10 თებერვალს, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და SBM-ის დირექტორი, ზაალ ჩიტალაძე აწერენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, 2015/16 და 2016/17 წ.წ ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებას სფფ და სპორტული სააგენტო SBM ერთობლივად განახორციელებენ. წლევანდელი ჩემპიონატი - საქართველოს ფუტსალის ლიგა/Georgian Futsal League - სტარტს 14 მარტს აიღებს და 8 გუნდიანი ფორმატით, ერთ წრედ გაიმართება. ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული ორ რაუნდიან პლეიოფში განაგრძობს.
სიახლე იქნება საპრიზო ფონდთან დაკავშირებით - თითო მოპოვებულ ქულაზე გუნდს ფულადი პრემია დაერიცხება. დამატებით ბონუსებს მიიღებენ ფინალში გასული და ჩემპიონი გუნდები. საქართველოს ფუტსალის ლიგის თამაშებს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ჩემპიონატის დაწყებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართება.
სფფ-ს პრესსამსახური