ, რომ ურთიერთობა ნაკრებსა და მედიას შორის იყოს ნაყოფიერი და კორექტული. ამ ეტაპზე ცაში გამოკიდებულივით ვარ, ახლაც, ამ შეხვედრის შემდეგ ქუთაისში მივემგზავრები ტორპედო-სამტრედიას სათასო მატჩის სანახავად. ვცდილობ, საქართველოს ჩემპიონატის რაც შეიძლება მეტ მატჩს დავესწრო, მაგრამ გეტყვით, რომ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა უმეტესობა ლეგიონერია. ფაქტი ერთია, საქართველოს ჩემპიონატი თუ არ გაძლიერდა, წინსვლა გაჭირდება. სახელმწიფოს, მთავრობის მოვალეობაა, კლუბები ფინანსურად მოძლიერდნენ. სასურველია, კლუბებმა ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად ძლიერი ლეგიონერებიც აიყვანონ. ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებსაცთავის წარმოჩენის საშუალება უნდა მიეცეთ. აუცილებელია, მათ ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა, რათა გაიზარდონ, როგორც ფეხბურთელები. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს არის მთავარი ამოცანა.

როდის შეიკრიბება ნაკრები მომავალი თამაშებისთვის და საბოლოოდროდის გვეცოდინება შემადგენლობა?

ჯერ კიდევ არის გასამართი ტურის მატჩები იმ ჩემპიონატებში, სადაც ჩვენი ფეხბურთელები გამოდიან. დაველოდებით ამ შეხვედრებს და საბოლოო შემადგენლობასაც ამ თამაშების შემდეგ დავასახელებთ. შეკრებას 21-ში დავიწყებთ, მაგრამ რევიშვილს, ნავალოვსკის და მარცვალაძეს 22-ში თამაში აქვთ, ამიტომ ისინი 23-ში შემოგვიერთდებიან. აქვე ვიტყვი, რომ 23 მარტს ორჯერადი ვარჯიში გვექნება, მეორე დღეს ერთხელ ვივარჯიშებთ. მალტასთან თამაშის დღესაც ვივარჯიშებთ და ყურადღებას სტანდარტულ მდგომარეობებს დავუთმობთ. მთავარია, რაც შეიძლება მალე დავაყენოთ თამაში. მალტასთან, რა თქმა უნდა,პირველ ნომრად ვითამაშებთ, ამ გუნდის თამაში მინახავს და მათი ტაქტიკაც სწორედ იმაზეა აწყობილი, რომ მეორე ნომრად ითამაშონ, ანუ პირველ ნომრად თამაშის საშუალებას თავად მეტოქე მოგვცემს. გერმანია კი რის საშუალებას მოგვცემს, ეს თამაშის დროს გამოჩნდება.

კონტრაქტის თანახმად, 1 ივნისამდე ნაკრების პარალელურად ბაქოს ინტერში გააგრძელებთ მუშაობას. ამ მხრივ რაიმე ცვლილება ხომ არ არის?

არაფერი შეცვლილა. სეზონის ბოლომდე ინტერში ვიქნები, შემდეგ კი მხოლოდ ნაკრებზე გადმოვერთვები. როგორც იცით, 3 ივნისს ავსტრიაში მივემგზავრებით შეკრებაზე, 9-ში მაკედონიას ვეთამაშებით, იქედან კი პოლონეთში გავემგზავრებით.

ცნობილია, რომ თქვენი ერთ-ერთი ასისტენტი გია ცეცაძე იქნება. სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები ვინ იქნებიან?

გია ცეცაძის შესახებ უკვე იცით, მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე იქნება, ხოლო ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი, ვისაც უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და თავისი საქმის პროფესიონალია. ფიზმომზადებაში დახმარებას სერბი სპეციალისტი მილოშ იევტიჩი გაგვიწევს.


1995 წლის 29 მარტს გერმანიის ნაკრებთან თბილისში 0:2 რომ წავაგეთ, მაშინ ნაკრების კაპიტანი იყავით და გავრცელდა ხმები, თითქოს მწვრთნელების მითითება იყო, მთავარია, დიდი ანგარიშით არ წაგვეგო. საინტერესოა ასევე პრემიების საკითხი. როგორ ფიქრობთ, ეროვნულ გუნდში პრემიები ციკლის წარმატებით ჩატარებისთვის უნდა იყოს თუ კონკრეტული თამაშის მოგებისთვის და გერმანიასთან თამაშზე იქნება თუ არა პრემიები?

პრემიებთან დაკავშირებით ფეხბურთელებთან არ მისაუბრია და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავ. მიმაჩნია, რომ უმჯობესია, გუნდმა იფიქროს და იზრუნოს მთლიანად ციკლის შედეგზე და არა კონკრეტული თამაშის წარმატებით ჩატარებაზე. როდესაც ბაქოს ინტერში მივედი, თავიდან პრემიები კონკრეტული მატჩის მოგებაზე იყო და ეს შევცვალე, მაგრამ ამის შესახებ ჯერ ფეხბურთელებს დაველაპარაკები. რაც შეეხება გერმანიასთან თქვენ მიერ ნახსენებ შეხვედრას, არანაირი საუბარი არ ყოფილა დიდი ანგარიშით მარცხზე. თუ გახსოვთ, როდესაც 0:1 ვაგებდით, შოთა არველაძეს ჰქონდა მშვენიერი შანსი და მთლიანობაში ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. ჩემი აზრით, მაშინდელი გერმანიის ნაკრები დღევანდელზე სუსტი არ იყო.

ქეცბაიას მწვრთნელობისას ნაკრებმა ორჯერ დაიკავა ბოლოსწინა ადგილი. მიმდინარე შესარჩევში რა შედეგი იქნება წარმატებული?

მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მათ საკუთარი თავის რწმენა უნდა გავუღვივოთ. ველაპარაკე მათ და ზოგს ცოტა უხეშადაც მივმართე იმის გამო, რომ პესიმისტურად არიან განწყობილები. რაც შეეხება მიმდინარე შესარჩევში ნაჩვენებ შედეგს, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სწრაფად დავაყენებთ თამაშს. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ვარ და შედეგზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება, მაგრამ ფეხბურთელები ჩემ მიმართ, როგორც მწვრთნელის მიმართ არიან პასუხისმგებლები. რაც უფრო სწრაფად დავაყენებთ თამაშს, შედეგსაც უფრო მალე მივიღებთ.

იყო შემთხვევები, როცა ფეხბურთელები ტრავმების გამო ვერ ჩამოდიოდნენ. ხომ არ ჯობია, ტრავმირებული მოთამაშეები თბილისში ჩამოვიდნენ და აქ ნახოს ექიმმა მათი მდგომარეობა?

ჩვენს ექიმს მერაბ ვარძუკაშვილს მუდმივი კონტაქტი აქვს ფეხბურთელებთან და ასე გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება იმას, რომ ვინმემ ტრავმის მომიზეზებით აიცილოს ნაკრებში თამაში, ამაზე საერთოდ არ მინდა ფიქრი და თუ ასეთ რამ მაინც მოხდება, იმ მოთამაშისთვის ნაკრების კარი სამუდამოდ დაიკეტება.

თუ აპირებთ აქცენტის ახალგაზრდებზე გაკეთებას?

ძალიან მახარებს ჩვენი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წარმატებები.  აქცენტს ახალგაზრდებზე კი გავაკეთებთ, მაგრამ ამ საკითხში სიჩქარე არ ივარგებს. შეიძლება, ამ ასაკის მოთამაშე მენტალურად და ტექნიკურად უკვე მზად იყოს ნაკრებისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, არ იყოს მზად ფიზიოლოგიურად, არ იყოს სრულად მომწიფებული ფიზიკურად. ამიტომ საჭიროა მათი სწორი განვითარება, ასეთ შემთხვევაში ნაკრებს მომავალში დიდ სამსახურს გაუწევენ. თუმცა გუნდში ბუნებრივად უნდა იყოს შერწყმული ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ჯგუფები. ვიმეორებ, ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და როდესაც გამოცდილ ფეხბურთელებზეა საუბარი, აქ მხოლოდ სახელები და გვარები კი არ იგულისხმება, აუცილებელია, რომ ისინი ნაკრებისთვის საჭირო ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ.

ნაკრების კაპიტანი კვლავ ჯაბა კანკავა იქნება?

ამის შესახებ ადრეც არაერთხელ ვთქვი დაგავიმეორებ, ნაკრების კაპიტანი კვლავ ჯაბა კანკავა იქნება. მას აქვს ის თვისებები, რაც ამისთვის აუცილებელია. 

კახა მახარაძის გამოძახებაზე რას იტყვით, კარგა ხანია, ეს ფეხბურთელი ქართველ მაყურებელს არ უნახავს.

მახარაძის თამაში ჯერ კიდევ დინამოდან მახსოვს. იგი ფახთაქორის ლიდერია და ნაკრებში რაც მეტი იქნება ისეთი ფეხბურთელი, ვინც თავისი გუნდის ლიდერია, მით უკეთესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასეთ მოთამაშეებს არ ექნებათ მეტოქის რიდი თუ  შიში. მნიშვნელოვანია გამოცდილებაც და ლიდერის თვისებებიც.

ხომ არ აპირებთ ნაკრებში ფსიქოლოგის მიყვანას?

არ ვაპირებ. ნაკრებში ჩამოსულ ფეხბურთელებს ფიზიკურად ნამდვილად ვერ მოვამზადებ, მათი ფსიქოლოგიურად მომზადება და კონკრეტული შეხვედრის წინ სათანადო განწყობის შექმნა სწორედ ჩემი მოვალეობაა. რამდენიმე დღეში მე გუნდს ფიზიკურად ვერ მოვამზადებ, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის ამაღლება კი შესაძლებელია.

წარმატება ვუსურვოთ ცხადაძესა და ჩვენს ნაკრებს და გაგაცნობთ მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ ნაკრების გაფართოებულ, 29-კაციან შემადგენლობას:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (დილა), რევაზ თევდორაძე (სამტრედია).

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლაშა თოთაძე (დინამო თბილისი), ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (იაგელონია, პოლონეთი), ლაშა სალუქვაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ინტერი, აზრბაიჯანი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა(დნიპრო, უკრაინა),გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ნიკა ძალამიძე (ვიძევი, პოლონეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ბუბა დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია).

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე (ტოსნო, რუსეთი). 

პრესკონფერენციის დასრულებისთანავე კახა ცხადაძე ქუთაისში გაემგზავრა, ტორპედო-სამტრედიას სათასო მატჩს დაესწრო და ამ შეხვედრის შემდეგ ნაკრების გაფართოებულ სიას ტორპედოელთა ფორვარდი ნიკა საბანაძე დაამატა. ამავდროულად, არ გამორიცხა, რომ უკვე არსებული სია, საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით შეავსოს. 
ამრიგად, 22-23 მარტს დაზუსტდება იმ 23 ფეხბურთელის სია, რომლებიც მალტისა და გერმანიის ნაკრებებთან მატჩებისთვის მოემზადებიან. საბოლოოდ შერჩეული ეს 23 ფეხბურთელი23 მარტიდან შეკრებას დაიწყებს. 25 მარტს 21 საათზე ,,მიხელ მესხზე” საქართველოს ნაკრები მალტელებს გაეჯიბრება ამხანაგურ მატჩში, 29 მარტს, 20 საათზე`დინამო არენაზე~ კი,ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, გერმანიას დავუპირისპირდებით. 

პაატა ძნელაძე